in

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი გიორგი გურგენიძე

სულ მალე, „სფოთლაითი“ კიდევ ერთხელ გააერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს და მათ სასტუმრო „ტელეგრაფში“, 14 ივნისს უმასპინძლებს. ტრადიციულად, ეს იქნება დღე, რომელიც არ დაგავიწყდებათ, თავისი შთამაგონებელი ისტორიებთა და საინტერესო მიგნებებით. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ გიორგი გურგენიძე, საქართველოს ბანკის აპლიკაციის ფროდაქთ ოუნერი, რომელიც ჩაატარებს ვორქშოფს თუ როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად. სანამ მას „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ.

M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?

ყველაზე მცდარი რჩევა, რაც კი მიმიღია, იყო: „გადი კომფორტის ზონიდან“. ჟღერს მოტივაციურად, თუმცა აქცენტი სულ სხვა რამეზე უნდა იცვლებოდეს. მიზანი არასოდეს ყოფილა კომფორტის ზონის დატოვება – მიზანი მისი გაფართოებაა. ჩემი საუკეთესო ნამუშევრები ყოველთვის თავდაჯერებულობიდან მოდიოდა და არა დისკომფორტიდან. ადამიანი არ იზრდება მუდმივი დისკომფორტით; იზრდები მაშინ, როცა იმას, რაც აქამდე დისკომფორტს გიქმნიდა, კომფორტულად აქცევ.

M: რისი გჯეროდა წარსულში და აღარ გჯერა დღეს?

მჯეროდა, რომ ძალისხმევა ყველაფრის პასუხი იყო. თუ რაღაც არ გამოდიოდა, მეგონა, რომ გამოსავალი ყოველთვის „მეტის“ კეთებაში იყო – მეტი საათი, მეტი შედეგი, მეტი შრომა. დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ პროდუქტის სფეროში ყველაზე ღირებული უნარი მეტის შენება კი არ არის, არამედ იმის ზუსტი ცოდნა, თუ რა არ უნდა ააშენო. ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა ის ფუნქციონალი, რომელიც გავუშვი – არამედ ის, რაც გაშვებამდე „მოვკალი“. შრომა კი არ განასხვავებს პროდუქტებს, არამედ სწორი გადაწყვეტილება.

M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?

სადღაც წერტილში შევწყვიტე სწორი წიგნის, სწორი მენტორისა თუ იდეალური მომენტის ლოდინი. ყველა ადამიანი, ვისაც ვხვდები, ყველაფერი, რასაც ვკითხულობ ან ვუყურებ – ვცდილობ, აბსოლუტურად ყველაფრიდან რაღაც ღირებული წამოვიღო. ეს რომელიღაც კონკრეტული ფილოსოფიის გამო კი არ ხდება, უბრალოდ იმიტომ, რომ ამ მიდგომაში ვხედავ აზრს.

თუმცა, ერთს მაინც გამოვყოფ – სერიალს The Office („ოფისი“). მაიკლ სკოტმა მასწავლა, რომ გულწრფელობა – თუნდაც სრულიად მოუხერხებელი და უხერხული – საბოლოოდ ყოველთვის მუშაობს.

M: ყველაზე ხშირად ვნანობ…

სინამდვილეში, სინანული არც მგონია სწორი სიტყვა – ყველაფერი გამოცდილებაა და თითოეულ გადაწყვეტილებას თავისი გაკვეთილი მოაქვს. მაგრამ თუ მაინც ერთი რამის დასახელება მომიწევს, ალბათ იმას, რომ 10 წლის წინ ბიტკოინი არ ვიყიდე.

M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?

იყიდე ბიტკოინი.

M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?

ყველაზე ხშირად ეს მახსენდება – ერთადერთი რამ, რაც არასოდეს იცვლება, არის ის, რომ ყველაფერი იცვლება. პროდუქტები იცვლება, ბაზარი იცვლება, გარემოებებიც იცვლება. ადამიანები? – ნაკლებად, მაგრამ კონტექსტი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განიცდის. ცვლილება თავისთავად არ არის საფრთხე, საფრთხე მხოლოდ იმის ილუზიაა, რომ რაღაც შეიძლება სამუდამოდ უცვლელი დარჩეს.

M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?

ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ სანამ ბანკში მოვიდოდი, მანამდე საერთოდ არასოდეს დამიინვესტირებია – არც აქციებში, არც კრიპტოვალუტაში და არც არსად. ასე რომ, ადამიანი, რომელიც ახლა საინვესტიციო პლატფორმას აშენებს, ამ სფეროში თავად აბსოლუტური ნულიდან დაიწყო.

M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?

რწმენა იმისა, რომ პატარა, თანმიმდევრული ნაბიჯები დროთა განმავლობაში გაცილებით ძლიერ შედეგს იძლევა, ვიდრე იშვიათი, სპონტანური მოტივაციის აფეთქებები. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს ინვესტირებაშიც, დიდ კაპიტალს ერთი იდეალური გარიგება კი არ ქმნის, არამედ წლების განმავლობაში რეგულარულად და სისტემურად მიღებული სწორი გადაწყვეტილებები.

M: Spotlight-ზე აუდიტორიას რას გაუზიარებ?

ვორქშოპზე ვისაუბრებ ინვესტიციებზე – იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, კონკრეტულად აქციებისა და კრიპტოვალუტის მაგალითზე. აუცილებლად შევეხებით იმ შიშებსა და კითხვებს, რომლებიც, როგორც წესი, პირველი ნაბიჯების გადადგმისას ჩნდება ხოლმე. ჩემი მიზანი მარტივია – სესიის ბოლოს ინვესტირება მომხმარებლისთვის აღარ იყოს რაღაც შორეული, მისტიკური და გაუგებარი ტერმინი.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები: Coinmania, AversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ლუკა ქობალია

ბლიც-ინტერვიუ – გაიცანი Spotlight X-ის სპიკერი ნინო ფეიქრიშვილი