in

როგორი იყო Spotlight Tech 2024 – ორდღიანი ღონისძიების შეჯამება

Spotlight Tech 2024 – ორდღიანი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც 1-2 ივნისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, დასრულდა და, ტრადიციულად, მისი შეჯამების დროა!

მთავარ და დამატებით სცენებად დაყოფილ დარბაზებში თავი ასეულობით ადამიანმა მოიყარა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ინსპირაციულ გამოსვლებს, მასტერკლასებს, ვორკშოპებსა და პანელურ დისკუსიებს მოუსმინა. ტექის მიმართულებით წარმატებულმა სპიკერებმა ორი დღის განმავლობაში უნიკალური გამოცდილება გააზიარეს თემაზე „გაკვეთილები”. თითოეულმა მათგანმა თავისი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას, ისაუბრა პირად თუ კარიერულ გაკვეთილებზე. მათ გამოსვლებს დარბაზში მრავლად მოჰყვა ემოციები, აპლოდისმენტები და ოვაციები.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

1-ელ ივნისს Spotlight Tech 2024 პანელური დისკუსიით და საინტერესო სპიკერებით დაიწყო – ნუკა ჩოხელი, თამუნა მუსერიძე, თამარ ხვიტია, ანო სართანია. მათი საუბრის თემა იყო „მეს ძიების 19-წლიანი ამბავი”. ეს არის ისტორია, რომელმაც გააერთიანა დიდი ხნის წინ დაკარგული ტყუპები, ანო და თამარი. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელების მეშვეობით იპოვეს. პანელზე ასევე განხილული იქნა საკმაოდ სენსიტიური საკითხი 90-იან-2000-იან წლებში საქართველოში ჩვილების გაყიდვასა და Facebook ჯგუფის „ვეძებ” შესახებ, რომელმაც არაერთ დაკარგულ ნათესავს აპოვნინა ერთმანეთი.

შემდეგი გამომსვლელი იყო პაატა წიქაძე, Tegeta Cars-იდან. მისი გამოსვლა ეხებოდა თემას „ახალი წევრი ოჯახში”, რომლითაც საქართველოში Porsche-ს პირველი ცენტრის გახსნის ისტორიას მოგვიყვა და გაგვიზიარა ყველა ის სირთულე თუ გამოწვევა, რაც შეიძლება ასეთი დიდი წამოწყების თანმდევი იყოს. 

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

ამ ისტორიას მოჰყვა ცნობილი კონტენტკრეატორის, გიორგი დანელიას გამოსვლა. იგი შეეხო თემას „კრიზისი, როგორც გამოსავალი” და პირადი გამოცდილებით გაგვიზიარა კონტენტის შექმნის თავისებურებები; ასევე, ისაუბრა კრიზისულ სიტუაციებზე, რომლებიც ხშირად კარგ გაკვეთილად შეიძლება ითარგმნოს.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მომდევნო პრეზენტატორთა გამოსვლებიც: მარიამ რუსიშვილი თემით „გაურკვევლობის მიმღებლობა და ახალი მე”, გიგი გიორგაძე თემით „აი, რა დროს AI-ა, პანელური დისკუსია „როგორ შევქმნათ ხმაური”, რომელსაც ჯაბა შავიშვილი, გიგა კვეტენაძე, TAHA და Koa Mohawke უძღვებოდნენ; თამარა ქლიბაძე თემით „ჯადოსნური სარკე”, მარიამ ბერიძე თემით „ყოფნა-არყოფნა…ტვინგანწყობა აი, ეს არის”; გეგა წოწკოლაურმა ისაუბრა სტარტაპების წარუმატებლობის მიზეზებზე და ცოდნაზე, რომელიც საკუთარი პრაქტიკიდან მიიღო; ლუკა ქობალიას თემა კი იყო „Thinking Inside The Box”, რაც საქმის კეთებისას სწორი ფოკუსების გაკეთებას ეხებოდა.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

პირველი დღის ბოლო გამომსვლელი გახლდათ ზვიად წოწკოლაური თემით „შეჩვეული ჭირი VS შეუჩვეველი ლხინი”. სპიკერმა ცნობილი ანდაზის თავისებური ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინა და პრაქტიკული მაგალითებით აგვიხსნა, თუ რატომ არ უნდა შევეჩვიოთ „ჭირს” შეუჩვეველი ლხინის შიშით.

მეორე დღე

შთაგონებით სავსე იყო Spotlight Tech 2024-ს მეორე დღეც. ხალხის მოგროვებისა და დილის ყავის მიღების შემდგომ სასტუმროს ფოიეში, პირველი გამომსვლელებიც ვიხილეთ: ნიკოლოზ გოგოჭური და ნინუცა ნანიტაშვილი. მათ მალევე მოჰყვა საბა ხერგიანიც, რომელმაც წარმოადგინა თემა, სახელად „ციფრული ოდისეა”. ხერგიანის გამოსვლის შემდეგ მიხეილ ნადარეიშვილმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა „ადამიანი vs AI”. მიხეილმა ძველი ინდუსტრიული გამოცდილებიდან ამოიღო ისტორიები და დღევანდელი, ხელოვნური ინტელექტისადმი შიშის ჭრილში მოგვითხრო მათ შესახებ. ამ საინტერესო პარალელების მოსმენის მერე გამოვიდა სანდრო ლილუაშვილი თემით „დაიწყე და არ დანებდე”. 

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

მცირე ლანჩშესვენების შემდეგ კვლავ დავბრუნდით მთავარ სცენასთან, სადაც გველოდა პანელური დისკუსია ჯაბა შავიშვილისა და თემურ ხაინდრავას მონაწილეობით. პანელის წამყვანებმა ცნობილ და საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ვებსაიტზე forum.ge-ზე, მისი დაარსების ისტორიასა და დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ვებგვერდის დამფუძნებელმა ის გაკვეთილებიც გააზიარა, როგორ შეიძლება მარტივი ინტერფეისითა და ფუნქციონალით ათასეულობით აუდიტორია მოიცვა.

ინსპირაციული და საინტერესო იყო იაკო ჯიქიას გამოსვლაც, სახელწოდებით „Ctrl+T, ანუ დაიწყე თავიდან”. იაკომ ის ცხოვრებისეული თუ კარიერული ეტაპები გაგვიზიარა, ჩოგბურთელობიდან AI სტარტაპის დაფუძნებამდე, რომლებიც ახალი ფურცლიდან დაწყებას უკავშირდება და სამომავლო გეგმადაც გაგვიმხილა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს შემდგომი ნაბიჯები, ის მაინც ყველაფერს დაიწყებს თავიდან.

ნიკა აბაშიძემ შემოგვთავაზა თემა „3 როგორ”, რომლის ფარგლებშიც მოიცვა ის სამი კითხვა, რომლებსაც მას, როგორც ტექსტარტაპების დამფუძნებელს, ხშირად უსვამენ. ნიკამ თავისი პირადი გამოცდილებებიც გაგვიზიარა შიშის დამარცხებისა და, ერთი შეხედვით, შეუძლებელი გამოწვევების დაძლევის შესახებ.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი

შემდეგი გამომსვლელები იყვნენ: YouTube-ერი H1TA, ანუ დავით ალავიძე, StandUp Tbilisi-ს წარმომადგენლები, ირაკლი ჯაბია და ივა ნიკოლაძე, ირაკლი ბესელიძე, თემით „AI, თუ ფიქრიც კი გეზარება”; გიორგი კოკაიამ, IKEA-ს საერთაშორისო კომპანიაში მომუშავე ქართველმა, ისაუბრა თემაზე „Product Is [unfortunately] king], ხოლო წლევანდელი Spotlight Tech ხმაურითა და „უცნაური” ინსტრუმენტების დემონსტრირებით დაასრულა კოკა ნიკოლაძემ, რომელსაც შეიძლება გამომგონებელიც ვუწოდოთ და არტისტიც. მისი გამოსვლის თემა იყო „პროფესია – შერეკილი”. 

აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ მასტერკლასების განყოფილება, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები აუდიტორიას პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებდნენ მრავალფეროვან თემებზე, როგორებიცაა: კრიპტო, სტარტაპის დაფუძნება, აპლიკაციის მარტივად შექმნა, იდეალური საინვესტიციო ფიჩის მომზადება და ა.შ. სპეციალური მოწვევით, Rakuten Viber-ის წარმომადგენლებიც წარდგნენ, რომლებმაც გვიჩვენეს პრეზენტაცია, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა გამოიყენოს Viber, როგორც არა უბრალოდ საკომუნიკაციო ჩატი, არამედ, როგორც სოციალური ქსელი.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი

რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთი მრავლისმომცველი და ძალზე საინტერესო ფურცელი დაემატა Spotlight-ის ხანგრძლივ ისტორიას. ემოციები და გაკვეთილები კი, რომლებიც აქ მივიღეთ, საკმარისია საიმისოდ, რომ შემდეგ Spotlight-ამდე გვეყოს. 

ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი
ფოტო: თამარ მეფარიშვილი

Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი.

გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania.
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, Lion Trans, ავერსი, It აკადემია Step,  Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Rewards


ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

10 წელი ამ ამბავში — Bolt საქართველოში 10 წლის გახდა

რატომ შეწყვიტეს Star Wars-ის ვინტაჟური სათამაშოს წარმოება?