სულ მალე, „სფოთლაითი“ კიდევ ერთხელ გააერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს და მათ სასტუმრო „ტელეგრაფში“, 14 ივნისს უმასპინძლებს. ტრადიციულად, ეს იქნება დღე, რომელიც არ დაგავიწყდებათ, თავისი შთამაგონებელი ისტორიებთა და საინტერესო მიგნებებით. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელ Spotlight X-ზე ბევრი ახალი სახე შეგხვდებათ. სპიკერებს შორის გახლავთ დავით ღვედაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის ფროდაქთ ოუნერი. სანამ მას „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ერთ-ერთი ყველაზე მცდარი რჩევა, რაც კი მიმიღია, იყო: „ის გააკეთე, რაც უკვე მუშაობს“. რეალურად, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, ყველაზე დიდი რისკი ხშირად სწორედ უცვლელად დარჩენაა. თუ მუდმივად მხოლოდ უკვე დადასტურებულ გზებს მიჰყვები, რაღაც მომენტში უბრალოდ სხვებს დაეწევი, მაგრამ ვერასდროს გაასწრებ.
M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
„არ გაჩერდე“. ალბათ საქართველოს ბანკში მუშაობამ ამ აზროვნებაზე ძალიან იმოქმედა – მუდმივად მოძრაობაზე, განვითარებასა და შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრზე.
M: რისი გჯეროდა წარსულში და აღარ გჯერა დღეს?
ადრე მეგონა, რომ წარმატებას სიმშვიდე მოჰყვება. დღეს ვიცი, რომ წარმატების შემდგომ ყველაზე რთული ეტაპი იწყება, რადგან სწორედ მაშინ ჩნდება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ალბათ კონკრეტულ წიგნზე ან ერთ ადამიანზე მეტად, ყველაზე მეტად სწორ დროს სწორ ადამიანებთან მუშაობამ შემცვალა. ბევრი რამ სწორედ გარემოსგან და ადამიანებისგან ვისწავლე – როგორ ფიქრობენ, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ რეაგირებენ წარუმატებლობაზე და როგორ მოქმედებენ წარმატების შემდეგ.
M: გაიხსენე მომენტი, როცა შენი გზა ფუნდამენტურად შეიცვალა…
შვილის შეძენა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამის შემდეგ ბევრ რამეს სრულიად სხვანაირად ვუყურებ – დროს, პასუხისმგებლობას, მომავალს და იმასაც, თუ რეალურად რისთვის ვმუშაობ.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს ზოგჯერ საკმარისი ყურადღება ვერ დავუთმე.
M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
„იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია“. ალბათ ადრე საკუთარი თავის იმხელა რწმენა არ მქონდა, როგორიც დღეს მაქვს.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
რწმენა, რომ მუდმივი განვითარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადი წარმატება.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
თვითკმაყოფილების. იმ მომენტის, როცა ფიქრობ, რომ უკვე მიაღწიე იმას, რისთვისაც იბრძოდი და ზრდას წყვეტ.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
რომ ყველაზე დიდ დროს ხშირად პატარა დეტალებზე ვხარჯავ. ზოგჯერ ზედმეტადაც კი.
M: Spotlight-ზე აუდიტორიას რას გაუზიარებ?
ისტორიას იმაზე, თუ როგორ გახდა პატარა ქვეყანაში შექმნილი პროდუქტი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული; რას ნიშნავს მსგავსი წარმატება რეალურად და რატომ მოაქვს მას ყველაზე მეტად პასუხისმგებლობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar












