სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ Self.HR-ის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა ფუნდამენტურად შეიცვალა…
2020 წელს სტაბილური სამსახური დავტოვე და საკუთარი იდეის რეალობად ქცევა პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე. ეს იყო დიდი და, საბედნიეროდ, გამართლებული რისკი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, უფრო დიდი თავდაჯერება შემძინა და უამრავ გამორჩეულ ადამიანს შემახვედრა.
M: რისი გჯეროდა ადრე და აღარ გჯერა დღეს?
Self.HR-მდე მჯეროდა, რომ ვინც ბიზნესს იწყებდა, ყოველთვის ზუსტი გეგმით, გათვლებითა და რისკების სრული შეფასებით იწყებდა. დღეს ვივი, რომ ბევრი პასუხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა პირველ ნაბიჯს დგამ, და 100%-ით მზად ვერასდროს იქნები. უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, რომ ახლა შენი დროა, და დაიწყო.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ვფიქრობ, მცდარი რჩევა არ არსებობს. როცა ბიზნესს ვიწყებდი, ხშირად მაფრთხილებდნენ იმ სირთულეებზე, რომლებიც წინ შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ჩემ გარშემო ადამიანები საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ და რჩევებს მაძლევდნენ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც თავად ჰქონდათ გავლილი. შესაძლოა, ბევრი სცენარი, რომელსაც ისინი აღწერდნენ, რეალურად არც არასოდეს დამდგარა, თუმცა ფაქტი ერთია – მათი რჩევები დაგვეხმარა, მზად, პასუხებით დავხვედროდით ყველა სირთულეს.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
რწმენა არა, უფრო იმ რეალობისთვის თვალის გასწორება დამეხმარა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად 24/7-ზე მუშაობაა საჭირო, non-stop რეჟიმში. ბუნებრივია, პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგი, დიდ გამბედაობას მოითხოვდა, მაგრამ გამბედაობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დისციპლინა და მზაობა იმისთვის, რომ წარმატების მისაღწევად ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი ამ საქმისთვის უნდა მიმეძღვნა.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ადამიანები. განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც დავიწყე Self.HR. ეს იყო გუნდი, რომელმაც მაჩვენა, თუ რამხელა ძალა აქვს ნდობას, მხარდაჭერასა და ერთად მუშაობას; დამანახა, რომ როცა მიზანი საერთოა, შეუძლებელი არაფერია.
M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
ჩემს თავს 10 წლის წინ ვეტყოდი მადლობას. მადლობას იმისთვის, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, როცა აშკარა რისკი იყო საჭირო, უკან დახევის ნაცვლად ბედავდა და წინ დგამდა ნაბიჯს.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
არაფერს ვნანობ ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიცი, რომ ის, რაც არ გამომივიდა, ვცადე მაინც – ყველაფერი ჩავდე და უბრალოდ არ გამოვიდა. ბავშვობიდან ასე გამზარდეს: ყველაფერი გააკეთე შენი ოცნებებისა და მიზნებისთვის, და თუ მაინც არ გამოვა, გეცოდინება, რომ შანსი ხელიდან არ გაგიშვია. დაკარგულ შესაძლებლობებზე გულდასაწყვეტი, ალბათ, არაფერია ცხოვრებაში.
M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება…
ჩემს ბავშვობას სულ თან სდევდა ფრაზა – „თავი მაღლა და წადი!“. Spotlight-ზე გამოსვლისას უფრო ვრცლად მოვყვევი, თუ რა გავლენა მოახდინა ამ მარტივმა წინადადებამ მთელ ჩემს ცხოვრებაზე.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
ყველაზე ხშირად მეშინია, რომ წლების შემდეგ ჩემი შვილები იტყვიან – დედასთან ცოტა დრო გვაქვს გატარებულიო. ამიტომ ყოველდღე ვცდილობ, ის დრო, რომელსაც მათთან ვატარებ, იყოს ნამდვილად ხარისხიანი. ყოველგვარი გაჯეტების გარეშე, ბევრი საუბრით, მათი სურვილების მოსმენით, აზრის გაზიარებითა და იმ განცდის შექმნით, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დედა სრულად მათთანაა და მხოლოდ მათზე ფიქრობს.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
ადამიანებს ექსტროვერტი ვგონივარ და არ იციან, რომ ყველაზე მშვიდად და კომფორტულად საკუთარ თავთან ვარ. მართალია, გარედან არ მეტყობა, მაგრამ აუდიტორიასთან ყოველი გამოსვლის წინაც ზუსტად ისე ვნერვიულობ, როგორც წლების წინ, ჩემს პირველ გამოსვლაზე. ხალხმრავალ გარემოში ყოფნა ჩემგან რეალურად დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს.
M: Spotlight X-ის აუდიტორიას რის შესახებ ესაუბრები?
ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ იზრდება ადამიანში გამბედაობა. გავაზიარებ ჩემს ისტორიას, როგორ დავიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა 90-იან წლებში – დროში, როცა შიში ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე თავდაჯერებულობა, და როგორ იქცა პატარ-პატარა გამოცდილებები იმ ძალად, რომელიც დღეს უფრო დიდი მიზნების დასახვასა და მიღწევაში მეხმარება.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













