სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ სტარტაპ SoundCell-ის დამფუძნებელი ალექსანდრე ჯაფარიძე. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა ფუნდამენტურად შეიცვალა…
ჩემი გზა მაშინ შეიცვალა, როდესაც აკადემიური სფეროს დატოვება გადავწყვიტე. მანამდე ძალიან ნათლად ვიცოდი, რას ნიშნავდა წარმატება და რა ნაბიჯები უნდა გადამედგა კარიერული წინსვლისთვის. სისტემიდან გამოსვლა, რომლის ნაწილიც 16 წლის განმავლობაში ვიყავი, და ყველაფრის ნულიდან დაწყება ნამდვილად გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
პირველ რიგში, ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ოჯახის მხარდაჭერას. გამიმართლა, რომ გარშემო მყავს ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ. ასევე ძალიან გამიმართლა ჩემს მენტორში – გიორგი მუსხელიშვილის სახით, რომელიც შესანიშნავი მეცნიერი და ადამიანია. ის არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებში მიჭერდა მხარს, არამედ მასთან შემეძლო ათასნაირი იდეის განხილვა და შთაგონების მიღება.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ალბათ ყველაზე ცუდი რჩევა, რაც კი ოდესმე მივიღე, იყო: „არ ილაპარაკო ბევრი, აზრი არ აქვს საკუთარი აზრის გამოხატვას, მაინც ვერაფერს შეცვლი“.
M: რისი გჯეროდა წარსულში და აღარ გჯერა დღეს?
ბევრი რამის – თოვლის ბაბუიდან დაწყებული, სამეცნიერო იდეებით დამთავრებული.
M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
„თუ რამის გაკეთება გინდა, თავად გააკეთე. სხვებს ნუ დაელოდები“.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
რწმენა იმისა, რომ რაც უნდა რთული გზა გქონდეს გასავლელი, ყოველთვის დადგება უკეთესი დღეები.
M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
„მეტი დრო დაუთმე დასვენებას და უფრო ხშირად აიღე შვებულება.“
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
როგორც წესი, არაფერს ვნანობ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში სინანულის განცდა არ მაქვს. ყოველთვის ვფიქრობ, რომ არსებობს ისეთი რამეები, რაც შეიძლება შეიცვალოს და ისეთიც, რაც ვერ შეიცვლება – მათზე ზედმეტი ნერვიულობა უბრალოდ არ ღირს.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
მარტოობის.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, დღესაც ხშირად მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცი. რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო კარგად ვაცნობიერებ, რამდენი რამ არის კიდევ შესასწავლი და აღმოსაჩენი.
M: Spotlight X-ზე აუდიტორიას რას გაუზიარებ?
ვისაუბრებ ჩემს გზაზე – ახალი გამოწვევების ძიებაზე, კომფორტის ზონიდან გამოსვლის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესში აღმოაჩინო საინტერესო რამეები როგორც სამყაროზე, ისე საკუთარ თავზე.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













