21
Jun
2019

უკუკავშირის შეცდომა – ნაწილი II, სრულყოფილება

21 Jun 2019

კვლევებს თუ დავეყრდნობით, უკუკავშირი ყოველთვის სასარგებლოა, რადგან მისი მთავარი და ერთადერთი მიზანი ადამიანების საქმის უკეთ კეთებისკენ მომართვაა. და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს ამაში? – ამ კითხვაზე პასუხების გაცემას ერთი სტატია უკვე დავუთმეთ და გთავაზობთ მის გაგრძელებას – მეორე ნაწილს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სრულყოფილება
ჩვენი სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს სრულყოფილებისკენ ლტოლვაში ვატარებთ… მისი განსაზღვრა ადვილია. მთავარი სირთულე კი მისკენ ლტოლვის პროცესის სწორად წარმართვაშია. როგორ მივუახლოვდეთ სრულყოფილებას, ან როგორ შეძლებენ ამას ჩვენი გუნდის წევრები? რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, შეუძლებელია სიტყვა სრულყოფილების ზუსტი ახსნის მოფიქრება, რადგან ეს სიტყვა თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებულ რამეს აღნიშნავს, შესაბამისად, მასთან მიახლოება, თეორიულად, საკმაოდ მარტივია.

სრულყოფილება უჩვეულო, იდიოსინკროზული რამეა. თუ გინახავთ სტივ მარტინის კლიპები, შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ სრულყოფილება ნიშნავს, უკრავდეთ ბანჯოზე, არხევდეთ მუხლებს და გოდებდეთ: “I’m a wild and crazy guy!” ან NBA-ს თამაშების ყურებისას, შეიძლება ფიქრობდეთ: „ჰო, ისინი მაღლები, ათლეტური აღნაგობის ბიჭები არიან“, თუმცა, ყველა მოთამაშეს ერთი როლი როდი აქვს თამაშისას და თუნდაც, ასეც მოხდეს, თითოეული მათგანი ერთსა და იმავე როლს სხვადასხვაგვარად შეასრულებს.

თითოეული ადამიანის უნიკალური წარმოდგენა სრულყოფილების შესახებ მას ინდივიდის იდენტობის განმსაზღვრელ ფაქტორად აქცევს. ანუ, ის, თუ როგორ წარმოგიდგენიათ სრულყოფილი საკუთარი თავი მიანიშნებს იმაზე, რა პიროვნული რესურსი და მისწრაფებები გაქვთ. ხშირად, მას მარცხის ოპოზიტად წარმოაჩენენ, თუმცა, ეს ასე როდია. სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის მცდელობების ჯაჭვს მოიცავს, შესაბამისად, ინახავს ინფორმაციას თქვენი წარმატებისა თუ მარცხის შესახებ. ეს პროცესია, რომლის დროსაც ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია. ხშირად ჩაანაცვლებთ ერთ რამეს მეორეთი და პოულობთ იმას, რაც გაკლდათ. ხშირად ამ პროცესში თვითონ წარმოდგენა სრულყოფილებაზეც მოსალოდნელია, რომ შეიცვალოს, თუმცა ეს არ არის მთავარი.

სრულყოფილებასთან მიახლოების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არც ისე კარგი რამაა. საკუთარ თავთან დაკავშირებული დაკვირვებები ზოგჯერ ქრონიკულ დაავადებას ემსგავსება, ბევრს ფიქრობთ და მართლაც, ასე შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამ ისწავლოთ დაავადებებზე, მათ შორის ძალიან ძვირფასი რამის – ჯანმრთელობის კუთხითაც. და ამის რამდენიმე მაგალითი: დეპრესიის აღმოფხვრა, მასთან სრულფასოვნად გამკლავება არ მიგიყვანთ ახლოს სიამოვნებასთან. განქორწინების საფრთხე იწყება ბედნიერი ქორწინების შემდეგ. ინტერვიუები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ტოვებენ სამსახურს, არაფერს გეტყვით იმის შესახებ, თუ რატომ რჩებიან სხვა თანამშრომლები თქვენს კომპანიაში. თუ თქვენ იწვნიეთ მარცხი, თქვენ ისწავლით ბევრ რამეს მარცხის შესახებ, თუმცა, არაფერს სრულყოფილების მიღწევის გზებზე.

მარცხსა და სრულყოფილებას, ხშირად, ბევრი საერთო აქვთ და შესაძლოა გეჩვენოთ, რომ ძალიან ლოგიკურიც. ასე მაგალითად, თუ თქვენი დაკვირვების ობიექტები ცუდი ლიდერები არიან და თქვენ აღმოაჩენთ, რომ მათ დიდი ეგო აქვთ, შეგიძლიათ ლოგიკურად დაასკვნათ – მათ ოპოზიტებს – კარგ ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ დიდი ეგო. შედეგად, თუ კი ურჩევთ ვინმეს – იმისათვის, რომ გახდეს კარგი ლიდერი, საჭიროა, შეასუსტოს მისი ეგო, ეს სრულიად არასწორი რჩევა იქნება. რატომ? თუ მეორე მხრივ, გადაწყვეტთ მაღალეფექტურ ლიდერებზე დაკვირვებას, აღმოაჩენთ, რომ მათაც ძალიან ძლიერი ეგო აქვთ. სხვა მაგალითიც გვაქვს – თუ თქვენ აკვირდებით დაბალშემოსავლიან გაყიდვების სპეციალისტებს და აღმოაჩენთ, რომ ისინი მომხმარებლის უარს საკუთარი პიროვნების უარყოფად იღებენ და მისცემთ რჩევას მაღალშემოსავლიან გაყიდვების სპეციალისტს, არ გააკეთოს იგივე, ეს იქნება აზრსმოკლებული რჩევა, რადგან ნებისმიერი საუკეთესო გაყიდვების სპეციალისტი ნებისმიერ უარს პიროვნულად იღებს და ეს მათი თვისებაა.

თუ აღმოაჩენთ, რომ ეფექტური ლიდერები დებენ საკუთარ ეგოს სხვებთან დაკავშირებულ სერვისებში, ხოლო გაყიდვების სპეციალისტები იღებენ უარს პიროვნულ უარყოფად, ეს იმიტომაა, რომ ისინი საკუთარ საქმეში საკუთარ თავს დებენ. აღსანიშნავია, რომ იმავეს ვერ აღმოვაჩენთ არაეფექტური პერფორმანსის ავტორებში.

სრულყოფილება იდიოსინკროზულია და მისი სწავლა არ შეიძლება მარცხის შესწავლით. ჩვენ ვერასდროს დავეხმარებით ადამიანს, გახდეს წარმატებული, თუ მის პერფორმანსს სრულყოფილების წინასწარშემუშავებულ მოდელზე ავაგებთ და მივცემთ უკუკავშირს იმის მიხედვით, ჩამორჩება, თუ არა ამ მოდელს. ეს მიდგომა მხოლოდ იმაში დაეხმარება მას, რომ თქვენს თვალში ადეკვატური პერფორმანსი ჰქონდეს. აქაც რამდენიმე მაგალითი: ამა თუ იმ ესეიში მხოლოდ გრამატიკული შეცდომების აღმოჩენა და ავტორისთვის მითითება, შემდგომში და შედეგად, გრამატიკული შეცდომების არმქონე ტექსტის მიღება არ მოგცემთ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს მკითხველს. ან ახალი მასწავლებლის მიღება სკოლაში მაშინ, როცა მოსწავლეებმა დაკარგეს გაკვეთილების მიმართ ინტერესი. პრობლემის გადასაჭრელად უკვე გყავთ ახალი მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც, დარწმუნებული ხართ, რომ მოსწავლეებს არ დაეძინებათ, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო მეტს ისწავლიან, ვიდრე წინა მასწავლებლის დროს სწავლობდნენ.

როგორ დავეხმაროთ ადამიანებს სრულყოფილების მიღწევაში?
თუ ვაგრძელებთ ვხარჯოთ დრო იმაში, რომ გამოვავლინოთ მარცხი, როგორც მას ჩვენ ვხედავთ და მივცეთ ადამიანებს უკუკავშირი, ვურჩიოთ, როგორ უნდა აირიდონ ის თავიდან, ჩვენ ჩავეფლობით ადეკვატური ბიზნესის საქმეში. თუმცა, თუ გვინდა მივაღწიოთ სრულყოფილებას ბიზნესში, ახალი ტექნიკები დაგვჭირდება. რას ნიშნავს ახალი ტექნიკები?

ეძებეთ და აღნიშნეთ შედეგები
სრულყოფილება შედეგია. ასე რომ, მოინიშნეთ, როცა თქვენი პროდუქტის გაყიდვები უმჯობესდება, პროექტი კი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, ხოლო გაბრაზებული მომხმარებელი – მშვიდდება. ამის შემდეგ, მიბრუნდით ჯგუფის წევრთან, რომელსაც ამ შედეგის მიღწევაში წვლილი მიუძღვის და უთხარით „ეს, დიახ, ეს! შესანიშნავია!“. ამით თქვენ სამსახურებრივ რუტინას, ყოველდღიურობას დაარღვევთ და მიმართავთ მის ყურადღებას იქითკენ, რაც მან გააკეთა. აჩვენებთ მისი მუშაობის შედეგს. რაღაცას, რამაც მართლა იმუშავა.

აქ ლეგენდარულ ამბავს უნდა მოგიყვეთ დალასელი კოუბოების მწვრთნელზე – ტომ ლანდრიზე. იმ დროს, როცა სხვა გუნდების მწვრთნელები, გუნდის წევრებთან ერთად, შეცდომებს განიხილავდნენ, ტომმა თითოეული მოთამაშისთვის განვლილი თამაშების ცხრილი შეადგინა და ხაზი გაუსვა იმ მომენტებს, რომელთა დროსაც კონკრეტულმა მოთამაშემ მარტივად და შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. ლანდარის აზრით, არასწორი მომენტების განხილვა მოთამაშეს არ მისცემდა სწორ გზას, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ახალ დავალებას. წარსული, წარმატებული გამოცდილების გახსენება კი ამისთვის კარგი გამოსავალი იყო. მართლაც, ეს პრაქტიკაშიც დადასტურდა და ტომის მოწოდება თითოეული კოუბოისთვის „ჩვენ მხოლოდ ვიმეორებთ შენს საუკეთესო თამაშებს“ აღმოჩნდა წარმატების მომტანი. ეს არ იყო მხოლოდ შედეგის მისაღებად. გუნდის წევრები უკეთ გრძნობდნენ თავს, რადგან გრძნობდნენ საკუთარ ძალასა და მნიშვნელობას. ტომი არ იყო ამ ტაქტიკების ავტორი, არც ჰქონდა ინფორმაცია მათზე, თუმცა, მას ჰქონდა სწორი ინსტინქტი და ლოგიკა. მისმა ინსტინქტმა მას უთხრა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი შედეგის გაუმჯობესება მისი საკუთარი სრულყოფილების მომენტების გახსენებით შეეძლო.

თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება – დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს, გაიაზრონ, რას წარმოადგენს სრულყოფილება პირადად მათთვის.

გაიმეორეთ თქვენი ინსტინქტური რეაქციები
ლანდრისგან განსხვავებით, თქვენ ვერ აჩვენებთ თქვენს თანამშრომლებს მათი პერფორმანსის საუკეთესო მომენტების ვიდეოჩანაწერებს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გამოეხმაუროთ მათ კარგ შედეგს თქვენი რეაქციებით. აუცილებელი არ არის, პირდაპირ უთხრათ ვინმეს, თუ რამდენად მაგრად შეასრულა საქმე და რა მაგარი ვინმეა. შესაძლოა, ავტორიტეტი ხართ, თუმცა, ნუ მიითვისებთ მთავარი შემფასებლის ფუნქციას. თქვენ არ ხართ ობიექტური შეფასებისას, როგორც ნებისმიერი ადამიანი და თუ მიაჩვევთ თანამშრომელს, რომ სიტყვიერად უნდა გამოხატოთ ის, მოგწონთ, თუ არა მისი ნამუშევარი, დროთა განმავლობაში ის თქვენზე დამოკიდებულად იქცევა. არადა, აქვს უფლება საკუთარი შრომისთვის საკუთარი სრულყოფილების საზომი ჰქონდეს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ხანდახან აღწეროთ სუბიექტური, ემოციური რეაქცია, რაც ამ სრულყოფილების მომენტმა თქვენში აღძრა. არაფერია უფრო სარწმუნო, ვიდრე იმის ხაზგასმა, თუ რა გაგრძნობინათ კონკრეტულმა მომენტმა. მაგალითად, შეგიძლიათ, თქვათ – „ეს ისაა, რამაც ძალიან დამაფიქრა“. თუმცა, ეს თქვენი რეაქციებია და ეს უნდა იყოს თქვენი სიმართლეც.

წყარო: HBR



განხილვა