ღონისძიება Spotlight მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის. როგორც ცნობილი გახდა, წელს იგი განახლებული ფორმატით გაიმართება, ეს გამოიხატება წლევანდელი „სფოთლაითისა“ და თიბისი ბანკის პროექტ „სტარტაპერის” მეგობრობაშიც. 5 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება მთლიანად მეწარმეებსა და სტარტაპერებს დაეთმობა. წლევანდელ „სფოთლაითზე“ 450 დამსწრეს 26 სპიკერი გაუზიარებს საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას, ასევე, ღონისძიებას ექნება პრაქტიკულ-სემინარული ხასიათიც. ![]()
აღსანიშნავია, რომ ახალბედა ბიზნესების წახალისება, მათთვის იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობის მიცემა, მათი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თავის მხრივ კი, ბიზნეს სექტორის წინსვლა მთლიანი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. საინტერესოა, რა როლს თამაშობს „სფოთლაითი“ და მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკისა თუ სხვადასხვა პროფესიული სფეროების განვითარებაში? – შევეცადეთ, წარმოგვეჩინა რამდენიმე მხარის პოზიცია და გთავაზობთ „სფოთლაითის“ შემქმნელის – აკო ახალაიას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის – ნიკა ქურდიანისა და ეკონომიკის დოქტორის – ნიკოლოზ აბუაშვილის კომენტარებს:
რა მნიშვნელობა აქვს Spotlight-ის ჩატარებას საქართველოსთვის?

ნიკოლოზ აბუაშვილი – GIPA-ს მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი: ჩემი გადმოსახედიდან, ეს პროექტი საინტერესოა რამდენიმე კუთხით: პირველი, ხდება ადგილობრივი ექსპერტების ცნობადობის ზრდა, ანუ საზოგადოება უკეთ იცნობს მათ და მათ კომპეტენციას. მეორე, ამ ექსპერტების მიერ ხდება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის და ბოლოს, ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ღონისძიებებით იქმნებიან „ჩვენი გმირები“, რომლებიც დამწყები მეწარმეებისა და ახალგაზრდებისათვის არიან სამაგალითო, რომლებიც მათ უჩენენ თვითდაჯერებას, რომ ეს შესაძლებელია საქართველოშიც. დამეთანხმებით, საქართველოში რეალიზებული მეწარმეული სულისკვეთების ნაკლებობაა. ბილ გეითსზე, ელონ მასკსა და ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადამიანებზე საუბარი არცთუ ისე აღაგზნებს ახალგაზრდებისა თუ მეწარმეობის მსურველთა გულებს. საჭიროა წარმატების მაგალითები, რომლებიც ხელის გაწვდენის მანძილზეა და შეგიძლია უჩქმიტო და დარწმუნდე – ამგვარი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ხეირად მე სწორედ ამას დავასახელებდი.
აკო ახალაია, Spotlight-ის დამფუძნებელი: მე მჯერა, რომ ნებისმიერ თემაზე, სფეროზე, ინდუსტრიაზე თუ არ საუბრობენ, ის არ ვითარდება. ამიტომ, ყოველთვის არსებობს ისეთი სივრცეების საჭიროება, სადაც კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები ინდუსტრიაში მიმდინარე ამბებს განიხილავენ, ერთმანეთს გაუზიარებენ, შეაჯამებენ და ა.შ. 2013 წელს, ჩვენ გვქონდა ზუსტად ეს გამოწვევა – რადგან თითქმის არავინ საუბრობდა ასე საჯაროდ და ღიად შემოქმედებით ინდუსტრიაზე – შეგვექმნა პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება – Spotlight. თუ 2013-ში, როდესაც ჩვენ ვიწყებდით Spotlight-ზე მუშაობას, ეს იყო ერთადერთი ღონისძიება, ჩვენს ინდუსტრიაში, დღეს უკვე სხვა ღონისძიებებიც შემოუერთდა სფეროს, რაც უფრო მეტი სივრცის შექმნას, დიალოგის საშუალებას აძლევს ადამიანებს და რეალურად, იწვევს ინდუსტრიის განვითარებას.

ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: Spotlight არის საქართველოში ყველაზე წარმატებული წამოწყება, რომელმაც წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ აქვს უნარი, მოიზიდოს როგორც ყველაზე საინტერესო სპიკერები, ისე ყველაზე მრავალფეროვანი და წარმატებული მსმენელები. თავის დროზე, ასევე, სტარტაპი ახლა ცდილობს, რომ სხვა სტარტაპებს შეუწყოს ხელი და ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო რამაა! ამიტომაც, დავმეგობრდით ამ პროექტის ფარგლებში. Spotlight-ს აქვს დიდი ყურადღების მოზიდვისა და ძლიერი განაცხადის გაკეთების უნარი. გვგონია, რომ წლევანდელი Spotlight კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის სტარტაპდისკუსიას ქვეყანაში.

ნიკოლოზ აბუაშვილი – ეკონომიკის დოქტორი: შედეგზე ორიენტირებული ნებისმიერი ქმედება სასარგებლოა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ნიჭი გაგვაჩნია ნათელი მიზნის არქმონე ღონისძიებების გაკეთების, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გამონაკლისები და საბედნიეროდ, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ბიზნეს ღონისძიებებს რამდენიმე ფუნქცია გააჩნიათ, მათ შორის, რამდენიმეს გამოვყოფდი: გამოწვევებისადმი ცნობადობის ზრდა, კომპეტენტური პირების ჩართვა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და წარმატებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ვფიქრობ, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდება და მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ნათელ შედეგზეა ორიენტირებული.
Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/spotlightge/videos/1408420432602779/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]












