in

„ვფიქრობ, გამარჯვების საწყისი დამარცხებაა და ეს პროცესი ერთი მთლიანობაა“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ერეკლე მხეიძე, კრეატიული დირექტორი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

მე თვითონაც არ ვიცი, რა იცით ჩემ შესახებ, მაგრამ ვიცი, რაც არ იცით, მაგალითად: მე ცაცია ვარ.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

სიყვარულის რა მოგახსენოთ, ალბათ, უფრო მომწონს, რომ თვითკრიტიკული ვარ. არ მომწონს, რომ ფეთქებადი ვარ.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

ვფიქრობ, გამარჯვების საწყისი დამარცხებაა და ეს პროცესი ერთი მთლიანობაა. ამიტომ, ვერ დავაშორებ ერთმანეთს, იყვნენ ერთად.

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

გავბედე: შევეშვი არქიტექტურას, ჩემს რეალურ პროფესიას, არადა ორი დიპლომი მაქვს.

ვერ გავბედე:

რაც ვერ გავბედე, ახლაც ვერ ვბედავ, რომ გაგიზიაროთ.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, ვცადე და ბევრი წლის წინ, ზაფხული აბასთუმნის ობსერვატორიაში გავატარე. მანდედან დაიწყო ყველაფერი. მინდა, ვცადო 1 წლით სამოგზაუროდ წასვლა, 6 თვით მაინც.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

პასუხი თითიდან გამოწოვას მთხოვს, ამიტომ თავს შევიკავებ. არ წაიღო…

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

ჩემი ყოფილი მეუღლე.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

უნდა ცადო, რომ იყო დამკვირვებელი და არა – მონაწილე, თუმცა პრაქტიკაში მიჭირს ამ „სიბრძნის“ ინტეგრაცია, ამიტომ თეორიით შემოვიფარგლები.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

მინდა, ვისაუბრო „მარკეტინგულ მატრიცაზე“, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით და ამ სიმულაციურ სამყაროს წლებია, შვილივით ვკვებავთ. თუმცა, რეალურად, მსხვერპლები ვართ და უნდა „გავჩერდეთ“, რომ მატრიცას თავი დავაღწიოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ღირებული და უფრო ნამადვილი „მემკვიდრეობის“ დატოვებას.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც მშვენიერი დღე დადგება!


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

„9 მთამ“ ვაკეში ახალი ფილიალი გახსნა

როგორ აფასებს „მაკდონალდს საქართველო“ Spotlight-თან მეგობრობას