Spotlight Tech 2024 ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი თემით — „გაკვეთილებით“ უბრუნდება. ღონისძიება, რომლის მთავარი წარმდგენი წელს საქართველოს ბანკია, 1-2 ივნისს Raddison Blu Iveria-ში ჩატარდება. Spotlight Tech 2024-ის სტუმრები 50-მდე სპიკერს მოუსმენენ, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების გზაზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და ისტორიებს გაგვიზიარებენ. Spotlight Tech 2024-ის მოწვეულ სპიკერებს შორის ერთ-ერთი Forum.ge-ს დამფუძნებელი თემურ ხაინდრავაა.
Forum.ge-ს ისტორია ქართული ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იწყება. ეს იყო პირველი ქართული ინტერნეტ ფორუმი, სადაც მომხმარებლებს მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობა და იდეების გაცვლა შეეძლოთ. როგორც თემურ ხაინდრავა ამბობს, თავიდან Forum.ge ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერის თანამშრომელთა საკომუნიკაციოდ შეიქმნა, თუმცა ამ ფარგლებს მალევე გასცდა.
„ფორუმის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ქართული ინტერნეტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო. მაშინ ინტერნეტთან წვდომა ძვირი იყო — Dial-UP-ით საათი — დაახლოებით 1 ლარი. გარდა ამისა, უცხოური რესურსების და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ერთი-ორი ვებგვერდის გარდა, არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა თემისა და საკითხის განხილვა. ფორუმი ჩემი თანამშრომლებისთვის შევქმენი, როცა ერთ-ერთ პატარა ინტერნეტ-პროვაიდერში ვმუშაობდი, მაგრამ სულ მალე ის გასცდა ჩვენს კოლექტივს და ფორუმის მომხმარებლების რაოდენობამ ყოველდღიურად ზრდა დაიწყო. ერთ მომენტში მომხმარებლების რაოდენობამ ე. წ. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის შემდეგ ფორუმის ზრდის პროცესი შეუქცევადი გახდა“, — ამბობს თემურ ხაინდრავა.
Forum.ge-ს წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და იმის მიუხედავად, რომ დღეს ინტერნეტი სადისკუსიოდ არაერთ სხვა ვებგვერდს გვთავაზობს, იგი კვლავ რჩება ადგილად, სადაც მომხმარებლებს საინტერესო საკითხების განხილვა ნაცნობ სივრცეში შეუძლიათ.
„მაშინ ფორუმი იყო მოსახერხებელი იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტს ზომიერად ხარჯავდა, შეგეძლო დილით დაგესვა შენთვის საინტერესო კითხვა და პასუხს რამდენიმე საათში, ინტერნეტში dial-up-ით მორიგი შემოსვლის დროს მიიღებდი. ჩემი აზრით, ფორუმმა წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ კარგად იყო შერჩეული ძირითადი განყოფილებები და კვალიფიციური და მოტივირებული მოდერების დახმარებით, ფორუმზე იყო შექმნილი მეგობრული, სასიამოვნო სიტუაცია პრობლემების მოგვარების ან მომხმარებლებს შორის ურთიერთობებისათვის. ფორუმის მომხმარებლებს ახლაც სასიამოვნო და მეგობრული სიტუაცია დახვდებათ, სადაც მათ შეუძლიათ განიხილონ სხვადასხვა საკითხი, პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურითა და ტექნოლოგიებით დამთავრებული. ასევე, მომხმარებლებს ფორუმის დისკუსიებში ანონიმურობის დაცვით შეუძლიათ ჩაერთონ“, — აღნიშნავს თემურ ხაინდრავა.
Spotlight Tech 2024-ზე თემურ ხაინდრავა სწორედ Forum.ge-სთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. Spotlight Tech 2024-ის სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შეხვდნენ ტექნოლოგიების სფეროს სხვა წარმომადგენლებს, რაც სანაცნობო წრის გაფართოებაში დაეხმარებათ.
„ტექნოლოგიების განვითარების გზაზე ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ის, რომ სასურველია, არჩევანი გააკეთო ე. წ. ღია კოდის (open source) მქონე კომპონენტებსა და პროდუქტებზე, რომლებსაც შენს პროექტებში იყენებ. სამომავლოდ სწორედ ასე შეგეძლება მათი მხარდაჭერა და სასურველი მოდიფიკაციების შეტანა“, — აღნიშნა თემურ ხაინდრავამ.
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, რაც Spotlight-ს მხარს უჭერს, წელს კი ფინანსური ინსტიტუტი Spotlight Tech 2024-ის მთავარი წარმდგენი და გენერალური სპონსორია. თემურ ხაინდრავას თქმით, ბანკი Forum-ge-ს განვითარებაშიც აქტიურად იყო ჩართული.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულია და ამ ღონისძიებაში ჩართულობით ამას ხელს უწყობს. მე წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი საქართველოს ბანკთან ჩემი პროექტით და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ამის თქმა. საქართველოს ბანკმა ფორუმს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია განვითარების გარკვეულ ეტაპზე, რისთვისაც დღესაც მადლიერი ვარ“, — ამბობს თემურ ხაინდრავა.
Spotlight Tech 2024-ის ფორმატისა და სპიკერების შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.