სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ ავთო კუჭავა, პიქსელ აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ თუ კარგად ისწავლი, კუთვნილს მიიღებ. ვისწავლე, ინგლისურიც დავძლიე, პრაქტიკაც შევიძინე, შეჯიბრებებიც მოვიგე და ყოველ ჯერზე „ესეც არ იყო საკმარისი“. ბოლოს ლექტორებს შევხედე და მივხვდი — ამ გზის ბოლოს ის არ მელოდა, რაც მინდოდა. იმ დღეს შევწყვიტე რწმენა, რომ კუთვნილს ასე მიიღებ. არ მიიღებ — უნდა ადგე და თვითონ აიღო, ნებართვის გარეშე. და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონხარ ან არ მოსწონხარ, თუ შენი შესაძლებლობების გჯერა და საქმეს აკეთებ არავის „კლუბი“ არ გჭირდება, იმ დონეზე უნდა ახვიდე სხვებისთვის შენი დაიგნორება აზრს მოკლებული იყოს.
ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
ან გააკეთე, ან ნუ ილაპარაკებ.
რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
ერთ წელიწადში მამაშენი სოფლის სახლს გაყიდის და მაინერებს ვიყიდით. ასე ნუ გააკეთებ — მანქანაც, სწავლისთვის განკუთვნილი ფულიც, ყველაფერი პირდაპირ ბიტკოინში ჩადე, არა მხოლოდ სოფლის სახლის თანხა. და ნუ გეშინია — სწავლა მაინც შენით მოგიწევს, შენ კი ამას ისედაც შეძლებ, ტყუილად ნუ ინერვიულებ.
ყველაზე მეტად მეშინია…
გაჩერების. არა წაგების, არამედ გაჩერების, რომ სადღაც დავიღლები, მაგრამ ჯერ ამის არანაირი საშიშროება არ ჩანს.
ყველაზე ხშირად ვნანობ…
რომ ზოგჯერ დარწმუნებული ვიყავი და მაინც „სრულყოფილ მომენტს“ ველოდი. ბაზარმა მასწავლა, რომ იდეალური მომენტები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „ადრე“ ან „გვიან“ ნუ დაუჯერებ ფრაზას „ბაზარი ჯერ მზად არ არის“, ის არასდროს იქნება მზად. არც Uber-ის დროს იყო, არც Airbnb-ის დროს, არც Facebook-ის, არც Twitter-ის, არც SpaceX-ის, არც Apple-ის და არც Bitcoin-ის დროს. ზოგადად სანანებელი არაფერია ყველაფერი გამოცდილებაა. ყველა ადამიანები ვართ , ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, ეგაა და ეგ. ცხოვრება მარტივია ადამიანები, რომ არ ირთულებდნენ მას.
რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
„მეტი დიპლომატია“ — ხშირად დიპლომატია ხალხს აფერისტობაში ერევა. მსოფლიო თავხედი ხალხისაა, რევოლუციას დიპლომატები ვერ ახდენენ.
რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
დანტეს „ჯოჯოხეთი“. ამ წიგნმა მასწავლა, რომ ფსკერიდან ერთადერთი გასასვლელი წინ მიმავალი გზაა. და ასევე კრიპტოგრაფიის ცოცხალ ლეგენდასთან, ადამ ბეკთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი — სწორედ აქ დაიწყო ჩემი კრიპტოგრაფიაში მოგზაურობის მთავარი ნაწილი. ბიტკოინის ვაითფეიფერის თანამოაზრესთან პირისპირ საუბარი საერთოდ სხვა გამოცდილებაა.
რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
ქუთაისის კალათბურთის გუნდში ვიყავი, ანსამბლში სოლისტი, კრივიც მოვასწარი 3 წელი და ცხვირი არ გამიფუჭებია. კუჭავა, წარმოშობით ქუთაისელი, მომენტებში სვანი.
გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)
ჩემი გზა ორმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა შეცვალა. 2017 წელს ჯერ სოფელში ყველაფერი გავყიდე და მაინერები ვიყიდე — ხალხს ეს სიგიჟე ეგონა. 2021 წელს კი, ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, მარტო ვადგენდი კონტრაქტს, რომელსაც მთელი იურიდიული ჯგუფი სჭირდებოდა — მხოლოდ ჩემს გრამატიკაზე მივიღე ფიდბექი. ამ დროს საფულეში ჩემი $1.5-იანი ინვესტიცია $1,800-მდე იყო ასული. 10 წუთში წამოვედი სამსახურიდან და აქედან დაიწყო კრიპტო ბაზარი.
რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
თუ ყველა გეუბნება, რომ ცდები, ესე იგი, მართალი ხარ და ყველა სხვა ცდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია უმრავლესობა. უბრალოდ, მთავარია, შენს საქმეში საკუთარი თავის გჯეროდეს. სხვას არავის და არაფერს აქვს მნიშვნელობა — ეგ გზა მაინც შენი გასავლელია.
Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…
ჩემს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რატომ იგებენ ისინი, ვინც მაშინ მოძრაობს, როცა სხვები შიშით გაჩერებულები არიან, და როგორ ვაქციეთ პატარა საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ კრიპტობაზრად.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













