პარასკევ საღამოს გამოხვიდე სამსახურიდან და გაგანია პიკის საათში გაქანდე ვაკიდან საბურთალოზე, ცეცხლის ფასად. როგორი ამბავია? გასაგიჟებელი. მაგრამ, მოიცა, ჯერ სად ხარ… რაკი კითხვა დაიწყე, მომყევი – “სფოთლაითის კვირეულის” ბოლო (მეხუთე) დღის ამბები უნდა მოგიყვე.
“როგორ ამოვხსნათ ამოუხსნელი ბრიფი?” – ამ მაცდური სათაურით “რედბერიმ” თავის კოსმოსურ შატლში მოგვიყარა თავი. და რაკი, სტუმრების ნაწილმა პარასკევსაღამური განტვირთვის თუ დაუსრულებელი საცობების გამო, ჩვენამდე ვერ მოაღწია, ბუხართან “ჟიზნენებზე” საუბარს შევეშვით და ცოდნის თეორიულად გადმოცემის ნაცვლად, “გეგმა B”-ს დავუთმეთ ასპარეზი. ასე ამოვყავით თავი სამუშაო მაგიდასთან, როკეტმენებს შორის, “ამოუხსნელი ბრიფის” პრაქტიკულად ამოსახსნელად.
ახლა ბრიფზე, ორიოდე სიტყვით…
არის ასეთი პლანეტა P12D3C (ბოდიში მოგვითხოვია და, “პიზდეც”-ად იკითხება, ისე კი, შემდგომში “მზის რკალით” მოვიხსენიებთ). მის მაცხოვრებლებს ძალიან სურთ პლანეტის განადგურება, თუმცა თავად ვერ უმკლავდებიან. ამიტომაც, კომპანია 21 PLEAT LTD-მა შექმნა ადამიანთა ისეთი ტიპი, რომლებსაც პლანეტის განადგურება საუცხოოდ შეუძლიათ. ახლა კი, სულ რაღაც, ერთ კვირაში (ანუ, ჩვენებურად, “გუშინ”) სურს ამ პლანეტის მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ადამიანი მათ სურვილებს და დაკისრებულ ამოცანას საუკეთესოდ შეასრულებს.
ჯერ ერთი, ეს “მზის რკალი” რაღაა, ან დესტრუქციულ იარაღს რატომ ეძებენ? სამიზნე სეგმენტად ამათაც “ყველა” უწერიათ? რა აბსურდია, არა? თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ მსგავსი ბრიფი სააგენტოებს არასოდეს მიუღიათ და იქნებ, ამიტომაც, ჰქვია ამოუხსნელი.
ბრიფის პირველადი მოსმენის შემდეგ, კითხვები დავსვით, რაც დავალების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვცემდა. შემდეგ კი, დიდი ინტერესით შევუდექით მის ამოხსნას. მაინც, როგორ დავაჯეროთ მზის რკალის მობინადრეებს, რომ ჩვენ, ადამიანებს ბადალი არ გვყავს პლანეტის განადგურებაში? არადა, რაც არ გვიჭირს, ეგაა… ჰაერის დაბინძურება გინდა თუ ოკეანის? ტყეების გადაწვა? წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველების ამოხოცვა? გენმოდიფიცირებული და ტოქსიკური საკვებიც არ დაგვავიწყდეს… ერთი სიტყვით, ადამიანი მართლაც იდეალური არჩევანია ნებისმიერი პლანეტის გასანადგურებლად. მთავარია, ახლა ამაში მზის რკალელები დავარწმუნოთ.
მაგრამ, როგორ მივიქციოთ მათი ყურადღება? მთავარი გზავნილი გვჭირდება, მაგალითად, ასეთი: “დაგამთავრებთ!”. და კიდევ ბევრი იდეა გვჭირდება. ყველა, თუნდაც ძალიან სულელური იდეა უნდა ვთქვათ, რომ იქნებ, ბრეინშტორმინგისას ვინმეს აზრს შევუერთოთ ან სრულიად სხვა განვითარება მივცეთ… აი, ასე, სულ რაღაც, ათ წუთში დაგვებადა სახალისო იდეები: ადამიანები ინფლუენსერებად გვექცია და თავად ეამბნათ თავიანთ დესტრუქციულ გამოცდილებაზე მზის რკალელებისთვის, ან რეალითი შოუს ტიპის თამაში “ანგრევენ ვარსკვლავები” შეგვექმნა, ან ადამიანები ვილაინ პერსონაჟებად გამოგვეყვანა და რამდენიმე ტიპის სამიზნე აუდიტორიასთან სხვადასხვა არქეტიპის მქონე პერსონაჟს ემუშავა, ციფრული თამაში გაგვეკეთებინა, სადაც ყოველ ადამიანს თავისი მაჩვენებლები ქარდზე ექნებოდა წარმოდგენილი, ან, სულაც მზის რკალის ტელევიზიით “მოდელირებული ქრონიკა” გაგვეშვა… მოკლედ, ბევრი რამ ითქვა, ბევრიც ვიცინეთ, მაგრამ ბოლოს მაინც რედბერიმ მოგვიგო, სანდრო ჯავახიშვილის იდეით, რომელმაც ადამიანების დესტრუქციული ქმედება ხელოვნებად შეფუთა… მოკლედ, იქ უნდა ყოფილიყავით…
არა, არ დავღლილვართ…
უბრალოდ, თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ შატლში.
მართალია, როგორც აგვიხსნეს, ამ ტიპის ბრიფს არ აქვს ეფექტური ამოხსნა, თუმცა, ის მაინც გავიგეთ, როგორია დავალებაზე მუშაობის პროცესი და რამდენად შემოქმედებითები შეგვიძლია ვიყოთ, ბრიფზე მუშაობის პროცესი. და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ბრიფზე კრეატიულად მუშაობა? “ამოუხსნელი ბრიფის” კარგი ამოხსნა არ არსებობს. თუმცა, ყველას შეუძლია რაღაც კარგი მოიფიქროს, თუკი სწორ დავალებას მისცემ” – ეს ჩემი სიტყვები არაა, მიშო წიკლაურს ვციტირებ.
“სფოთლაითის კვირეულზე” რეგისტრირებულ მონაწილეებს, მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა უფასოდ დასწრებოდნენ შეხვედრებს სააგენტოებში, გაეცნოთ მათი შიდა სამზარეულო, საძინებელი, მუშაობის პრინციპი, გამოცდილება, ბევრი ეხალისათ და ახალი მეგობრებიც შეეძინათ.
მართალია, “სფოთლაითის კვირეული” დასრულდა, თუმცა, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული Spotlight 2019 ჯერ კიდევ წინაა და 15 დეკემბერს აგუგუნდება Radisson Blu Iveria-ში. მანამდე კი, Redberry-სა და ჩემი ფლეილისტების ტოპ სიმღერით გემშვიდობებით:
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
შეგახსენებთ, პროექტ Spotlight-ის ავტორია Marketer.ge. წელს ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“. მხარდამჭერები არიან: Johnnie Walker, Red Bull, KFC, York Towers, „ბილაინი“, „ბორჯომი“, McDonald’s Georgia, FRIXX, Wolt, Flit Group, ADwise, TON design, Sarajishvili.