in

„სიმართლესა და ზომიერებას ალტერნატივა არ აქვს“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ლევან როგავა, გოჯუ-რიუს სენსეი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

ვინც მიცნობს, მათი უმრავლესობა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიცნობს. ამიტომ, ამ ადამიანებმა, ჩემი საქმიანობის შესახებ, რომელიც საბრძოლო ხელოვნებას უკავშირდება, იციან. ერთხელ ჩემი მოსწავლე მარკეტში შემხვდა და ვერ მიცნო. მხოლოდ კიმონოში ვყავდი ნანახი. ჯერჯერობით, ქუჩაში კიმონოთი არ დავდივარ. 

ჩემზე არ იცით ის, რაც, ალბათ, არც მე ვიცი საკუთარ თავზე.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

არ ვიცი, რა მიყვარს, ან რა არ მიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პრინციპებისადმი ერთგულება და ფასეულობების მუდმივი ძიება ჩემი თვისებაა. არ მიყვარს ტყუილის არც თქმა და არც მოსმენა. ტყუილის შენახვას ენერგია სჭირდება და თუ მის შენახვას ენერგიას მოაკლებ, მომენტალურად გამოაშკარავდება და შეგრცხვება. ვიცი ენერგიის ფასი, სად და როდის უნდა დავხარჯო. ისიც მესმის, თუ საიდან უნდა მივიღო კარგი ენერგია, ამიტომ სიმართლესა და ზომიერებას ალტერნატივა არ აქვს.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

5 წლის ასაკში, ბაღში რომ დავდიოდი, პატარა შეჯიბრი გვქონდა, „ესტაფეტა“ ერქვა. წესი – ძალიან მარტივი, გრძელ, დაბალ სკამზე უნდა გავქცეულიყავი ისე, რომ ჩემი მოწინააღმდეგისთვის, რომელიც პარალელურად, იმავეს აკეთებდა, გამესწრო. მაშინ ჩემი მოწინააღმდეგე (ჩემი მეგობარი) ჩემზე სუსტი იყო. ბაღის ყველა აქტივობაში ყოველთვის ვჯაბნიდი. რომ შევხედე, უცებ გამარჯვება ვიგრძენი… და სანამ სირბილს დავიწყებდით, ჩემს გონებაში შეჯიბრი უკვე მოგებული მქონდა, თუმცა წამებში გავყეყეჩდი. სასტვენის ხმაზე ორივე  გავიქეცით. ზუსტად მახსოვს, მეოთხე ნაბიჯზე  სკამიდან როგორ გადმოვენარცხე და დავმარცხდი. 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

გაბედო, ჩემთვის ნიშნავს კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

ჩვენი დოჯოს ფიცის ერთ-ერთი პუნქტია: „იყავი გამბედავი“. შესაბამისად, თუ რაციონალური გამოწვევა და მიზანი არსებობს, მაშინ გამბედავი ვარ.

Spotlight-ზე გამოსვლაც გამბედაობას მოითხოვს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, თქვენ მე მაძლიერებთ და მეხმარებით, რომ გადავლახო და დავძლიო ეს რთული მისია, რისთვისაც მადლიერი ვარ.

ახლა უკვე აღარ მაქვს სურვილი, მაგრამ ადრე რაც ვერ გავბედე, ტატუს გაკეთებაა. 

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

აღმოსავლური სიბრძნეა, რომ დღეში ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა გადალახო რაღაც სირთულე. თუნდაც, ეს იყოს ხელოვნურად დაგეგმილი ან გამოწვეული სიტუაცია. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ეს საკუთარი თავის მორევის პრაქტიკაა. მცირე დაბრკოლებების გადალახვა მეტ თავდაჯერებულობას გვაძლევს და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, რაც, საბოლოო ჯამში, სასარგებლოა – რაციონალური ქმედების წინაპირობაა.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობის გრძნობა ჩემს ოჯახსა და ჩემს მეორე ოჯახს – დოჯოს  უკავშირდება. ადამიანებს საერთო ფასეულობა აერთიანებს. დაყოფა კი, ფასეულობების აცდენაა. შესაბამისად, ძალიან არ ვღელავ ასეთ მოვლენაზე იმ შემთხვევაში, თუ მე ჩემი ფასეულობების ერთგული ვარ. ფასეულობების ერთგულება ხომ ჩემი კარგი მხარეა. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

სიხარულის გაზიარება ძალიან სასიამოვნო განცდაა. შემიძლია, ჩემი ეს ემოცია პირველსავე შემხვედრს შევაგებო. თუმცა, ძირითადად, ვისაც ამას ვუზიარებ, ჩემი ოჯახის წევრები არიან. ასევე, ჩემი დოჯოს მეგობრები და სენსეები. როგორ შეიძლება, სიხარული შეინახო და არ გაუზიარო სხვა ადამიანს, არ ვიცი. ალბათ, საკუთარი ეგოს ტოტალური კონტროლის ქვეშ უნდა იყო, რომ სიხარული არ გააზიარო.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

ამ დროს, ყველაზე მეტად საკუთარ თავში ჩასვლა და საკუთარი ფიქრებისგან, რაც შეიძლება, შორს ყოფნა მეხმარება. არა მისი გაჩერების მცდელობაში ყოფნა, არამედ იგნორირება, ყურადღების არმიქცევა. ვცდილობ, რთულმა სიტუაციებმა ჩემი სიმშვიდე არ წამართვას. ამიტომ, ნეგატივს, მაქსიმალურად, ვისხლეტ, რადგან ზუსტად ვიცი, თუ ეს ნეგატივი მივიღე, მაშინ აუცილებლად ვიღაცას უნდა მივცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამანგრევს. ეს დანგრევა არავითარ შემთხვევაში არ მინდა, არც სხვისი დანგრევა მინდა, ჩემი ნეგატივის გაზიარებით. 

აი, ასე ვუმკლავდები რთულ სიტუაციას.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

Spotlight-ზე ჩემი თემა არის „არამატერიალური მემკვიდრეობა“. ცოდნა, რომელსაც მე ჩემი სენსეებისაგან, როგორც მემკვიდრეობას, ვიღებ და ცოდნა, რომელიც ჩემი მეშვეობით, ჩემს მოსწავლეებზე გადადის. ჩემი ცხოვრებისეული მაგალითებიც წაადგება ამ თემას, ვფიქრობ. პირადი მაგალითები უნიკალურობას სძენს ნაამბობს, ამიტომ, მგონია, რომ შეიძლება, Spotlight-ის აუდიტორიისთვის საინტერესო იყოს.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

მე „თიმ ზანშინის“ 100 წევრი მეყოლება.


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

აგრომეტრი – ტექნოლოგია მეტი მოსავლისთვის

„მხოლოდ მე შემიძლია, ჩემ შესახებ მოგიყვეთ“