in

კემბრიჯის St John’s College-ის რებრენდინგი — Home of Big Ideas

მსგავსი ისტორიული ადგილის რებრენდინგი მარტივი ამბავი არ გეგონოთ… კოლეჯი 1511 წელს ჰენრი VII-ის დედა ლედი მარგარეტ ბოფორტმა დააარსა. დიდი ხანია აკადემიური წარმატების ცენტრია და მსოფლიოს უამრავი ნათელი გონებაც მიუზიდია. თუმცა საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნება და ახალი თაობის მოზიდვა ცოტათი უჭირდა, რადგან არსებული ვიზუალური იდენტობა და ვებგვერდი St John’s-ს სულაც არ წარმოაჩენდა ცნობისმოყვარეობის, ამბიციისა და პროგრესული აზროვნების ადგილად. 

BOG
BOG

ამის გამოსწორება კი SomeOne-ის სტუდიას დაევალა — ახალი სტრატეგიული და კრეატიული სისტემა უნდა ჩამოეყალიბებინათ, რომელიც კოლეჯის ლეგენდარულ წარსულსაც ასახავდა და ახალი თაობისთვისაც რელევანტური იქნებოდა — ძველი ნამუშევარი არ ესაუბრებოდა დღევანდელობის ცნობისმოყვარე, კრიტიკული აზროვნების მქონე სტუდენტებს. კოლეჯს ახალი საღებავის ფენა კი არა, ახალი პოზიციონირება სჭირდებოდა.

ეს ახალი პოზიციონირება კი საკმაოდ ზუსტი და თამამი იდეის ირგვლივ ტრიალებს — St John’s College დიდი იდეების სახლია. სივრცე, სადაც სეისმური აზრები სადილის დროს განიხილება, ლაბორატორიებში იტესტება და სემინარებზე ყალიბდება — კოლეჯის ბრენდს კი ეს ყველაფერი მკაფიოდ უნდა აესახა. 

ამიტომაც ეს საქმე SomeOne-მა კვლევით დაიწყო, კოლეჯის არქივებსაც ესტუმრა და სტუდენტებთან თუ პერსონალთან საუბარში ბევრი დრო გაატარა. არქიტექტურული დეტალებიც შეისწავლეს, ტიპოგრაფიული მითითებებიც და გვეუბნებიან, რომ საუკუნეების კოლეჯში თანამედროვეობაა ჩაქსოვილი — კოლეჯის მრავალი ნაწილი თანამედროვედ გამოიყურება, ღია და თბილია, რასაც არ ველოდით, მაგრამ ასე ზუსტად ის სულისკვეთება დავინახეთ, რომლის აღბეჭდვაც გვსურდა

სტუდიას ისტორიულ მასალებზე წვდომის პრივილეგიაც მისცეს, რომელიც არქივის მიღმა იშვიათად თუ უნახავს ვინმეს… ასე კი იმგვარი ვიზუალური ენის ჩამოყალიბება შეძლეს, რომელიც მემკვიდრეობას მიაგებდა პატივს და თამამად შეაბიჯებდა ახალ ეპოქაში. 

რაღა თქმა უნდა, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გერბის დახვეწა იყო. უამრავი დეტალი კი არ ამოიღეს, უბრალოდ თითოეულის დახვეწა გადაწყვიტეს ილუსტრატორებთან ერთად.

შრიფტად GT Ultra შეარჩიეს კალიგრაფიული და სტრუქტურული ფორმებით — სამყაროებს აერთიანებს: მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას, ტრადიციებსა და ინოვაციებს. ამას კი უკვე შავ-თეთრ პალიტრას უსადაგებენ. 

ამგვარად, იდეა იმისა, რომ პროგრესი ახლებურ აზროვნებას, ღია დებატებსა და საზღვრების რღვევის სურვილს ეფუძნება, დღესაც ისეთივე რელევანტურია, როგორც 1511 წელს იყო. SomeOne-ის ფრთხილი რებრენდინგით კი St John’s-ს უკვე თამამად შეუძლია ამ გზავნილის მსოფლიოსთან გაზიარება. 

TikTok-ის უახლესი ტრენდი: მარგალიტის საყურეების თეორია და მისი გავლენა რომანტიკულ ურთიერთობებზე

Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით