in

„მთელი ჩემი პროფესიული განვითარება სწორედ ამ ერთ მცდელობაზე დგას“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ნათია სართანია, CES-ისა და CES Records-ის დამფუძნებელი,  „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

ალბათ, იცით, რომ მუსიკოსი ვარ და არ იცით, რომ შესანიშნავი მზარეულიც.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

ყველაზე მეტად მიყვარს, რომ ვარ დედიკო. არ მიყვარს, თუკი წამიერად ვერ მივიღე გადაწყვეტილება.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

გამარჯვება იყო 2 თვის წინ, სვანეთის უღრანტყიანი მთა მარტომ რომ ჩამოვიარე. მარცხი არ არსებობს.

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

ბევრ სხვა რამესთან ერთად, გავბედე და დავაარსე სასწავლებელი. ეს, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ცოდნის გაზიარება, ცალსახად, ადამიანის ცხოვრების კურსს ცვლის და დიდი პასუხისმგებლობაა, მიწოდების ხარისხზე ზრუნვა. 

25 წლის წინ, ჩემს ლოკალურ კაფეში JK (Jamiroquai) ვნახე, გვერდით მაგიდაზე ყავას მიირთმევდა. ვერაფრით გავბედე მისალმება და კომპლიმენტების თქმა.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, 15 წლის წინ ვცადე და შევქმენი მუსიკა, ნოტები, ვიდირიჟორე, გავახმოვანე და ადამიანების წინაშე წარვადგინე. ყველაფერი უაღრესად ცუდად გამომივიდა, რადგანაც არაფრის კეთება არ ვიცოდი, თუმცა კი მთელი ჩემი პროფესიული განვითარება სწორედ ამ ერთ მცდელობაზე დგას. 

მინდა, გავბედო და ჩემი ფობია დავამარცხო. ჯერ ამას ვერ ვბედავ.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

არაპერსონალურ პერსპექტივაში, ერთიანობაცა და დაყოფაც სულ ჩემს ბედკრულ სამშობლოზე მაფიქრებს. მარტივია, ძლიერები ვართ ერთად და დაყოფილები – ვსუსტდებით. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

სხვადასხვა…

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

გზა – რაც უფრო გრძელი, მით უფრო კარგი

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

მე შემიძლია, გავიხსენო, თუ როგორ დაიწყო ქართული ელექტრონული მუსიკის ოქროს ხანა მაშინ, როდესაც საქართველოში ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა. 

M: ერთ მშვენიერ დღეს…

მე გადავცურავ ზღვას!


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

ელექტრომობილების პირველი ოფიციალური მულტიბრენდული შოურუმი გაიხსნა — E-Motors Georgia 

როგორ შეიქმნა შოთა არველაძისა და „ალტას“ საახალწლო თავგადასავალი