in

„სიმარტივის მნიშვნელობა“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ბექა ადამაშვილი, სცენარისტი, ქოფირაითერი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

ჩემ შესახებ იცით ის, რომ Spotlight-ის მეათე ღონისძიებაში მონაწილეობას ვიღებ და არ იცით ის, რომ ამის გამო მომდევნო ერთ კვირას სტრესში გავატარებ.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს ის თვისება, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. 

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

დიდად ვერ ვიხსენებ ისეთ გამარჯვებებსა და მარცხებს, მოყოლად რომ ღირდეს. 

თუმცა იმისათვის, რომ ეს პასუხი ძალიან უსარგებლო არ გამოდგეს, რომელიმე „დაგუგლული“ შთამაგონებელი ფრაზით დავიძვრენ თავს. თუნდაც, იმით, რომ „მარცხი გამარჯვების საპირისპირო არ არის. მარცხი გამარჯვების ნაწილია“.

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

სამსახურიდან წამოსვლა და ერთი წელი დასვენება იმ ეჭვთან ერთად, რომ ერთი წლის შემდეგ შეიძლება, არც აღარავის დასჭირდე, ალბათ, გაბედვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. 

ვერგაბედვის სია გაცილებით გრძელია – სპორტის ექსტრემალური სახეობებით დაწყებული ტაქსის ზოგიერთი მძღოლისთვის იმის თქმით დასრულებული, რომ „ბოდიში, იქნებ, ცოტა ნელა იაროთ“.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ვისწავლე უარის თქმა, ამიტომ ჩემი „კიდევ კარგი, ვცადე“ ამბების დიდი ნაწილი გამბედავ მცდელობაზე მეტად უარის თქმის გაუბედაობით არის გამოწვეული. მათ შორის, ჩემი პირველი სფოთლაითიც.

მინდა, ვცადო, მაგალითად, სტენდაფის ან მოკუმენტარი სერიალის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით, არც დრო მაქვს საკმარისი ამისთვის და არც – გამბედაობა.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობას, ძირითადად, აქციებსა და სტადიონზე ვგრძნობ ხოლმე. 

დაყოფა, სამწუხაროდ, ბევრად უფრო ხშირია და ამის მაგალითები „ფეისბუკის“ ყოველ „დარეფრეშებაზე“ უხვად შეგვიძლია, ვნახოთ.

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

როცა რაღაც ძალიან მიხარია, გაზიარების სურვილი შეიძლება, პირველივე შემხვედრთანაც მქონდეს, მაგრამ მეეჭვება, ადეკვატურად მიმიჩნიოს.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

ეცადეთ, რთულ და სტრესულ პერიოდებში ნაკლებად იყოთ ჩემი სიბრძნეებისა და ფორმულების იმედად.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

სფოთლაითზე შევეცდები, სიმარტივის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. ასევე, ხიდჩატეხილობის პრობლემაზე რეკლამის ავტორებსა და მათს მაყურებლებს შორის. 

M: ერთ მშვენიერ დღეს…

ამ ინტერვიუს წავიკითხავ და დანანებით ვიტყვი, რამდენი სისულელე მითქვამს-მეთქი..


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

„საქართველო – წელს უკეთესი ამბების დროა“ – PSP-ს საახალწლო კამპანია

როგორ აფასებს Flowmaster სფოთლაითის მხარდაჭერას