in ,

ამერიკული ონლაინ პლატფორმის რეკლამა თბილისში გადაიღეს

„ყველაფერი, რომ გაყიდო ყველაფერი!“ – ამ გზავნილით, სარეკლამო სამყაროში Squarespace-ის ვიდეორგოლი გამოჩნდა. Squarespace ნიუ-იორკში მდებარე კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციისთვის ვებგვერდის აწყობის პლატფორმას სთავაზობს. ვიდეორგოლში Metro Production-ის ხელწერასა და თბილისურ არქიტექტურას ადვილად ამოიცნობთ. დაახლოებით, ორი წუთის განმავლობაში კი, ეცდებით თვალის დაუხამხამებლად უყუროთ, რათა დინამიკური სიუჟეტიდან არაფერი გამოგრჩეთ.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა?

მაია გურაბანიძე, Metro Production-ის ფროდაქშენის ხელმძღვანელი / თანადამფუძნებელი: „მეტრო ფროდაქშენი“ უკვე წლებია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფროდაქშენის „რადიოაქტივფილმის“ წარმომადგენლობა – „რადიოაქტივფილმ საქართველო“ ვართ. ერთობლივად განხორციელებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო პროექტი. აგვისტოს თვეში საქართველოში სერვის ფროდაქშენი გავუწიეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტს და გადავიღეთ ამერიკული კომპანია „სქუეარსფეისის“ სარეკლამო რგოლი. რეჟისორი გახლდათ იან პონს ჯუელი (Jan Pons Jewell). მასთან ერთად, პირველად გადაღებები საქართველოშიდ ორი წლის წინ, პანდემიამდე გვქონდა. მაშინ, ბრილიანტების მწარმოებელი ასოციაციის სარეკლამო რგოლზე ვიმუშავეთ. ეს თანამშრომლობა რეჟისორთან წარმატებულად დაიწყო და დღემდე გრძელდება.

M: როგორ გადაწყდა ვიდეორგოლის საქართველოში გადაღება?

ზოგადად, ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში რგოლის გადაღების საკითხი რეჟისორის სურვილიდან მომდინარეობს ხოლმე. საქართველოც არ არის გამონაკლისი. აქ გადაღების იდეა, რა თქმა უნდა, რეჟისორისგან გაჩნდა. იან პონს ჯუელი დიდხანს ცდილობდა პროექტის საქართველოში ჩამოტანას, თუმცა პანდემიის აქტიურ ფაზაში ვერ ახერხებდა.

როგორც კი მისეული ხედვა დავალებად მივიღეთ და ერთ-ერთ ვერსიად თბილისის განხილვა დავიწყეთ, საკმაოდ დიდხანს და აქტიურად ვეძებდით ლოკაციებს – სატენდერო ფაზაში, დამკვეთს და რეჟისორს ყველა სცენის მიხედვით, ლოკაციების საკმაოდ დიდი არჩევანი შევთავაზეთ. შედეგად, რეჟისორს კლიენტთან საქართველოს საუკეთესო კუთხით პრეზენტირების შესაძლებლობა მიეცა. ასევე, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაზა საქართველოში პროექტის ჩამოსატანად იყო ქართული კასტინგი. როგორც უკვე გითხარით, ქართული სახე რეჟისორისთვის იმდენად საინტერესოა, რომ ის მუდმივად ატარებს კასტინგს საქართველოში და ქართული სახეები სხვა ქვეყნებში არსებულ პროექტებზეც მიჰყავს.

ბუნებრივია, გადაწყვეტის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდი, რომელიც აქ დახვდებოდა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში მიიღებდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, რეჟისორი უკვე კარგად გვიცნობდა და ჩვენი ერთგვარი ნდობაც ჰქონდა. დამკვეთისთვის, ჩემი აზრით, საქართველოს
მიმზიდველობა აქვს ტექნიკური მიმართულებითაც. ჩვენი ქვეყნის ბიუროკრატიულ ფაზებს ვგულისხმობ, პროცესების დაგეგეგმვა უფრო სწრაფ დინამიკაშია შესაძლებელი, გადაღებაზე უფლების მიღებაც დღეების მანძილზე ხდება მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ამას რამდენიმე კვირა ან შეიძლება თვეც კი დასჭირდეს. ერთი რამ, რაც ნამდვილად გვეამაყება ისაა, რომ ჩვენთან მუშაობით იან პონს ჯუელს საქართველო შევაყვარეთ.

M: „მეტრო ფროდაქშენისთვის“ რით იყო გამორჩეული ამ პროექტზე მუშაობა?

პირველ რიგში იან პონს ჯუელთან თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო რეკლამების რეჟისორია. საინტერესოს გარდა, ბედნიერებაა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც შეიძლება სარეკლამო ფროდაქშენში მოგეცეს. ასევე, არის უდიდესი გამოცდილება მთელი გუნდისთვის. მასთან ნებისმიერი სამუშაო პროცესი, ფაქტობრივად, მასტერკლასია. საინტერესოს გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მაშტაბის პროექტები, როგორც ჩვენი სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისათვის მსოფლიო ბაზარზე. დასამახსოვრებელი იყო მისებური აღქმა საქართველოსი, ქართველი ხალხის, მისი ინეტერესი და სამომავლო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ეტაპზეც ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის – პანდემიის პარალელურად, აღდგა საერთაშორისო პროექტები და ჩვენი ქვეყანა სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ძალიან პოპულარულია მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე. საქართველოში ასეთი წარმატებით განხორციელებული მაშტაბური პროექტები კიდევ ბევრ ამ სფეროს წარმომადგენლამდე მიიტანს ჩვენს სათქმელს. ჩვენც თავდაუზოგავად გავაგრძელებთ შრომას ახალი და საუკეთესო პროექტების ჩვენს ქვეყანაში განხორციელებისთვის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სასარგებლო რჩევები, ჰიბრიდული გუნდის სამართავად

ნახეთ: ღრუბლებისკენ მიმავალი ილუზორული სკულპტურა