წარმოიდგინეთ სიტუაცია: შუშებიან ოთახში, გუნდის წევრებთან ერთად, კლიენტის პრობლემის კრეატიული გამოსავლის ძებნაში, უშედეგოდ, უკვე რამდენიმე საათი გალიეთ. ყველას ტვინი გაიჭედა. ამიტომ, ფიქრს წყვეტთ და საშველის პოვნას გონებაში პირველივე წამსვე ამოტივტივებულ წიგნსა თუ ფილმში იმედოვნებთ… სტრესის დონე იმატებს, კორტიზოლი აქტიურდება და…
თუმცა, ამაზე მოგვიანებით.დაგპირდით, რომ „სფოთლაითის“ კვირეული გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა. ზუსტად 24 საათში, ახალმა თუ უკვე ერთმანეთისთვის ნაცნობმა სახეებმა, წინა სტატიაში მეგობრობას რომ ვპირდებოდით, თავი არც მეტი, არც ნაკლები – ქართულ Ogilvy-ში ამოვყავით.
სამწუხაროდ, „ოგილვის“ Spotlight Week-ის კვირეულის მასპინძლად გარდაქმნის აღმწერ ტექსტს ვერ შემოგთავაზებთ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, მეც სტუმარი ვიყავი, თუმცა სამზადისის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას ვეცადე და შევძელი კიდევაც.
როგორც იტყვიან, „სფოთლაითის კვირეულის“ წინა მასპინძელი, მომდევნოს ხიდიაო… თუ როგორცაა… Ogilvy Georgia-ს დამფუძნებლის, რობი გველუკაშვილის პატიოსან სიტყვას თუ დავუჯერებთ, „მარკეტერის“ პიცისა და ღვინის ამბავი მათთვის სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა და თავადაც ასე, გემრიელად გადაწყვიტეს ქართული შემოქმედებითი სფეროს შიდასამზარეულოში შეჭყიტვის მსურველთა დახვედრა… პირველი და პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს მხრიდან მზაობა, ჩვენთვის კარი ფართოდ გაეღო და გული ფურცელ-ფურცელ გადაეშალა.
სააგენტოს ხმას, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს, აქამდე ძალიან დაბალზე თუ გაიგონებდით. 2 წლის განმავლობაში, „მარშალის“ სახელით რომ ფუნქციონირებდა, თითქმის სულ ჩუმად იყო… ეგონა, სათქმელი არაფერი ჰქონდა, ხან კი, ჰქონდა და ერიდებოდა. ამიტომ, თავდაჯერებულობის ძიებას შეუდგა რა, საერთაშორისო სააგენტო Ogilvy-ში აღმოაჩინა. კრეატიულ სააგენტოში, არსებობის 71 წელს რომ ითვლის და რომლის დამფუძნებელსაც, აგერ უკვე წლებია, „რეკლამის მამას“ ვუწოდებთ.
ისე გამოვიდა, რომ თავად „ოგილვის“ მოსაყოლი ბევრი ჰქონია… და რობიმაც, ბრენდის შესაძლებლობებზე ბევრი რომ არ ელაპარაკა, პირდაპირ სააგენტოს მიერ შესრულებული ნამუშევრები წარმოგვიდგინა.
სააგენტოს, რომელიც 83 ქვეყანაში 132 ოფისით არის წარმოდგენილი და მათგან, ვინც ციფრული ხელსაწყოებით მარკეტინგულ შედეგზე გასვლას საუკეთესოდ ახერხებს, ერთ-ერთია.
მაგალითისთვის კი, „ფანტას“ კამპანიას მოვიშველიებთ, რომლის ფარგლებშიც, მობილური ტელეფონებისთვის თამაში შეიქმნა, სადაც რაც უფრო ხმამაღლა ყვირი „ფანტაააააააა“, მით უფრო მაღლა ხტება თამაშის მთავარი გმირი.
Title: Snack Saga Fanta
Client: Coca-Cola Brasil – Fanta
Team: @OgilvyBrasilTogether with Gameloft our office in Brazil developed a voice activated game that turned teens' mouths into Fanta's new channel.
Check out more #ClientWork, here: https://t.co/B8ZgTqfyAh pic.twitter.com/jrFoTzhREp
— Ogilvy (@Ogilvy) October 1, 2019
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ბრენდის მიდგომაა და ეს გულისხმობს მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას, ბიჰევიორისტული მეცნიერების (ქცევის ფსიქოლოგია) გამოყენებას იმისთვის, რომ კომუნიკაციის ფარგლებში, მომხმარებლების ქცევა წინასწარ პროგნოზირებადი იყოს.
ამ მიდგომის თვალსაჩინოებისთვის რობიმ ექსპერიმენტში ჩაგვრთო, ილუზიები შეგვიქმნა, ოღონდაც, ოპტიკური… შერჩევითი ყურადღების შესახებაც მოგვიყვა და ადამიანების კონფორმულობისკენ სწრაფვაზეც გვანახა ნამუშევარი – როგორ შეიძლება ინდივიდის ქცევაზე ჯგუფის აზრმა იქონიოს გავლენა.
https://www.youtube.com/watch?v=BgRoiTWkBHU
ინფორმაციის გაცვლა, კითხვები და პასუხები, ცნობისმოყვარე აუდიტორია და გახსნილი მასპინძელი გუნდი!! – ჩემი დაკვირვებით, კვირეულის მიზანი – „სფეროთი დაინტერესებულებს, უფრო ახლოს გავაცნოთ შემოქმედებითი ინდუსტრია, სააგენტოებს კი, ახალი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაში დავეხმაროთ“ – შესრულებულია.
ამის დასადასტურებლად, ერთი განსაკუთრებული ამბავი მაქვს, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიის სახელს ვერ დავასახელებ, სიტყვაზე უნდა მენდოთ: სწორედ გუშინ, Spotlight Week-ის შეხვედრაზე, Ogilvy Georgia-ს ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენელმა თანამშრომლობა შესთავაზა. დეტალები სხვა დროს. ისე კი, რა სასიამოვნოა, არა? Spotlight-ის ანგარიშს კიდევ ერთი სასარგებლო ურთიერთობა რომ შეემატება.
სტატიის დასაწყისში აღწერილ საშინელებათა ჟანრის სიუჟეტს კი კარგი დასასრული აქვს. ყოფილ „მარშალს“, ანუ Ogilvy Georgia-ს დღეს, ზემოხსენებული პრობლემა არ აქვს. ზურგსუკან გამოცდილი საერთაშორისო ბრენდი რომ უდგას, სწორედ მის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს მიჰყვება და დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ამოცანის გადაჭრის გზაზე შემდგარი, მოულოდნელად, არასწორად არ გადაუხვევს. და თუ მაინც გადაუხვევს, იმ დიდი გუნდის დახმარების იმედი აქვს, გლობალურ პრობლემებს წლებია, რომ ჭრის და აგერ უკვე, ქართული „ოგილვის“ ნამუშევრებსაც საკუთარ ჭერში აწყობს.
სიტყვა კვირეულივით გამიგრძელდა და შევეცდები, მოკლედ დავასრულო:
დღეს, Spotlight-ის ფარგლებში, უკვე „ლივინგსტონმა“ გვიმასპინძლა, ხვალ და ზეგ კი, Windfor’s-სა და Redberry-ში გველოდებიან – ვინაიდან და რადგანაც, 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე, Marketer.ge და ქართული საკომუნიკაციო სააგენტოები, თავიანთ ოფისებში, ლექცია-მასტერკლასებს მართავენ.
„სფოთლაითის“ დასკვნითი ღონისძიება 15 დეკემბერს გაიმართება.
ამასობაში კი, შემეშვი კი არადა, შეხვედრამდე, „ოგილვი“!
P.S. „შემეშვიზე“ დაუმკაყოფილებლობის გრძნობა თუ გაქვთ, ჯერ სტატიაში მოცემულ უკანასკნელ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, შემდეგ კი, თავად სააგენტოს ჰკითხეთ…
შეგახსენებთ, პროექტ Spotlight-ის ავტორია Marketer.ge. წელს ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“. მხარდამჭერები არიან: Johnnie Walker, Red Bull, KFC, York Towers, „ბილაინი“, „ბორჯომი“, McDonald’s Georgia, FRIXX, Wolt, Flit Group, ADwise, TON design, Sarajishvili.
ავტორი: თიკა გეგენავა