in

საიუბილეო Spotlight 2023-მა სასიამოვნო ხმაურით, სავსე დარბაზითა და მრავალი ემოციით ჩაიარა!

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

„ბილეთები უკვე გაიყიდა?”, „ყველა კალათა ამოიწურა?”, „ბილეთებს ვერ დაამატებთ?” – Spotlight ის ღონისძიებაა, რომელსაც აი, უკვე 10 წელია, ყველა ასე ელოდება, რომელიც ყოველთვის სავსე დარბაზითაა წარმოდგენილი და რომელიც ქმნის საუკეთესო გამოცდილებას, რაც ღონისძიებაზე დასწრებისას შეიძლება მიიღო. ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების, შემოქმედების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ღონისძიების წლევანდელი, საიუბილეო გზავნილი იყო „მემკვიდრეობა” – რაც ბოლო წლების უცვლელ, გორილას სიმბოლოსაც ნათლად დაეტყო.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

Spotlight მემკვიდრეობა 2-დღიანი იყო და 23-24 დეკემებერს Radisson Blu Iveria-ში 1200-ამდე ადამიანსა და 40-ამდე სპიკერს უმასპინძლა. სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელმა მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და დამოკიდებულება. მემკვიდრეობა იმდენად ინდივიდუალური ცნებაა, რომ, რა თქმა უნდა, ყველა სპიკერმა ერთმანეთისგან განსხვავებული სიტყვა მოამზადა გამოსვლისთვის. ყველა მათგანს ვინ მოთვლის, ზოგჯერ გაგონილს ნანახი ჯობს, მაგრამ, რადგანაც სტატიის ფორმატი ნაშრომს არ უნდა ჰგავდეს, ძალიან, ძალიან მოკლედ გეტყვით. აი, ბავშვობაში, მოსმენილის შინაარსის კიდევ მოკლე შინაარსს რომ გვაწერინებდნენ, დაახლოებით ისე.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

პირველი სპიკერი აუცილებლად უნდა ვახსენოთ და გითხრათ, რომ მეათე სფოთლაითი ბექა ადამაშვილმა გახსნა სიტყვით – „რისი თქმა სურდა ავტორს”. შემდეგ უკვე გაგრძელდა სხვადასხვა გამომსვლელით, სადაც, მაგალითად, ბახვა ბრეგვაძემ გვითხრა – „შენ შეგიძლია”, გიორგი ქუცა რუხაძემ, შემოქმედებითი ინდუსტრიის ჭრილში განიხილა მიმდინარე ტენდენციები და გვესაუბრა იმაზე, თუ რას ვუტოვებთ მომავალ თაობას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება; ვახო ანთაძემ ყველას შეგვახსენა, რომ თუ სწორად პოზიციონირება გჭირდება როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში, უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. ამისთვის კი ალ. ყაზბეგის ცნობილი ფრაზა გამოიყენა – „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ”. თავის მემკვიდრეობაზე ისაუბრა ცნობილმა სპორტსმენმა ლევან როგავამაც და სამომავლო პროექტის ილუსტრაციაც წარმოგვიდგინა, რომელიც სწორედ მის მიერ მომავალი სპორტსმენების თაობისთვის დატოვებული მემკვიდრეობა იქნება. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამომსვლელებიც, რომლებიც 10 წლის წინ, პირველი Spotlight-ის სპიკერებიც იყვნენ, მაყურებლისთვის საინტერესო იყო მათი ხილვა, უფრო მრავალფეროვანი გამოცდილებითა და დროის გასვლასთან ერთად ნაპოვნი დაკვირვებებით.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, Spotlight უდიდესი მარკეტინგული ღონისძიების ფარგლებს გასცდა – დღეს იგი შთაგონების დღესასწაულია, რომელშიც სხვა შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ამის ნათელი მაგალითი კი საიუბილეო ღონისძიების პანელური დისკუსიები იყო. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა არტისტმა მაქსიმე მაჩაიძემ, ბაბუასთან, ნოდარ სუმბაძესთან ერთად. ფოტოგრაფიის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში მემკვიდრეობას ხაზი გაუსვა გურამ წიბახაშვილმა. კარლო კაჭარავას მემკვიდრეობაზე ისაუბრეს თათია ღვინერიამ, ირინა პოპიაშვილმა და ლიკა კაჭარავამ. ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობასა და მასში ჰიპ-ჰოპის როლზე მოგვახსენეს ნათია სართანიამ და ძებნილთა კლანის წევრებმა – ფრედომ და ჯერონიმომ.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი

ცალკე უნდა გამოვყოთ მასტერკლასები, რომლებიც მთავარი გამოსვლების პარალელურად, საკონფერენციო ოთახებში იმართებოდა და რომლებსაც, თემატურობის მიხედვით, სხვადასხვა სტუმარი უერთდებოდა. მასტერკლასები ჩაატარეს Miami Ad School-ის სტუდენტებმა, რომლებიც ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატები არიან; ასევე, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ირაკლი კაკაბაძემ და დავით ლაბაძემ, ქეთი ტყავაძემ, გიორგი კინწურაშვილმა, გიორგი ქუცა რუხაძემ და სხვებმა. მასტერკლასი პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებითაც კი ჩატარდა, სადაც დამსწრეებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ ადამიანს პირველადი დახმარება, სანამ სასწრაფოს ბრიგადა მოვა.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი

რა თქმა უნდა, Spotlight-ს არ ჩაუვლია ცნობილი ოთხეულის, გადაცემა „კაცების” წამყვანების გარეშე. მათმა მხიარულმა და ამავდროულად, ინტერაქციულმა გამოსვლამ მაყურებელი არა მხოლოდ აღაფრთოვანა, არამედ შუა დარბაზში ააცეკვა კიდეც. დასამახსოვრებელი გამოსვლები ჰქონდათ ბექა გოლეთიანს, ანანო მიმინოშვილს, ალექსი ჩიქოვანსა და სხვა მონაწილეებსაც. ყველა მათგანმა შიდა სამზარეულოდან დაანახა მაყურებელს თავისი საქმიანობა და მოჰყვა ისტორიებს, რომლებიც მხოლოდ Spotlight-ზე შეიძლება მოისმინოთ. ბოლო გამომსვლელი დავით გოგიჩაიშვილი იყო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ერთგულად დგას სფოთლაითის სცენაზე და ყოველთვის დასამახსოვრებელი სიტყვით გამოდის. „ყველაზე სუსტი გამოსვლა” – ასე უწოდა მან თავის სიტყვას და აგვიხსნა კიდეც, რომ ამ თემის ინსპირაცია მის ბოლო სფოთლაითზე, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი გახდა. „ერთი ადამიანი წერდა, რომ ეს გოგიჩაიშვილის ყველაზე სუსტი გამოსვლა იყოო, ამიტომ მას მე დღეს დავუმტკიცებ, რომ ის კი არა, დღევანდელი გამოსვლა იქნება ყველაზე სუსტი”, – აღნიშნა გოგიჩამ. რამდენად სუსტი გამოვიდა მისი გამოსვლა საბოლოოდ, ვერ გეტყვით, რადგან მისმა საუბარმა დამსწრეებზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა. ბოლოს კი სფოთლაითის გუნდმა და მთელმა დარბაზმა, სიმღერითა და ტორტზე სანთლების ჩაქრობით, გოგიჩას დაბადების დღეც მივულოცეთ.

სფოთლაითზე გამომსვლელთა საერთო სურათის აღწერა რთული იქნება, ამიტომაც დაელოდეთ ამ გამოცდილების სრულ ვიდეოს.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

როგორც ყოველთვის, Spotlight თავის სპონსორებთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომლებიც სტუმრებს სხვადასხვა გათამაშებას, აქტივობასა და საჩუქრებს სთავაზობდნენ. ასე გათამაშდა პორშეს ტესტდრაივები, Exstra.ge-ს სასაჩუქრე ნაკრები და სხვა მრავალი პრიზი. 

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

ასეთი იყო Spotlight-ის მოკლე შეჯამება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, After Party მოეწყო, რომელზეც სტუმრებს უკვე ერთმანეთისთვის განწყობის გაზიარების, მადლობის გადახდის, ფოტოების გადაღების, ფონურად ჩართული მუსიკით ტკბობისა და ნაირნაირი კოქტეილის მოწრუპვის შესაძლებლობა მიეცათ. 

მომავალ Spotlight-ამდე!


ღონისძიების წარმდგენი: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

————————————————————————————————————————————-

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Lidl-მა საშობაო პერსონაჟები ეტიკეტის ნაწილად აქცია

ალიანს რენესანსი — სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, როგორც გონივრული ინვესტიცია