in

სცენა დარბაზის შუაგულში, ბევრი AI და განსხვავებული პერსპექტივები – როგორი იყო Spotlight X

13 წელი, არაერთი მასშტაბური ღონისძიება და 300-ზე მეტი სპიკერი სცენაზე – „სფოთლაითის“ ისტორია ახალ ფურცელს წერს. 14 ივნისს პროექტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს. ამჯერად, წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეულმა შეხვედრამ სასტუმრო „ტელეგრაფში“, სრულიად განსხვავებულ ფორმატში გადაინაცვლა. დარბაზის ცენტრში მოწყობილი ოდნავ შემაღლებული პლატფორმა, წრიულად განლაგებული სტუმრები და მყუდრო გარემო თითოეულ დამსწრეს სცენის ნაწილად აქცევდა, რაც ამ დიდ ისტორიას ახალ გამოცდილებას ჰმატებდა.

Spotlight X-ის სცენა დაეთმო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრეს გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებთან ადაპტაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება.აქ შეხვდებოდით როგორც ნაცნობ სახეებს, ისე ახალ აღმოჩენებს, რომლებმაც სრულიად კონტრასტული, თუმცა თანაბრად საინტერესო ამბები მოიტანეს. ღონისძიება დახუნძლული იყო ისტორიებით იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ტექნოლოგიამ, ხელოვნურმა ინტელექტმა, ციფრულმა ინსტრუმენტებმა და ინოვაციებმა მათი საქმიანობა, შემოქმედება და ბიზნესი. ზოგიერთი სპიკერისთვის ეს საკუთარ გზაზე დაკვირვებით, რთული მომენტებისა და ზოგჯერ მარცხის ხმამაღლა აღიარებით მიღებული პერსონალური გამოცდილება იყო.

პარალელურად, ვორქშოპების ოთახშიც არანაკლებ საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა. გიორგი გურგენიძე მონაწილეებს საინვესტიციო შესაძლებლობების ანბანს აცნობდა, ხოლო სოსო გომარელმა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება ასწავლა დამსწრეებს.

დატვირთული იყო ნეთვორქინგ ზონაც, სადაც განტვირთვის პარალელურად, ღონისძიების პარტნიორებმა გათამაშებები, სახალისო ქვიზები და სიურპრიზები მოაწყვეს Spotlight X-ის სტუმრებისთვის.

რა ხდებოდა მთავარ დარბაზში?

მთავარ დარბაზში სასაუბრო თემების მრავალფეროვნება კულინარიით დაიწყო და AI-კლონითა თუ ბლოკჩეინით გაგრძელდა. დღე საკმაოდ გემრიელად გაიხსნა – გავიგეთ, როგორ ცვლის გასტრონომიული ნიშის მიმართულება კონტენტ კრეატორებისა და მათი გამომწერების ცხოვრების სტილს. ანა კოშაძემ, ლაშა რამიშვილმა და ირაკლი ასათიანმა კვების ინდუსტრიისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პანელურ დისკუსიაზე კი ბლოკჩეინის სამყაროში ნიკოლოზ მუსერიძემ და ავთო კუჭავამ გვამოგზაურეს. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ამარტივებს კრიპტოვალუტასთან დამეგობრება ყოველდღიურ ტრანზაქციებს, რა შესაძლებლობებს უხსნის ის ბიზნესს და როგორია ამ მიმართულების გრძელვადიანი პერსპექტივა.

ღონისძიებაზე არც მუსიკაზე საუბარი გამოგვრჩენია, სადაც პანელურ დისკუსიას ტატო რუსიასთან ერთად, ჯაბა შავიშვილი გაუძღვა. მაღალი მოდის ინდუსტრიაში მოგზაურობის გასაზიარებლად, აუდიტორიის წინაშე ქეთი გაგოშიძე წარდგა, რომელმაც ლიზა ხურცილავას მოდერატორობით, საკუთარი ინსტაგრამ-გვერდიდან დაწყებული, „ვერსაჩესთან“ შეხვედრამდე განვლილი შთამბეჭდავი თავგადასავალი შეაჯამა. ტექნოლოგიურ ინოვაციებში კი ნამდვილი აღმოჩენა იყო ალექსანდრე ჯაფარიძის ამბავი. მან ბაქტერიების მოსასმენი აპარატურის გამოგონებით დიდი ცნობადობა და საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. ალექსანდრემ ფიზიკოსისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობითა და დეტალიზაციით გვიამბო, როგორ შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა მიკროფონი ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის.

კარიერული გზა, გამბედაობა და მენტალური ჯანმრთელობა

„სფოთლაითზე“, ტრადიციულად, პერსონალური ისტორიები და განვლილი კარიერული ეტაპებიც მოვისმინეთ. დარბაზში ხშირად გაიგონებდით სიტყვებს – „გაბედვა“ და „გამბედაობა“. მაგალითად, ნინო ფეიქრიშვილისთვის ეს თვისება საკუთარი სტარტაპის ჩამოყალიბების ბიძგად იქცა, ხოლო სალომე გოზალიშვილისთვის – ახალი კარიერული საფეხურის გასაღებად.

საკუთარი კარიერული გზა ყოველმა სპიკერმა სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაგვანახა. გიორგი ქვლივიძეს პროფესიამ, პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე, მომხმარებლებისთვის აუცილებელი ციფრული სერვისები შეაქმნევინა, გუნდთან ერთად, ხოლო დავით ღვედაშვილისა და მისი გუნდის ძალისხმევა – უკეთესი სერვისის შექმნისკენ სწრაფვა, მსოფლიო აღიარებამდე მივიდა. ამავდროულად, გიორგი ნატროშვილს გზა სპორტულმა ჟინმა და ინტერესმა გაუკვალა, გიორგი ვაშაკიძეს კი დასახული მიზნების მიღწევაში ტექნოლოგიები დაეხმარა, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების ურთიერთკავშირზე გიორგი ვაშაკიძე გვესაუბრა, ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ გაბედული ნაბიჯებით დაწყებული სტარტაპის დიდ მასშტაბებზე გასვლის ამბავი გაგვიზიარა.

საქმიანი ცხოვრების პარალელურად, ადამიანები საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად იშვიათად საუბრობენ. სწორედ საკუთარ თავთან გულწრფელობა გახდა ნიკა ჩილინდრიშვილისთვის იმ ციფრული პლატფორმის შექმნის საფუძველი, რომელმაც ფსიქოლოგიური სერვისები ადამიანებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა.

და მაინც, ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?

რასაკვირველია, Spotlight X-ს გვერდს ვერ აუვლიდა მთავარ თანამედროვე ტრენდს – ხელოვნური ინტელექტი. კითხვაზე „ჩაგვანაცვლებს თუ არა AI?“ საინტერესო პასუხები და ვერსიები მოვისმინეთ გიგი კურტანიძისგან.

გავეცანით იმასაც, თუ ვინ როგორ იყენებს AI ხელსაწყოებს – როგორც თავისუფალ დროს გასართობად, ისე საქმისთვის. მაგალითად, თამარა ქლიბაძემ და თეო ცერაძემ აღნიშნეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს იდეების სწრაფი გადარჩევისა და ბიზნესის დინამიკური განვითარებისთვის იყენებენ. ამავე მიდგომასა და იდეის „სწრაფად მოკვლაზე“ ისაუბრა ლუკა ქობალიამაც. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა გიორგი საბაძის გამოსვლა. მან ჯერ საკუთარი AI-კლონის შექმნით კომფორტის ზონაში შეგვიყვანა, შემდეგ კი ამ ზონიდან გამოსვლა გვაიძულა და ხელოვნური ინტელექტის რისკები და შესაძლებლობები სრულიად ახალი, განსხვავებული რაკურსით დაგვანახა.

საღამო ლაშა გელაშვილის ჯადოქრობით დასრულა. ილუზიონისტმა ამჯერად, ფოკუსთან ერთად, მისი ახსნაც გადაწყვიტა და ექსპერიმენტში აუდიტორიის თითოეული წევრი ჩართო.


ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel

Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Betsson

პლატინის სპონსორები: VisaTegeta

ოქროს სპონსორები: Smartsoftთეთრი კვადრატი

პარტნიორები: CoinmaniaAversiUpgamingSelf.HRJacobsSilknetBDO DigitalRedbullსაქართველოს უნივერსიტეტიSilk RewardsSignall.geNational GeographicRender GroupTon, biletebi.ge, METI Protein Bar

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

KFC მენიუს, ბრენდინგისა და რესტორნების მასშტაბურ განახლებას იწყებს