საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სს „ჰეშზე“ (ს/კ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა. ამასთან, სს „ჰეშს“ სხვადასხვა საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სს „ჰეშზე“ გაიცა კანონით გათვალისწინებული ე. წ. ციფრული ბანკის ლიცენზია, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებასა და მომხმარებელთა წვდომის ზრდაზე.
დღეს საბანკო სექტორში კლასიკური ბანკინგის აქტიურ კონკურენტად სწორედ სწრაფადმზარდი გაციფრულებული ფინანსური მომსახურება გვევლინება, ხოლო მომხმარებელთა სასარგებლოდ ამ კონკურენციაში ჩართვა სს „ჰეშ ბანკის“ დამფუძნებელთა ურყევი გადაწყვეტილებაა.
დასახული მიზნის მისაღწევად კი, სს „ჰეშ ბანკი“ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას; ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურ მორგებას და გლობალური ინოვაციური მიდგომების სწრაფად დანერგვას.
ციფრული ბანკი ბაზარზე „ჰეშ ბანკის“ სახელით იმუშავებს, მის ძირითად აუდიტორიად კი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პირები მოიაზრებიან. „ჰეშ ბანკი“ ფოკუსირებული იქნება საბანკო მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაზე, რისთვისაც თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ასევე, იზრუნებს ვიზა და მასტერქარდის საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე.
[R]