პარასკევს, 28 მარტს, 20:00 საათზე ზურა მჭედლიშვილის გამოფენის გახსნას CH64 Gallery უმასპინძლებს. უფრო ზუსტად, პირველ სოლო გამოფენას, რომლის იდეა რუტინული ცხოვრებისგან გაქცევის სურვილმა გააჩინა. ზურას ვთხოვეთ, თქვენთვის თავი გაეცნო და საკმაოდ პირდაპირი პასუხი მივიღეთ — ზურა მჭედლიშვილი არის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაზგური გრაფიკა). ამ ფრაზას კი ჩვენ ერთ საინტერესო დეტალს დავამატებთ: რომელიც საღებავებს ბუნებაში ეძებს და თავადვე ამზადებს ხელით… გვიზიარებს კიდეც საკუთარ ტექნიკას, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდით, ჯერ დეტალები გამოფენის შესახებ გავიგოთ:
M: ზურა, მოგვიყევით, როდის გაჩნდა გამოფენის შექმნის იდეა?
გამოფენის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა, ზუსტი დრო არ მახსოვს, მაგრამ ეს პერიოდი პიროვნულ კრიზისს დაემთხვა. მაშინ ვერ გადამეწყვიტა, რა მინდოდა. ის კი ვიცოდი, ჩვეულებრივად რუტინული ცხოვრება აღარ მსურდა. ეს ნაგროვები ემოციები, რომ არ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა, საბოლოოდ გარდაიქმნა სურვილად, დავბრუნებოდი ხელოვნებას, დავიწყე მუშაობა და რამდენიმე ნამუშევრის შექმნის შემდეგ, CH64 Gallery-ის დამფუძნებელი დამიკავშირდა. მოკლედ, ჩემს პირველ სოლო გამოფენაზე შევთანხმდით.
M: რას იხილავენ გამოფენაზე მოსული სტუმრები?
გამოფენაზე წარმოდგენილია 6 დიდი კომპოზიცია: 2 ტრიპტიქი, 1 დიპტიქი და 3 ერთიანი ტილო. საერთო ჯამში, 11 ფრაგმენტისგან შემდგარი ზეთში შესრულებული ფერწერა, რომელიც ერთ მთლიან სიუჟეტურ ქსოვილს ქმნის.
M: გვესაუბრეთ კონცეფციაზე… რატომ სახელი „სქიზმა“?
„სქიზმა“ განხეთქილება / გაყოფას ნიშნავს. ტერმინი რელიგიურ კონტექსტშიც გამოიყენება, მაგრამ ჩემთვის ის თანამედროვე სამყაროს რეალობას ასახავს. დღეს არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა გახლეჩილი — ფული, ძალაუფლება და ადამიანური ფასეულობები მკვეთრადაა დევალვირებული, თავად ადამიანებიც შინაგანად დაყოფილნი არიან. ვფიქრობ, ეს კონცეფცია ჩემს ფერწერაშიც ავსახე: ნამუშევრებში ბევრგან შეგხვდებათ ფუყე, ფშვნადი მატერიალები და მწვავე, სარკასტული პერსონაჟები, რომლებიც დეჰუმანიზაციის პროცესს განიცდიან.
M: ახლა კი საღებავებისკენ გადავინაცვლოთ, მოგვიყევით, როგორ გარდაქმნით ბუნებაში ნაპოვნ პიგმენტებს…
საღებავებს მეტწილად ხელით ვამზადებ, რადგან საღებავის ხარისხი და მდგრადობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც ქარხნული საღებავების ხარისხმა იმედგაცრუებული დამტოვა — გარკვეული დროის შემდეგ ფერები დეგრადირდა ან შეიცვალა.
ამიტომ, გადავწყვიტე, საფუძვლიანად შემესწავლა საღებავების ქიმიური და ფიზიკური თვისებები. გამოვიკვლიე სხვადასხვა არაორგანული თუ ორგანული პიგმენტი, მათი მდგრადობა, გამჭვირვალობა, გაუმჭვირვალობა და უამრავი სხვა დეტალი. როგორც იცით, პიგმენტების ნაწილი ბუნებაში გვხვდება და ჩვენითაც შეგვიძლია, ამოვიცნოთ.
ამგვარად, მეც ძებნა გარემოში დავიწყე და როდესაც პირველი პიგმენტი „აუგიტის პორფირი“ ვიპოვე, ამან უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე, ასე ვთქვათ, „მომწამლა“ — როცა დავფქვი ჩემი ხელით, შევაზავე ზეთით, დავიტანე ტილოზე და დროთა განმავლობაში ღვინოსავით გაუმჯობესდა, ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ინტერესი და საბოლოოდ გადამაწყვეტინა ჩემით მომემზადებინა მომავალშიც პიგმენტები.
უშუალოდ დამზადების პროცესი პიგმენტის დაფქვას მოითხოვს კურანტის (მულერის) გამოყენებით, რაც საღებავის ტექსტურასა და ფენის სისქეს განსაზღვრავს. ემატება მას ზეთი, რომელიც, ასევე, უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ცალკე სირთულეს წარმოადგენს, დროთა განმავლობაში უამრავ პრობლემას ქმნის, მაგალითად, ყვითლდება და არასასიამოვნო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, ამ ტექნოლოგიების ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს ხარისხს, გამძლეობას და უნარს, აცოცხლოს ნამუშევარი პირვანდელი სახით.
M: როგორია შემოქმედებითი პროცესი — როგორ იბადება იდეა და როგორ იქცევა ნამუშევრად?
ყველაფერი გონებაში იწყება — გამოსახულების და შინაარსის ერთობლივი აღქმით. თავდაპირველად ეს იდეა ქაღალდზე გადამაქვს სკეტჩის სახით (იშვიათად ვიწყებ უშუალოდ ტილოზე). შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცესის ფაზა: კომპოზიციის გამართვა, ფერების ძიება, დეტალების ამოწერა მანამ, სანამ ნამუშევარი სრულყოფილ სახეს მიიღებს.

M: დაბოლოს, თქვენი საყვარელი ნამუშევარიც გაგვაცანით, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი…
ჩემი საყვარელი ნამუშევარი ტრიპტიქია, სახელწოდებით Schism 1. ეს სამი ნაწილისგან შემდგარი კომპოზიცია კაცის ფიგურას ასახავს, რომელსაც ყველაფერი ნაგროვები პრაქტიკულად თავზე ენგრევა:


ზურა მჭედლიშვილის სოლო გამოფენა „სქიზმა“ CH64 Gallery-ში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 64ბ) 27 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ, იხილოთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი