9 დეკემბერი, 2019 წელი, 17 საათი. ვდგებით სამუშაო მაგიდებიდან და გაგვაქვს ისინი აივანზე. შეხვედრების ოთახიდან ვეზიდებით ტელევიზორს, სკამებს. მაღაზიიდან – ბატიბუტს, სასუსნავებს, სასმელებს. უკან ვაბრუნებთ ოფისის ზღურბლამდე მოსულ დამლაგებელს და ვამბობთ – მთელ პასუხისმგბელობას ვიღებთ სივრცის დალაგებასა და მოწყობაზე.
დღეს მარკეტერს, „სფოთლაითის“ კვირეულის ფარგლებში 15-იოდე ადამიანი ესტუმრება. თხუთმეტიოდე ადამიანი, რომელიც რეგისტრაცია წამებში გაიარა, სხვებს დაასწრო და არ ვიცით, როგორ გადავუხადოთ მადლობა სისწრაფისთვის, ერთგულებისთვის, თუ ჩვენ მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. სხვა მხრივ, ამ ინტერესის გამართლებაც გვინდა. ამიტომ, კომფორტულ გარემოსთან ერთად, ვზრუნავთ პროგრამაზეც, რომელსაც შემდეგ დისკუსია უნდა მოჰყვეს. ეს წინდაწინ გადაწყდა – ჩვენი არქივიდან, რომელსაც პირობითად, „ძველი ქართული ვიდეორეკლამის არქივს“ ვუწოდებთ ხოლმე, პატარა ნატეხს ვუწილადებთ სტუმრებს. პატარას იმიტომ, რომ მთლიანად საჩვენებლად დრო არ გვეყოფა.

ამაზე ვფიქრობთ და უცებ, სტუდიაში არა და მარკეტერის ოფისში ჩნდება მისი დამფუძნებელი – აკო ახალაია. აქანდაზსა და ცოცხს მოხერხებულად იყენებს (მიკერძოებული მედიის შეფასება) და მათ ხელიდან ვერ ვაგდებინებთ. ეს ლუკას „ხელმარჯვეობის“ გამო ხდება. ლუკამ, ძველი რეკლამის თემატიკის გათვალისწინებით, სიმწრით შეგროვებულ ნაძვის ხის ძველ სათამაშოებს მუსრი გაავლო. (შემთხვევითობა, შემთხვევითობა).
მაღაზიიდან ბრუნდება სოფო – მარკეტერის მთავარი რედაქტორი და ხელში პოპკორნის შეფუთვები უჭირავს, რომლებიც მიკროტალღურ ღუმელში უნდა მოვამზადოთ. თიკა თეფშებს ამშრალებს. (თეფშები თინათინმა დარეცხა, ფოტო არ გვაქვს).
ვინახავთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება თვალს ეზედმეტოს. ლეპტოპებს, სტიკერებს, სამუშაო დაფას. ვაკრავთ ბანანს ოფისში, იმ მიზნით, რომ მშიერი არტისტი არა და საღამოს დასასრულს, იქნებ პატარა პერფორმანსის ფარგლებში, მშიერი მარკეტერი დავანაყროთ (თუ ჩვენს ბატიბუტსა და პიცაზე წიხლი გვიკრა, რა თქმა უნდა).
შემოგვაქვს დივანი (დასაჯდომად არა, ამდენი ქურთუკის საკიდი არ გვაქვს, ჯერ).
რა თქმა უნდა, პატარა დივანი იმისთვის გამოვიტანეთ, რომ სოფოს მისთვის, ხუმრობით, „მდივანი“ ეძახებინა და ზედ მოკალათებულიყო. მაგრამ ნუ, ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ლოდინიღა დაგვრჩენია.
ვღელავთ, რა თქმა უნდა. „სფოთლაითს“ 7 წელია ვატარებთ, თუმცა, „სფოთლაითის“ კვირეულს პირველად. ეს იმისთვის მოვიფიქრეთ, რომ ღონისძიება ერთდღიანი არ ყოფილიყო და მათ, ვინც „სფოთლაითის“ ბილეთის ყიდვა ვერ მოასწრო, ასე, ჩვენთან და კიდევ 4 სხვა კომპანიაში შეძლებოდა გარკვეული ცოდნის აკრეფა. უფრო ოფიციალურ განმარტებას რაც შეეხება, „ამ კვირეულის მიზანია, უფრო ახლოს გაგაცნოთ შემოქმედებითი ინდუსტრია – ამ სფეროთი დაინტერესებულებს – სააგენტოები, სააგენტოებს კი, ახალი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში დაგეხმაროთ“.
და აი, კვირეულის პირველი სტუმრებიც მოგვადგნენ კარზე და მალევე შეივსო აუდიტორია. მსგავსი ფორმატის შეხვედრას პირველად ვმასპინძლობდით და აკომ, რომელსაც, სტატიის დასაწყისში, აქანდაზი და ცოცხი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან, სტუმრებს მიმართა. „მისასალმებელი სიტყვა“ მოიცავდა ღონისძიების მიზნისა და ქრონომეტრაჟის ხაზგასმას, ამ სივრცეში მომუშავე ადამიანების გაცნობას აუდიტორიისთვის. ამის შემდეგ კი ღონისძიების მთავარ ეტაპზე გადავედით და ელამ მისი ჯადოსნური ხელებით, ეკრანზე ჩაგვირთო ძველი ქართული რეკლამები – მასალა, რომელსაც მარკეტერი წლებია აგროვებს.
ჩემთვის პირადად, საინტერესო იყო ის კონტრასტი, რომელიც 90-იანებისა და თანამედროვე ქართულ რეკლამას შორის არსებობს. ამის დანახვა, მარკეტერის ოფისში, ერთი საათის განმავლობაში გასულ 80-ზე მეტ ძველ ვიდეორგოლზე დაყრდნობით, უფრო ცხადად შეიძლება. შეიძლება მაშინდელი სოციალური კონტექსტის დანახვა, რომელსაც ასე ინახავს და ასახავს მაშინდელი შემოქმედებითი პროდუქტი – რეკლამა. მაგალითად, „პროკრედიტ ბანკის“ რეკლამაში, რომელიც 90-იანების იყო, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს საჩუქრად გენერატორი გადაეცემოდა. საინტერესო იყო იმის მოსმენაც, თუ როგორ დაილოცებოდით (ზუსტად ეს სიტყვა) საშობაოდ, თუ გაზეთ „ჰორიზონტს“ შეიძენდით და ბევრ სხვა რამესთან ერთად, ღიმილისმომგვრელი იყო SMS-ის გაგზავნის ფუნქციის რეკლამა „ჯეოსელისგან“, რომელიც შეგიძლიათ აქვე ნახოთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს თემები ერთსაათიანი ჩვენების ბოლოსაც განვიხილეთ და ერთხმად, აუდიტორიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ნამდვილად ძალიან განვვითარდით. თუმცა, ზუსტად ვერ ვამბობთ, რამდენად ყიდის დღევანდელი ქართული რეკლამა პროდუქტს? 90-იანებში უფრო ეფექტური იყო პირდაპირი და მარტივი გზავნილების გაჟღერებით პროდუქტზე მოთხოვნის გამოწვევა, თუ ახლა, როცა რეკლამის აღსაქმელად მეტი ფიქრია საჭირო.
„მეტი ფიქრია საჭირო“ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა. ლილეს საყვარელი საქმიანობა კი იმ მაგიდის გვერდით ჩაცუცქვა, სადაც საჭმელია განლაგებული და სანამ ყველა დისკუსიითაა გართული, როგორც ნოდო იტყოდა, „გამოგვერდება“.
მაგრამ ყველაფერი დისკუსიით როდი მთავრდება. ძველ და ახალ რეკლამაზე საუბარი რისი საუბარია, თუ ძველთან ერთად, ახალი რეკლამებიც არ აჩვენე აუდიტორიას და ასე, უფრო საფუძვლიანად არ განიხილე მათ შორის არსებული განსხვავებები. ელა დაუღალავად და ოპერატიულად რთავს საუბრისას მაგალითებად მოყვანილ თანამედროვე რეკლამებს. ამ დროს, აუდიტორიის წევრები გვიცხადებენ, რომ ერთ საათზე დიდ ხანს, მაგალითად, საათისა და ოცი წუთის განმავლობაშიც სიამოვნებით ნახავდნენ ძველ რეკლამებს. თუმცა, უკვე ახალზე გადავედით და ამას აღარ ვუბრუნდებით. ის კი არა, ახალი რეკლამების ჩვენება-განხილვაც გათვალისწინებულზე გაცილებით დიდ ხანს გრძელდება, ძალიან გვიხარია აუდიტორიის ჩართულობა და/თუმცა ვხვდებით – ჩვენი პრობლემა სახელად – არ ვიცით როგორ ვთქვათ „დავიშალეთ ახლა“, აქტიურ ფაზაში შედის. იქნებ, იმიტომ, რომ არც ერთ მხარეს, დაშლა არ გვინდა.
ბოლო სერიაში თიკა შედის სამზარეულოში, ცდილობს გახსნას ღვინო, რომელსაც შემდეგ ლექსო ხსნის. ჩვენ მიერ სახელდახელოდ მოწყობილი „თეატრალური წყობა“ ნელ-ნელა იცლება. კმაყოფილები ვართ ამდენ საინტერესო ადამიანს რომ ვუმასპინძლეთ, მათ მეგობრობის გაგრძელებას ვთავაზობთ და ვეუბნებით – „სფოთლაითის“ კვირეული გრძელდება – ეს მხოლოდ პირველი ღონისძიება იყო და ის მომდევონო 4 დღეც აქტიური იქნება. შემდეგი მასპინძელი კომპანიები იქნებიან სარეკლამო სააგენტოები – Ogilvy, Leavingstone, Windfor’s, Redberry. ადგილები შევსებულია, თუმცა, როგორც პროექტის მენეჯერი – ლუკა ქუთათელი ამბობს, შესაძლოა „რაღაცა გამოჩნდეს“ და ამიტომ, აქვე გიტოვებთ ბმულს, სადაც პროგრამის ნახვასა და იქნებ, რეგისტრაციასაც შეძლებთ.
შეგახსენებთ, რომ პროექტ Spotlight-ის ავტორია Marketer.ge. წელს ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“. მხარდამჭერები არიან: Johnnie Walker, Red Bull, KFC, York Towers, „ბილაინი“, „ბორჯომი“, McDonald’s Georgia, FRIXX, Wolt, Flit Group, ADwise, TON design, Sarajishvili.
ავტორი: ხატია თორდუა