
ბიძინა გამცემლიძე Spotlight 2016-ის ერთ-ერთი სპიკერია და ის წლევანდელ ღონისძიებაზე თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. ბიძინა 42 წლისაა, უკვე ნახევარი მსოფლიო აქვს შემოვლილი და ქართული მარკეტინგის განვითრებაში წვლილის შეტანა სურს. მოდით, გავიგოთ ბიძინას გამოცდილების შესახებ და შევიტყოთ, რა ინტერესის სფეროები და სამომავლო გეგმები აქვს მას.
M: მოგვიყევი, რას საქმიანობ?
ვმუშაობ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიაში“, რომელიც “GD ჰოლდინგში” ერთიანდება და საქართველოში ყველაზე მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას წარმოადგენს. ვმართავ ახალ და პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის წლიური ბრუნვა ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს. ჩემი ამოცანაა, ყველაფერი ავაწყო პერპერტუუმ მობილესავით, თანამედროვე სისტემებითა და ბიზნეს ადმინისტრირების საერთაშორისო სტანდარტით. ასევე, ვარ მსხვილი სპორტული მაღაზიების ქსელის თანადამფუძნებელი საქართველოში.
M: სად სწავლობდი და რა პროფესიის ხარ?
ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს დავამთავრე მერსერის უნივერსიტეტი მარკეტინგის განხრით. გახლავართ მასობრივი მოხმარების პროდუქტების გაყიდვისა და მარკეტინგის სპეციალისტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, თუმცა, ჩემს პროფესიას “ბიზნეს განვითარების სპეციალისტს” დავარქმევდი.
M: როგორ დაიწყო შენი კარიერა?
აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ, 1996 წელს, ტრანსპორტის დაზღვევის აგენტად დავიწყე მუშაობა „ალდაგში“. ეს უფრო ავტოდაზღვევის სტარტაპ პროექტი იყო, ვიდრე სრულფასოვანი სამსახური, თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებული.
M: რა პოზიციებზე გიმუშავია და რომელ ქვეყნებში?
1997 წელს დავიწყე მუშაობა კონსულტანტად კერძო ბრიტანულ კომპანიაში Rotman International და მას შემდეგ 16 წელი მსხვილ საერთაშორისო თამბაქოს კომპანიებში ვმუშაობდი სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. ვიყავი ცენტრალური აზიის ქვეყნების “ფილიპ მორისის” დირექტორი. საქართველოში 2014 წელს ჩამოვედი და ბოლო 2 წელი „GD ალკოს“ დირექტორის პოზიცია მეკავა. მაქვს სამუშაო გამოცდილება შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა, ყაზახეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, მონღოლეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა.
M: რას თვლი შენს ყველაზე დიდ მიღწევად ცხოვრებაში?
ამდენი ხანს მომთაბარედ ცხოვრების მიუხედვად, მყავს ოჯახი და დავბრუნდი თბილისში.
M: რა არის შენი საყვარელი საქმიანობა?
ვაღიარებ, ძალიან ადრენალინდამოკიდებული ადამიანი ვარ. მიყვარს პარაშუტი, პარაპლანი, თხილამურები, მოტო სპორტი და კაიტბორდი. საქართველოში პირველმა დავიწყე ფრენა მთიდან პატარა პარაშუტით და კაიტ ბორდით ავითვისე ტბები, ზღვები და ოკეანეები. კაიტი არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ზაფხულში, ხოლო თხილამურები – ზამთარში. ვერ ველევი ციცაბო ფერდობებს და მთის განსაკუთრებით საშიშ, გაუკვალავ მარშრუტებს. ჩემი ჰობიდან გამოდინარე, ვცდილობ, ყველაფერი შევისწავლო რაც ეხება ქარს, თოვლსა და მეტეოროლოგიას.
M: რატომ გადაწყვიტეთ Spotlight-ში მონაწილეობის მიღება?
მხარს ვუჭერ ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს მარკეტინგზე ზრუნვა და მინდა, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო. რაც უფრო მეტი გამოცდილი სპეციალისტი გვეყოლება, მით უფრო მალე მიხვდება ქართული ბიზნესი, რომ გაყიდვები და მარკეტინგი ბიზნესის მთავარი მამოძრავებელია, რომლითაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვება შეიძლება და რომ ამაში ფულის დაბანდება ყველაზე მომგებიანია.
M: გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები.
ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ 45 წლამდე დავასრულო ჩემი ბოლო სამუშაო პროექტი, სრული დატვირთვით მუშაობიდან ოჯახზე გადავერთო და რაც მთავარია, მეტი დრო გავატარო ბუნებაში, ბეტონის შენობებიდან რაც შეიძლება შორს.