in

„ერთი მშვენიერი დღე“ საკმარისად თვითმყოფადი რამ მგონია. არაფერს დავამატებდი“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – გიორგი პოპიაშვილი – არტ დირექტორი, დიზაინერი, რეჟისორი, მხატვარი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

იცით (ალბათ), რომ ვარ: არტ დირექტორი, დიზაინერი, რეჟისორი, მხატვარი, მაგრამ არ იცით, რომ ახალგაზრდობაში ქართული ჟურნალ-გაზეთებისთვის მეტალ-ბენდებზე სტატიებს ვთარგმნიდი. 

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

ჩემი თვისებებიდან მიყვარს მიზიდულობა სიკეთისა და სილამაზის მიმართ. არ მიყვარს ჩემი აბსოლუტური სიბეცე კონფლიქტურ სიტუაციებში. და კიდევ თვალების ქვეშ ტომრები.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე, როცა უცხო ადამიანებისგან მოვისმინე, რომ მათს ცხოვრებაზე, ამა თუ იმ ფორმით, პოზიტიური გავლენა ვიქონიე. Საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არაერთი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ ამგვარი უკუკავშირის სუბიექტურობას, ის მაინც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და ვფიქრობ, ჩემში „გამარჯვების“ შეგრძნებას სამართლიანად აჩენს. შესაბამისად, მარცხის შეგრძნებაც მაშინ მეუფლება, როდესაც ვხვდები, რომ ვინმეს ტკივილი მივაყენე, ან რაიმე სირთულე შევუქმენი. სამწუხაროდ, ასეთიც ყოფილა.

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

შეიძლება, ის კატა ვარ, პარასკევს რომ ძეხვს ვერ შესწვდა, მაგრამ მგონია, რაც გასაბედი იყო, ყველაფერი გავბედე და რაც ვერ გავბედე, მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ მნდომებია.

თუ რამე გულით მინდა, გასაბედიც არაფერია, ყველა სირთულე ქაღალდის კედლებივით ადვილად გასანგრევი მეჩვენება.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

ჩემებურად, მაგრამ მაინც, ბედისწერის მჯერა. ამიტომ, ვერაფერზე ვამბობ: „კიდევ კარგი, ვცადე“, ან „ნეტავ, არ მექნა“. დღეს აქ ვარ, ცოცხალი, ჯანმრთელი, ბედნიერი, სიყვარულით, სიხარულითა და ოპტიმიზმით სავსე, უსაყვარლესი და ულამაზესი ახლობელი ადამიანებით გარშემორტყმული. კიდევ კარგი, რომ ვცადე ყველაფერი, რაც ვცადე და არ ვცადე ის, რაც არ ვცადე! იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ჩემთვის დაყოფა და ერთობა ერთი და იგივე რამ არის. განსხვავება მხოლოდ დაკვირვების განზომილებაშია. ალან უოთსის მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, როდესაც საკუთარ ხელს ვუყურებთ, ვხედავთ ერთიან, ჰარმონიულ და სრულყოფილ ქმნილებას, რომელიც საკუთარ დანიშნულებას თითქოს უპრობლემოდ ასრულებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება შიგნით ხელში, სადაც უამრავი განსხვავებული უჯრედი, ბაქტერია თუ სხვა მატერია იბრძვის, ერთმანეთს ხოცავს და ჭამს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო პატარაა განზომილების მასშტაბი, უფრო მეტად დაყოფილი და დისჰარმონიული მეჩვენება ყველაფერი, მაგრამ საკმარისია განზომილების ზედა საფეხურიდან გადმოვიხედო, ყველა განსხვავება და დაყოფა ქრება.

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

სიხარულის მიზეზს გააჩნია, ხანდახან ეს მიზეზი განაპირობებს პირველ ადრესატს. მაგრამ ზოგადად, როდესაც რაიმე პატარა თუ დიდი მიღწევა მახარებს, ეს იქნება კარგი იდეა, ესკიზი, თუ რაიმე სახის აღიარება, მინდება, პირველს სანდროს (ჩემს შვილს) გავუზიარო ხოლმე. და ხშირად ასეც ვიქცევი.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

სირთულეებსა და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის მეტ სირთულესა და მეტ სტრესს ბადებს.

მე, პირველ რიგში, ვცდილობ, ამ ჩაკეტილი წრიდან გამოვიდე. ინტუიციურად გვგონია, სტრესიდან გამოსავალი იმ პრობლემის აღმოფხვრაა, რამაც მასში ჩაგვაგდო. მაგრამ როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ხარ, ეს შენს გონებასა და ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს და რა გასაკვირია, რომ დასტრესილი გონებითა და მოწამლული სხეულით, არათუ გამოსავალს ვერ პოულობ, პრობლემებში ხშირად უფრო ღრმად ეფლობი. ამიტომ, სირთულისგან აბსტრაგირება და სხვადასხვა მეთოდით, გონებისა და სხეულის გაჯანსაღება ყველაზე სწორი საწყისია. ყველას თავისი გზა და მეთოდი აქვს ამისთვის. ჩემთვის ეს ვარჯიში, მედიტაცია და ადამიანებსა თუ სამყაროსთან სიყვარულისა და სითბოს გაცვლაა.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და სად ვარ 10 წლის შემდეგ.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

„ერთი მშვენიერი დღე“ საკმარისად თვითმყოფადი რამ მგონია. არაფერს დავამატებდი.


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

Instagram სურათის ფონის რედაქტირებისთვის AI ხელსაწყოს ამატებს

როგორ აფასებს Extra.ge სფოთლაითის მხარდაჭერას