in ,

Spotlight-ის კითხვები და პასუხები ქართველ სტარტაპერებს

როგორ უნდა განვავითაროთ სტარტაპ იდეა, როგორ ავაშენოთ ძლიერი ბრენდი და როგორ ვაქციოთ ჩვენი ნიჭი წარმატებულ საქმიანობად? საქმიანობად, რომელიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ამისათვის, ჩვენს თავს ძალიან ბევრი კითხვა უნდა დავუსვათ. ბევრი საჭირო კითხვისთვის, მიმართულებისა და ინსპირაციისთვის კი 5 ნოემბერს, რიგით მეხუთე Spotlight-ზე უნდა ყოფილიყავით, რომელმაც წელს, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, განსხვავებული ფორმატით, იდეებით შეპყრობილ 500  ადამიანს უმასპინძლა.

წლევანდელმა Spotlight-მა მრავალფეროვანი შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება შესთავაზა მსმენელს. ახლებური სასემინარო ფორმატის ფარგლებში, ოთხ ოთახში, ერთდროულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ლექცია, „რედისონის“ დიდი დარბაზი კი პანელ დისკუსიებს სთავაზობდა მსმენელს. საერთო ჯამში, 29 სპიკერისგან შემდგარი პროგრამიდან, დამსწრეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესოს არჩევა, კონკრეტული სტუმრებისთვის საინტერესო ლექციების პარალელურად გამართვის საკომპენსაციოდ კი, Spotlight თითოეულ მათგანს, ყველა ლექციის ვიდეოჩანაწერს დაჰპირდა. რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა წლევანდელი Spotlight სტარტაპერებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რამდენიმე დამსწრისა და სპიკერის კომენტარით შევეცდებით:

მერი გაბაშვილი, Tedx Tbilisi-ს დამფუძნებელი – ჩემი სამი take away #Spotlight2017-დან: 1. სიყვარული არის მთავარი. გულით უნდა გიყვარდეს/გინდოდეს, რასაც აკეთებ. მის გარეშე სიცოცხლე არ უნდა შეგეძლოს. სხვაგვარად, ვერ გადალახავ ყველა იმ ბარიერს, რომელიც სტარტაპს უდგება წინ: 2. შენი საკუთარი სტანდარტი, შენი უნიკალური შინაგანი ხმა, ე.წ. „ეგარი“ უნდა იპოვო. ის დაგეხმარება, ამაღლდე პაპსაზე და შენი გამორჩეული სიტყვა თქვა. 3. მაგარი იდეა კარგია, მაგრამ კარგად გააზრებული იმპლემენტაციის გარეშე მაგარი იდეების ნაგავსაყრელს შეუერთდება. მართალია, სამივე აზრი სტარტაპის კონტექსტში იყო მოწოდებული, ვფიქრობ, მათი განზოგადება სხვა კონტექსტებზეც არის შესაძლებელი. კარგი დღე გამოვიდა. ამდენი „იდეინი“ ადამიანის თანაარსებობა ერთ სივრცეში ინსპირაციული მუხტის შემქმნელი იყო. როგორც იქნა, შედგა ჩემი „სფოთლაით“ „იქსფირიენსი“. 

ალექსი ხვედელიძე, travelportal.ge-ს დამფუძნებელი – Spotlight-ის შესახებ დიდი ხანია, ვიცოდი, რადგან სულ ვადევნებ თვალს და ამ ღონისძიებაზე გამოსული სპიკერების ყველა ვიდეო მაქვს ნანახი. წელს, უკვე შევძელი, პირადად დავსწრებოდი და აღფრთოვანებული ვარ ლევან ბახიათი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, სარეკლამო ინდუსტრიას თვალი ვადევნო და არაფერი გამომრჩეს, ამ ადამიანზე, სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცოდი. გავიცანი სფეროში მოღვაწე ადამიანები, ძველ მეგობრებსაც შევხვდი და საერთო ჯამში, Spotlight-ზე დასწრებით, მოვხვდი სტარტაპერებისთვის სასიამოვნო, საინტერესო და ინფორმაციულ გარემოში.

თორნიკე ტურიაშვილი – Giffer.ge, „კრაკენი“, დამფუძნებელი – პირველად ვიყავი სფოთლაითზე, დავესწარი ყველა პანელ ინტერვიუს და გაასწორა. გამომსვლელებიდან გამოვყოფ ლევან კილაძის სფიჩს do-er-ზე და ანდრო დგებუაძეს, რომელზეც არ ვიყავი, მაგრამ ლეგენდები დადის უკვე. შოთა-გოგა ჩინჩალაძეები, ასევე, სტარტეპერული იყო და პრაქტიკული. „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპით, ჩემი მოლოდინი რაც იყო და არ დამხვდა, ეს არის ე.წ. „მოთივეიშნ სფიჩები“. სტარტაპებს ეგ უნდათ, ჩემი აზრით, აი, რომ გამოვლენ „სფოთლაითიდან“ და ერთი სული რომ აქვთ, როდის დარეფრეშდებიან ახალი შემართებით.

Spotlight 2017 მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა სფეროში წამყვანი და გამოცდილი ლექტორებისთვისაც. Spotlight-ის წლევანდელი მრავალფეროვნება სპიკერების ჩამონათვალზეც აისახა – ანდრო დგებუაძემ, დავით გოგიჩაიშვილმა, ლევან ბახიამ, თეკუნა გაჩეჩილაძემ, გიორგი პოპიაშვილმა, ვახო ვახტანგიშვილმა, შოთა ჩინჩალაძემ, ალექსი ჩიქოვანმა, მედეა ტაბატაძემ და სხვა სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვაგვარად გაუზიარეს დაინტერესებულ მსმენელს. მსმენელის დაინტერესებას კი, თავის მხრივ, მისთვის არჩევანის შესაძლებლობის მიცემა იძლეოდა. სასემინარო და პანელ დისკუსიის ნაწილის პარალელურ რეჟიმში დასრულების შემდეგ, ღონისძიების დასკვნითმა ნაწილმა „რედისონის“ დიდ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ექვსი ცნობილი სტარტაპერი, 13 წუთიანი გამოსვლით წარსდგა 500 ადამიანიანი აუდიტორიის წინაშე. მარკეტერი გთავაზობთ ორი სპიკერის – შოთა ჩინჩალაძისა და პანელ დისკუსიის სტუმრის, ლევან ბახიას კომენტარს: 

შოთა ჩინჩალაძე – სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE დირექტორი – მგონია, რომ სპიკერობა და გამოცდილების გაზიარება არის საუკეთესო გზა პროფესიული ზრდისთვის, ჰოდა, ეს სფოთლაითიც არ ყოფილა გამონაკლისი ჩემთვის. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ღონისძიებისთვის სალექციო ნაწილის დამატება და მგონია, რომ დამსწრეებმა ბევრი კარგი და საინტერესო რამ წამოიღეს სფოთლაითიდან. ასეთი ღონისძიებებიდან, ჩვენ ხშირად მზა პასუხებს ველოდებით ხოლმე, თუმცა, ჩემი აზრით, მათი უმთავრესი დანიშნულება ინსპირაცია, მოტივაციის გაზრდა და საკუთარ თავში შეკითხვების ჩამოყალიბებაა. შეუძლებელია ზუსტი პასუხების თქმა ისეთ არაზუსტ მეცნიერებაზე, როგორიც ბიზნესისა და ბრენდის შენებაა, სწორედ ამიტომ, ჩემი ლექციაც შეკითხვებს შეეხებოდა და არა მზა პასუხებს. შეკითხვის დასმა პირველი სწორი ნაბიჯია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. ყოველთვის, ნებისმიერ საქმეში შეიძლება არსებობდეს რაღაც, რისი გამოსწორებაც საჭირო და შესაძლებელია, თუმცა ყველა ასეთი შენიშვნისა თუ რჩევის მიუხედავად, რომელსაც ორგანიზატორებს მივცემდი, ჩემი აზრით, წლევანდელი სფოთლაითი შედგა“.

ლევან ბახია, სარეკლამო სააგენტო „სარკე“: მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემს პასუხებში რამე ისეთი ზოგადი და სასარგებლო ჩამექსოვა აუდიტორიისათვის. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა. მაგრამ მთავარი თემა, ალბათ, ბოლოს გამოიკვეთა, როცა pasuxebi.ge-ზე დავიწყეთ საუბარი. ის, რომ ჩვენ, ადამიანებს არ გვესმის კარგი კითხვის დასმის ძალა და ის შედეგი, რომელიც კითხვაზე პასუხის ძიებისას აზროვნებას მოაქვს, მათ შორის, სტარტაპებისთვისაც. ელემენტარულია, სტარტაპერებს შეუძლიათ შეიკრიბონ, დაუსვან ერთმანეთს კითხვები და მოძებნონ თავთავიანთი მთავარი მესიჯები.
რაც შეეხება გამოცდილებას, ალბათ, „სფოთლაითი“ ვერ მომიტანდა, მაგრამ უცებ, აკოსთან ერთად, ხალხის წინაშე, სცენაზე, 40 წუთის მანძილზე გაიარა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. შეკუმშულად. ამ ყოველივეს გახსენება და სტრუქტურაში მოყვანა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა, თვითთერაპიის კუთხით და კიდევ, გავიცანი ანდრო დგებუაძე და ეს თავისთავად გამოცდილებაა.

Spotlight 2013 წლიდან, Marketer.ge-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების ერთ სივრცეში შეკრება, ქართველი ბიზნეს სპიკერებისთვის გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემაა. Spotlight 2017 წინა წლებში გამართული ღონისძიებებიდან იმით იყო გამორჩეული, რომ წელს ის მთლიანად სტარტაპებსა და სტარტაპერებს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ, რომ – Your Time Is Now – ეს დრო შენია!  

14 ტონა საწვავი საჩუქრად ამბოლში

Clairy – ოთახის მცენარე, რომელიც დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერს აფრქვევს