უკვე იცით, რომ “Spotlight X” 14 ივნისს სასტუმრო „ტელეგრაფში” გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როგორც წარმომადგენლებს, ისე ენთუზიასტებს. როგორც ყოველ წელს, ამჟამადაც, სპიკერები საგულდაგულოდ შეირჩნენ და მათ ნამდვილად აქვთ აუდიტორიისთვის გასაზიარებელი საინტერესო ამბები.
Spotlight X-ის სცენაზე სულ 23 სპიკერი წარდგება, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ შთაგონების ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია. მათგან ერთ-ერთია ნიკა ჩილინდრიშვილი, Inner-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მსმენელთან პირისპირ წარდგენამდე marketer-ის ბლიცკითხვებს უპასუხებს:
M: რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ ადამიანების გადაწყვეტილებებს ძირითადად ლოგიკა განსაზღვრავს. რაც უფრო მეტ ადამიანთან და პროდუქტთან ვიმუშავე, მით უფრო დავრწმუნდი, რომ ადამიანებს, პირველ რიგში, ემოციები ამოძრავებთ და შემდეგ ვპოულობთ ლოგიკურ ახსნას.
M: ფრაზა/წინადადება, რომელიც გახსოვს ყველაზე ხშირად?
„შეიძლება მართალი იყო და მაინც არაფერი შეიცვალოს, თუ არ იმოქმედებ”.
M: რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
უფრო ხშირად დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: „მართლა ეს მინდა თუ უბრალოდ, ასეა მიღებული?“ ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე გადაწყვეტილებებს იმიტომ ვიღებდი, რომ ლოგიკურად მეჩვენებოდა. მერე მივხვდი, რომ ლოგიკური და სწორი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
დღეს უკვე შეცდომებზე მეტად მეშინია იმის, რომ მნიშვნელოვანი იდეები, მომენტები და შესაძლებლობები შიშის ან ვერგაბედვის გამო გამოუყენებელი დარჩეს.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
უფრო იმ მომენტებს, როცა საკუთარი ინტუიცია ფაქტების ნაკლებობის გამო გადავაფასე.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
„ფოკუსირდი მხოლოდ იმაზე, რაც კარგად იცი”.
ყველაზე საინტერესო პროექტები ჩემს ცხოვრებაში სწორედ იმ ადგილებში დაიწყო, სადაც საერთოდ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. თუ ყოველთვის მხოლოდ ნაცნობ ტერიტორიაზე მოძრაობ, საბოლოოდ, მხოლოდ იმას იმეორებ, რაც უკვე არსებობს.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ფსიქოთერაპია – ეს არც წიგნია და არც ფილმი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მან შეცვალა არა მხოლოდ ჩემი ხედვა საკუთარ თავზე, არამედ გამიჩინა ახალი, გრძელვადიანი მიზანი, თუ რა პრობლემის მოგვარებას ვაპირებდი მომავალში
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
ბევრს ჰგონია, რომ მენტალური ჯანმრთელობის სფეროში ბიზნესშესაძლებლობა დავინახე და ამიტომ დავინტერესდი. რეალურად, პირიქით მოხდა, ჯერ პირადი გამოცდილება მქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავინახე, რამდენად დიდი პრობლემა იყო სისტემურად მოუგვარებელი.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა…
ძალიან დიდი კავშირია ამ პასუხს და წინა ორ პასუხს შორის – მთავარი ცვლილება დაიწყო მაშინ, როცა მივხვდი, რომ პროფესიული წარმატება და პირადი კეთილდღეობა ერთმანეთის ავტომატური შედეგები არ არის. ალბათ, სწორედ მაშინ დავინტერესდი მენტალური ჯანმრთელობით სრულიად სხვა კუთხით.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
ზოგჯერ ყველაზე ღირებული შესაძლებლობა იქ არის, სადაც ყველა მხოლოდ რისკს ხედავს ან არ სჯერათ. თუ საკმარისი ხალხი გეუბნება, რომ რაღაც შეუძლებელია, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები არიან. ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს, რომ ის ჯერ არავის უცდია
M: დაბოლოს, რას გაუზიარებ Spotlight-ის აუდიტორიას?
რატომ მგონია, რომ მომავლის ყველაზე საინტერესო პროდუქტები იქ შეიქმნება, სადაც ადამიანური გამოცდილება და ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდება და რატომ არის ზოგჯერ პირადი ისტორია უკეთესი კვლევა, ვიდრე ასგვერდიანი რეპორტი.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













