უკვე იცით, რომ „Spotlight X” 14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში” გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როგორც წარმომადგენლებს, ისე ენთუზიასტებს. როგორც ყოველ წელს, ამჟამადაც, სპიკერები საგულდაგულოდ შეირჩნენ და მათ ნამდვილად აქვთ აუდიტორიისთვის გასაზიარებელი საინტერესო ამბები.
Spotlight X-ის სცენაზე სულ 23 სპიკერი წარდგება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ შთაგონების ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. მათგან ერთ-ერთია გიორგი საბაძე, „Silk Road Group-ის მონაცემთა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც მსმენელთან პირისპირ წარდგენამდე marketer-ის ბლიცკითხვებს უპასუხებს:
M: რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ სამართლიანობა ბუნებრივი კანონია; რომ სამყაროში სამართლიანი შედეგი, ყველაფრის მიუხედავად, გარანტირებულია.ახლა მჯერა იმის, რომ სამართლიანობა არის არჩევანი, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ.
M: ფრაზა/წინადადება, რომელიც გახსოვს ყველაზე ხშირად?
ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად მახსენდება, უკავშირდება კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიას – „ბეტმენს”. იქ ალფრედი ეუბნება ბრიუს უიენს – „რატომ ვეცემით? რათა წამოდგომა ვისწავლოთ!”. ძალიან მომწონს ეს ფრაზა და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ის ემოციურ დონეზე გავიაზროთ.
M: რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
„ნაკლები ილაპარაკე, მეტი გააკეთე. თავის დროზე დაიძინე!”
M: ყველაზე მეტად მეშინია…
ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ შევეგუები ბევრ რამეს; რომ ერთ დღეს აღარ მეტკინება ის, რაც ახლა მტკივა. ჩემი აზრით, შეგუება სიკვდილის ყველაზე კომფორტული ფორმაა.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
იმ მომენტებს, როცა ვიცოდი, რა იყო სწორი, თუმცა სხვა ადამიანების კომფორტის გამო არასწორად მოვიქეცი.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
„ჯერ ისწავლე და მერე გააკეთე”.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
აქ მაინც ჩემს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავასახელებ, რომლებიც რთულ სიტუაციებში ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ანთროპოლოგი ვიქნებოდი. ესაა, რასაც მივუძღვნიდი საკუთარ თავს, ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო. ადამიანებზე დაკვირვება, მათი ქცევის გაგება, ჩუმი პატერნების ამოცნობა…ამ ყველაფერს ხშირად ისედაც ვაკეთებ, უბრალოდ, მათ მონაცემებს ვეძახი.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა…
წლების წინ, როცა კლინიკური დეპრესიის ხანგრძლივი ეპიზოდიდან გამოვედი, ჩავთვალე, რომ ეს ტანჯვა იყო თავიდან დაბადებისა და საკუთრი თავის ხელახლა გამოგონებისათვის გაღებული მსხვერპლი. ამის შემდეგ შეიცვალა არა გარემო, არამედ საკუთარი აღქმა. ჩემს ცხოვრებას ახლა ორ ნაწილად ვყოფ: დეპრესიამდე და მას შემდეგ.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
დღეს რაც ვარ, ეს ჩემთვის საკმარისი არ არის, წინ დიდი გზაა, თუმცა ამ გზის გავლაში მეხმარება საკუთარი თავის რწმენა. კონკრეტულად იმის, რომ არ არსებობს დაუძლეველი ბარიერები. მთავარი არხების, შეკითხვების და პასუხების სწორ დროსა და ადგილას მოძებნაა.
M: დაბოლოს, რას გაუზიარებ Spotlight-ის აუდიტორიას?
ამბავს, თუ როგორ ვებრძვით ქაოსს: ტექნოლოგიით, ფილოსოფიით და ცოტაოდენი სიჯიუტით. და რატომ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა, თუნდაც წაგებული, არის ერთადერთი რამ, რაც ადამიანს ადამიანად ტოვებს.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













