სულ მალე, „სფოთლაითი“ კიდევ ერთხელ გააერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს და მათ სასტუმრო „ტელეგრაფში“, 14 ივნისს უმასპინძლებს. ტრადიციულად, ეს იქნება დღე, რომელიც არ დაგავიწყდებათ, თავისი შთამაგონებელი ისტორიებთა და საინტერესო მიგნებებით. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელ Spotlight X-ზე ბევრი ახალი სახე შეგხვდებათ. სპიკერებს შორის გახლავთ თეო ცერაძე. სანამ მას „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ.
M: რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
მჯეროდა, რომ სათანადო მონდომება და დაუღალავი შრომა ყოველთვის აუცილებლად გამოიღებდა შედეგს. დღეს ვიცი, რომ შრომა აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად, მაგრამ არა საკმარისი. საჭიროა სწორი მიმართულება და საკუთარი თავის მუდმივი განვითარება. შრომა ფუნდამენტური საფუძველია, მაგრამ ამ საფუძველზე სახლი თავად უნდა ააშენო.
M: ფრაზა ან წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
ორი ფრაზაა, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. პირველი: შეცდომა სწავლისა და გამოცდილების საუკეთესო წყაროა. და ეს არა იმიტომ, რომ „ასე ამბობენ“, არამედ იმიტომ, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები სწორედ შეცდომებიდან მოვიდა და არა წარმატებებიდან. წარმატება კმაყოფილების შეგრძნებას გაძლევს, შეცდომა კი გზრდის და გავითარებს. მეორე ფრაზა: გაჩერება რეგრესიაა. ტექნოლოგიებში ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. სამყარო ცვალებადია, გარემო – დინამიკური; თუ წინ არ მიდიხარ, ეს უკვე უკუსვლაა.
M: რას ეტყოდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს?
ვეტყოდი, რომ ის მიზნები, რომლებსაც დაისახავ, აუცილებლად განხორციელდება. ისიამოვნე პროცესით და ნაკლებად ინერვიულე, რადგან ენერგია და სიჯანსაღე შენი ყველაზე ღირებული რესურსია, ზედმეტი ემოციები, შიში და ეჭვი კი მხოლოდ შენს ენერგიას ჭამს და გფიტავს.
M: გაიხსენე მომენტი, როცა შენი პროფესიული გზა ფუნდამენტურად შეიცვალა…
მომენტი, როცა პირველად ჩამაბარეს გუნდი და მივხვდი, რომ ლიდერობა სრულიად სხვა უნარია და არა უბრალოდ კარგი სპეციალისტობა. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, მაგრამ ადამიანების განვითარება, მოტივაცია და ნდობის შენება – ეს ცალკე სკოლაა. ამ მომენტმა აბსოლუტურად სხვაგვარად ფიქრი მაიძულა.
M: ყველაზე ხშირად ვნანობ…
რომ უფრო ადრე არ დავიწყე საკუთარი თავის ნდობა. წლების წინ ხშირად ველოდი „ნებართვას“, ვალიდაციას, ვინმესგან დადასტურებას, რომ ჩემი იდეა მოსაწონია ან ჩემი გადაწყვეტილებაა სწორი. დღეს ვხვდები, რომ ეს ძალა ყოველთვის ჩემში იყო.
M: რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
„ნუ შეიცვლები, დარჩი ის, ვინც ხარ“. ეს ხშირად კარგი განზრახვით არის ხოლმე ნათქვამი, მაგრამ ვფიქრობ, მცდარია. ცვლილება არ ნიშნავს საკუთარი თავის ღალატს, ის ზრდას ნიშნავს. ამ მიდგომით მე პროგრესი უბრალოდ არ მექნებოდა.
M: რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ადამიანები. ყოველთვის ადამიანები. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს მაშინაც კი, როცა ჩემთვის სრულიად უცხო ფუნქცია-მოვალეობები დამაკისრეს. მათ სჯეროდათ ჩემი მაშინ, როცა მე ჯერ კიდევ ვეჭვობდი საკუთარ თავში. ეს ნდობა არ იყო უბრალო კომპლიმენტი, ეს იყო ჩემი ენერგიის წყარო, რაც მაძლევდა მოტივაციას, გამეკეთებინა კიდევ უფრო მეტი, სრული რესურსით, რადგან ვიცოდი, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვებს სჯეროდათ ჩემი.
M: რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
საკუთარი თავის რწმენა, სხვა არაფერი. გარეგანი ვალიდაცია მოდის და მიდის. პირობები იცვლება, გუნდი იცვლება, ბაზარი იცვლება. ერთი რამ, რაც მუდმივია, ეს საკუთარ თავთან კავშირია. თუ ეს კავშირი მყარია, დანარჩენი ყველაფერი ადვილად გადასალახი და მეორეხარისხოვანი ხდება.
M: ყველაზე მეტად მეშინია…
გამოვტოვო ის, რაც ნამდვილად ღირებულია. კარიერაში ყოველთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზანი, შემდეგი პროექტი, შემდეგი ეტაპი და ამ ფერხულში ადვილია გამოტოვო მომენტები, ადამიანები, ყოველდღიური პატარა დეტალები, რომლებიც სინამდვილეში ყველაფერია.
M: რა არ იციან ადამიანებმა შენ შესახებ?
ის, რომ ზუსტად ჩემნაირი ტყუპისცალი და მყავს. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში საოცრად სახალისო სიტუაციებს ქმნის, განსაკუთრებით სამსახურში, სადაც ახალი კოლეგები პირველ კვირებში ხშირად დაბნეულები არიან. ეს ერთ-ერთი ისეთი დეტალია, რომელიც ყოველთვის მხიარულ საუბრებს იწვევს.
M: Spotlight-ზე აუდიტორიას რაზე ესაუბრები?
გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ოღონდ არა „ხელოვნური ინტელექტი მშვენიერია“ ლექციის სახით, არამედ აბსოლუტურად გულწრფელად – სკეპტიციზმიდან დაწყებული, დღევანდელ რეალობამდე. იმიტომ, რომ ყველაზე სასარგებლო არა მზა „წარმატების ისტორიაა“, არამედ ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე მიდის – შეცდომებით, ეჭვებითა და ყველა იმ მომენტით, რომელიც ჩვეულებრივ სცენის მიღმა რჩება.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები:Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar












