ივნისის დასაწყისში Sprite-მა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელშიც Nas, Rakim, Latto და GloRilla მონაწილეობენ. ეს არის ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რგოლი, რომლის 15-წამიანი ვერსიაც Instagram-ზე, Twitter-სა და TikTok-ზე ტრიალებს. კონტენტ სტრატეგიის დიფერენცირებისთვის Sprite იყენებს Instagram Reels-ს, რათა გამოაჩინოს ის ცნობილი ადამიანები, რომლებთანაც მუშაობდა კამპანიაზე. TikTok-ზე კი Sprite-მა გამოაქვეყნა სლაიდშოუ, რომელმაც 2.3 მილიონზე მეტი ნახვასა და 23000 მოწონებას მიაღწია. რაც შეეხება Twitter-ს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრი ბიზნესი თავს იკავებს აქ სარეკლამო პოსტების განთავსებისგან, Sprite (და მშობელი კომპანია Coca-Cola) კვლავ ხედავენ ამ პლატფორმის ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიაში ბრენდის სამიზნე აუდიტორიას ზეტ თაობა და მილენიალები წარმოადგენენ.
„ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან და ვქმნით კონტენტს მათი ქცევის საფუძველზე. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ და ვხედავთ, თუ როგორ მოიხმარენ ჩვენი მომხმარებლები მედიას და სწორედ იქ გვინდა გამოვჩნდეთ, სადაც ისინი იმყოფებიან”, – განმარტა Sprite-ის შემოქმედებითი სტრატეგიის დირექტორმა.
იმისთვის, რომ მომხმარებელი თავის ვებსაიტზე გადაიყვანოს, Sprite იყენებს QR კოდებს. კოდის დასკანერებით მომხმარებელი ეცნობა სხვადასხვა მიმდინარე მოვლენას და ისეთ პროდუქტს, როგორებიცაა ცნობილი შემსრულებლების მიერ ხელმოწერილი პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპის იუბილეს სხვა ბრენდებიც აღნიშნავენ. მაგალითად, Google, პოდკასტის პლატფორმა Audacy და სხვები. ბრენდების აქტივობები ძირითადად ეხება ჰიპ-ჰოპის ისტორიის მიმოხილვას და იმ გავლენას, რომელიც მან ადამიანებზე მოახდინა დროთა განმავლობაში.