in

„ჩვენი შემოქმედება ინდუსტრიის მემკვიდრეობას ქმნის“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა — ეკა ყიფიანი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ანუ კრეატიული დირექტორი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

ალბათ, ის იცით, რომ დიდი ხანია, მეტროში (JWT Metro) ვმუშაობ და რეკლამებს ვაკეთებ. 

რა არ იცით? 16 წლის ასაკში 6 წლის ბავშვების საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი. 

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

რაც უფრო ვუახლოვდები 40-ს, მით უფრო მადლიერი ვარ ყველაფრისა, რაც მაქვს და არ მაწუხებს ის, რაც არ მაქვს. თუკი, აუცილებლად რაიმე უნდა ვახსენო – მაშინ არჩევანი რომ მქონდეს, ინტროვერტობას დავემშვიდობებოდი. მაინც, ხშირად სოციალურ უხერხულობას იწვევს… შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ გულგრილი ან უხეში ვარ – როცა სინამდვილეში, უბრალოდ, მიჭირს შედარებით უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. 

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

სადღაც მჯერა, რომ ცხოვრების გამორჩეული მარცხი ან გამარჯვება ჯერ კიდევ წინ უნდა იყოს.

ალბათ, იმიტომ, რომ ასე გამოკვეთილად გახსენება მიჭირს – მწარე მარცხისაც და გასაგიჟებელი გამარჯვებისაც. 

ისე, მოზარდობაში, სკოლაში რომ ვიყავი, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მინდოდა – ამერიკის სკოლაში სასწავლებლად. ხოდა, კონკურსში მონაწილეობა მივიღე – ვერ გავედი – წავაგე. 

მეორე წელს ისევ მივედი – გავედი და წავედი – ანუ მოვიგე. 

ბავშვობაში თითქოს უფრო მძაფრად აღიქმებოდა მოგებაც და წაგებაც. ახლა, რეალურად, მგონია, რომ „მარცხისა“ და „გამარჯვების“ შეფასებების მიცემა – მაინც უფრო წერტილების დასმაა ცხოვრებაში – მაშინ, როდესაც ყველაფერი განგრძობითია. 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

გავბედე და სრულიად მოუმზადებლად და უცოდინრად დავთანხმდი, ცოტა ხნით, კრეატიული დირექტორის როლი შემეთავსებინა. წესით, ასე არ უნდა ქნა, მაგრამ რაღაცნაირად, იმუშავა. 

ვერ გავბედე – ბევრი იდეის დაცვა, ბევრი წლის განმავლობაში. 

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

მესამე კურსზე, სტაჟირების დაწყება რომ მინდოდა, შემთხვევით, ჩემი გამოუცდელი CV სარეკლამო სააგენტოში მოხვდა. მანამდე, ამ სფეროში რამის ცდა არასდროს მიფიქრია. კიდევ კარგი, ვცადე.

ჯერჯერობით, ტრანსპორტის მართვას ვერ ვბედავ. 

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ვიგრძენი. დაყოფაზე სულ „ფეისბუკი“ და ზოგადად, კომენტარების ველი მახსენდება. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

ჩემი ქმარი, შვილი, დედა, მამა, და, დეიდაშვილი, ბებიაჩემი, ბიძაჩემი.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

ერთი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, არაფერი ეგეთი მნიშვნელოვანი არ არის. Მეორე – რომ რაღაცა იქნება. მესამე – რომ რაც არის, არის. 

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

მხოლოდ მე შემიძლია-მეთქი, მოვიტყუები. უფრო იმიტომ ვისაუბრებ, რომ მაწუხებს. რის შესახებაა და სიმართლისა და რეკლამის ურთიერთობაზე. იმიტომ მაწუხებს, რომ ყოველი ყალბი რეკლამა, ზოგადად, რეკლამის ინდუსტრიას აზიანებს. ყოველი მართალი კომუნიკაცია კი, ამ სფეროს აძლიერებს. მემკვიდრეობასთან ის კავშირი აქვს, რომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენი შემოქმედება ინდუსტრიის მემკვიდრეობას ქმნის, შემდეგი თაობის ტალანტების მოზიდვა/არმოზიდვასა და არსებული ტალანტების დარჩენა/არდარჩენას განსაზღვრავს.  

M: ერთ მშვენიერ დღეს…

ჩვენ შევალთ ევროკავშირში და ჩავალთ აფხაზეთში!


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ნაკანი მამასახლისი

როგორ წარვმართოთ საქმე 4-დღიანი სამუშაო გრაფიკით

„შენი იდენტობა განაპირობებს შენს მემკვიდრეობას“