in , ,

Spotlight Marketing Library – მარკეტინგული ბიბლიოთეკა პაშა ბანკისგან

anano korkia2Spotlight Marketing Library პაშა ბანკის მიერ 2015 წლის მაისში ინიცირდა და პროექტ Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად შეიქმნა. პროექტის მიზანია, ერთ კომფორტულ სივრცეში თავი მოუყაროს მარკეტინგისა და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. პაშა ბანკი წელს Spotlight-ის გენერალური სპონსორია და „მარკეტინგულ ბიბლიოთეკასთან“ დაკავშირებითაც ახალი გეგმები აქვს. თუ როგორ გაჩნდა პროექტი, რა სიახლეებს გვპირდება და ვის შეუძლია ბიბლიოთეკით სარგებლობა, ამის შესახებ ბანკის PR და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ანანო ქორქია გვესაუბრა.

 

M: როგორ გაჩნდა პროექტის წამოწყების იდეა?

ვინაიდან პაშა ბანკი მხოლოდ კორპორატიულ მომსახურებას უწევს კლიენტებს, ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი პროექტები და ღონისძებები დავაფინანსოთ, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა Spotlight, რომელის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია. ამიტომაც, სიხარულით დავთანხმდით მის სპონსორობას. არ გვინდოდა, მხოლოდ სპონსორობით შემოვფარგლულიყავით და გადავწყვიტეთ, ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებინა. ვინაიდან მარკეტინგის სფეროსთან დაკავშრებული სახელმძღვანელოები ჩვენთან არაა მარტივად ხელმისაწვდომი, გადავწყვიტეთ ეს წიგნები შეგვეძინა და ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა. ჩვენ შევარჩიეთ “თბილისის მედიათეკა“, რომელიც ვაკის პარკში მდებარეობს. აქ გამოყოფილია სპეციალური სტენდი, სადაც ყველა ეს წიგნია განთავსებული.

M: რა წიგნებია განთავსებული ბიბლიოთეკაში?

ამოვარჩიეთ საუკეთესო წიგნები ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი, ბრენდინგი, კვლევები და ა.შ. კანის ლომების ფესტივალიდან პირადად წამოვიღე წიგნები და წელს ისინიც შეემატებიან ბიბლიოთეკას. თუ პაშა ბანკის საიტზე შეხვალთ, აქ ნახავთ Spotlight მარკეტინგულ ბიბლიოთეკას, სადაც ამ წიგნების სრული სიაა განთავსებული. ამჟამად, 50-ზე მეტი წიგნი გვაქვს შეძენილი. გადავწყვიტეთ, ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მეტი წიგნი შევმატოთ.

marketing library books

M: როგორ შეარჩიეთ წიგნები?

თავისთავად, წიგნების სელექცია საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. არ გვინდოდა ძალიან სუბიექტურები ვყოფილიყავით, ამიტომ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს დავეკითხეთ და მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. წელს, მარკეტერის საშუალებით, გამოკითხვაც ჩავატარეთ და იმ წიგნებს, რომლებზეც ინტერესი გამოჩნდა, აუცილებლად შევიძენთ და შევმატებთ ბიბლიოთეკას.

ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იყო #BookChallenge, რომლის საშუალებითაც ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჰქონდა საშუალება, მისულიყო და სურვილისამებრ დაემატებინა წიგნები. ზოგადად, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სხვა კომპანიებიც დაგვიკავშირდნენ. მაგალითად, ერთმა HR კომპანიამ, HR Library-ის გაკეთება შემოგვთავაზა. ბევრი ასეთი ინიციატივა გაჩნდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, მათაც განვახორციელებთ.

M: ვის შეუძლია ისარგებლოს Marketing Library-ით?

ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა საწევროს გადახდა, რომელიც წელიწადში 15 ლარს შეადგენს და მომხმარებელს ბიბლიოთეკაში განთავსებულ ყველა წიგნზე აძლევს წვდომას. დამიჯერეთ, ეს თანხა ნამდვილად არაა დიდი, თუ გავითვალისწინებთ იმ კომფორტსა და წიგნების ფართო არჩევანს, რასაცმედიათეკაშისთავაზობენ მომხმარებელს.

marketing library

M: რამდენად პოპულარულია და თუ სარგებლობენ ამ სტენდით?

სტენდის წიგნები მუდმივად მოთხოვნადია. „მედიათეკის“ თქმით, მათ 8000-მდე გამომწერი ყავთ და მათგან საკმაოდ ბევრს გააქვს „მარკეტინგული ბიბლიოთეკის“ წიგნი. ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებს ვთხოვეთ, თავიანთ კურიკულუმში ჩაეწერათ ამ წიგნებიდან ერთი გვერდი მაინც, რათა სტუდენტებს სცოდნოდათ ამ წიგნების არსებობის შესახებ და გამოეყენებინათ ისინი. დაინტერესებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი მაქსიმალურად სასარგებლო გაგვეხადა, ვიდრე საჩვენებელი და ამიტომაც, ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა შესაძლებელი გავხადეთ.

M: გეგმავთ წიგნების ქართულად თარგმნას?

ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, თუმცა ჩვენი მოკრძალებული რეკომენდაციაა, ვინც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს, დაეუფლოს ინგლისურ ენას, ვინაიდან ამ სფეროში აურაცხელი რაოდენობის ინფორმაცია არსებობს და ყველაფრის თარგმნა შეუძლებელია. ვიცი, რომ სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები გარკვეული რაოდენობის ლიტერატურას ქართულ ენაზე თარგმნიან, თუმცა, ამ პროცესში ჩვენ არ ჩავრთულვართ და ჯერჯერობით ეს მხოლოდ განხილვის საგანია.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

წელს ვაპირებთ, დავამატოთ წიგნები. როგორც უკვე აღვნიშნე, Spotlight-მაც დადო კითხვარი, რომლის მეშვეობითაც, ყველა მსურველს ეძლევა საშუალება, დააფიქსიროს თავისი აზრი, თუ რა წიგნის ხილვა სურს ბიბლიოთეკაში. ამ წიგნებიდან ყველას შევიძენთ და ბიბლიოთეკას შევმატებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, მე თვითონ ძალიან ხშირი მომხმარებელი ვარ ამ ბიბლიოთეკის, რადგან ძალიან საინტერესო წიგნებია და გარემოც კომფორტულია. ყველას ვურჩევ, მივიდეს “მედიათეკაში”, მითუმეტეს, მათ ვინც მარკეტინგით ან ბრენდინგითაა დაინტერესებული და უბრალოდ, თვალი გადაავლონ ამ წიგნებს: მიიღონ ინსპირაცია, გაიღრმავონ ცოდნა და გაიგონ ბევრი საინტერესო რამ.

marketing library books



“მე ვარ თოვლოჰოლიკი”! – რას ყვებიან ექსტრემალური სპორტის მოყვარულები

“ხომ გითხარი, გაფრინდებიანთქო?!” – გოლფის მოთამაშეები უკვე მფრინავი მანქანებით გადაადგილდებიან