სულ მალე, „სფოთლაითი“ კიდევ ერთხელ გააერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს და მათ სასტუმრო „ტელეგრაფში“, 14 ივნისს უმასპინძლებს. ტრადიციულად, ეს იქნება დღე, რომელიც არ დაგავიწყდებათ, თავისი შთამაგონებელი ისტორიებთა და საინტერესო მიგნებებით. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელ Spotlight X-ზე ახალ სახეებთან ერთად, ნაცნობი სპიკერებიც შეგხვდებათ. მათ შორის გახლავთ თამარა ქლიბაძე Betsson-ის HR დირექტორი. სანამ მას „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით ბლიც-ინტერვიუდან უკეთ გავიცნოთ.
M: რისი გჯეროდა წარსულში და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ ადამიანები არ იცვლებიან. დღეს კი მჯერა, რომ ადამიანს აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, მთავარია, ეს მართლა მთელი გულით უნდოდეს.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ყველაზე ხშირად მესმოდა რჩევა იმის შესახებ, თუ „რას იფიქრებს ხალხი“. ისე უნდა მემოქმედა, რომ ეს ყოველთვის მხსომებოდა და გამეთვალისწინებინა. ყველაზე მცდარი რჩევა აღმოჩნდა, რადგან რეალურად ხალხი შენზე საერთოდ არ ფიქრობს, მხოლოდ ჭორაობენ და მერე ეგეც ავიწყდებათ.
M: გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა ფუნდამენტურად შეიცვალა. რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ცვლილება ჩემი პიროვნული და ლიდერული ტრანსფორმაციაა. გამოცდილება, რომელმაც ჩემი გზა სრულიად შეცვალა, საკუთარ თავთან შეხვედრა იყო – რეალურ „მესთან“, ბავშვობის დავიწყებულ ოცნებებთან და იმ ადამიანთან, როგორიც ვიყავი მანამ, სანამ ზრდასრულობის მოთხოვნები და ბიზნესგარემოში გადარჩენის სტანდარტები შემცვლიდა.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
წიგნი, რომელმაც ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და პრიორიტეტები სრულიად გადამალაგებინა, ამერიკაში მოგზაურობის დროს წავიკითხე. ეს არის მაქს ფრიშის „ჰომო ფაბერი“ – ნაწარმოები იმაზე, თუ ლოგიკასა და პრაქტიკულობაზე ორიენტირებულ სამყაროში რამდენად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ემოციები და საკუთარი თავის შეცნობა.
M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
დროს ნუ კარგავ, მხოლოდ საკუთარი ოცნებების მისაღწევად იბრძოლე.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
მხოლოდ და მხოლოდ დაკარგულ დროს.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების.
M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
„Just do it“ – ყველა კრიტიკულ მომენტში, როდესაც მეშინია და რამე მაბრკოლებს, ეს არის ფრაზა, რომელიც ძალას მაძლევს. უბრალოდ გააკეთე და ყველაფერი კარგად იქნება.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
ჩემ შესახებ უმეტესწილად ჰგონიათ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად გამომდის და არაფრის მეშინია. სინამდვილეში, ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო, და ხანდახან იმაზე მარტივი რამეების მეშინია, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. მაგალითად, უცხო ადამიანთან დარეკვა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომლისთვისაც ხშირად რამდენიმე დღე ვემზადები.
M: Spotlight-ზე აუდიტორიას რას გაუზიარებ?
გავუზიარებ გულწრფელ გამოცდილებას ორგანიზაციულ გარემოში ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვის სირთულეებისა და იმ ბენეფიტების შესახებ, რომლებიც ამ პროცესს ახლავს.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar












