უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.
500 Global-ის წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 12 სტარტაპი შეირჩა, რომელთაც დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი. მათი გადამზადება უკვე დაწყებულია და მათ შორის, ტრადიციულად, მოხვდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური სტარტაპები. ერთ-ერთი ასეთია Squares, ორი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც ყაზახეთსა და იტალიაშია განლაგებული და ონლაინ თანამშრომლობასაც სთავაზობს პარტნიორებს. კომპანია 2021 წელს დაარსდა ქასიმ ქაბილგალისა და დანილ მაცკევიჩის მიერ.
ჩვენ ქასიმს გავესაუბრეთ, რათა მისგან სტარტაპის შესახებ მეტი ინფორმაცია გაგვეგო და 500 Global-ის პროგრამაში მონაწილეობის მოლოდინებზეც გვეკითხა:
M: ქასიმ, მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ, რა ისტორია აქვს მის დაარსებას?
იმ დროს, 2021 წელს, ვმუშაობდი იტალიურ სტარტაპში, DayBreakHotels.com, ხოლო დანილი ყაზახეთში, მარკეტინგული სააგენტოს კრეატიულ დირექტორად მუშაობდა. საუბრებისა და გამოცდილებათა გაცვლის დროს შევამჩნიეთ გამოწვევები, რომლის წინაშეც იდგა დანილის სააგენტო. ეს იყო კლიენტებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა, შესაფერისი ფოტოსესიების დაგეგმვა და ლოკაციების პოვნა. ამ პრობლემით დაინტერესებულებმა, ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა, რათა შეგვექმნა Squares და მოვახდინოთ რევოლუცია სივრცის გაქირავების ინდუსტრიაში.
ამ 2 წლის განმავლობაში მომხმარებლებმა გააკეთეს 6000+ წარმატებული ჯავშანი Squares-ზე და ჩვენ გთავაზობთ 1300+ ადგილს 17 ქალაქში.
M: მოკლე დროში სტარტაპმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. რატომ მონაწილეობთ 500 Global-ის პროგრამაში, რით არის ის თქვენთვის ახალი გამოცდილება?
მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი მართლაც წარმატებული ნაბიჯებით მიიწევს წინ, ახალ შესაძლებლობებზე, ზრდის სტიმულირებაზე უარს არასოდეს ვამბობთ. 500 Global-ის რესურსები, ცოდნა და მენტორინგი, რომელსაც ის გვაძლევს, შეუფასებელია. პროგრამა გვთავაზობს წვდომას გამოცდილი მეწარმეების უზარმაზარ ქსელზე, ინდუსტრიის სპეციფიკურ შეხედულებებსა და ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის დახვეწის შესაძლებლობაზე.
ვფიქრობთ, რომ პროგრამას ჩვენი პლატფორმის გასაუმჯობესებლად, სტრატეგიების დახვეწისა და ღირებული კავშირების დამყარებისთვის გამოვიყენებთ სტარტაპ ეკოსისტემაში.
M: როგორ აპირებთ სტარტაპის განვითარებას პროგრამის დასრულების შემდეგ?
პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები Squares-თან დაკავშირებით. მიღებულ ცოდნას ჩვენი ქსელის გაფართოებისთვის, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ზრდის სტრატეგიების განსახორციელებლად გამოვიყენებთ. ჩვენ ასევე ვფართოვდებით ახალ ბაზრებზე, მათ შორის საქართველოში, რათა მივაღწიოთ მეტ მომხმარებელს.










