17
Jan
2020

კამერა მსაჯის ნაცვლად – ხელოვნური ინტელექტი სპორტის წესების დარღვევის დასაფიქსირებლად

17 Jan 2020

veon
veon


ამა თუ იმ სპორტში, მსაჯის საქმიანობა ხშირად დავის საგანი ხდება. ითვლება, რომ ეს სფერო ჯერ კიდევ მიკერძოებული მიმართულებაა. მაგალითად, ფეხბურთის მატჩისას, მსაჯს არ შეუძლია იყოს ყველგან, სადაც რაღაც ხდება და ესეც რომ არა, რიგი საკითხები შეიძლება მისი ყურადღების მიღმა დარჩეს.

სპორტში არის მკაცრად გაწერილი წესები და მათი დარღვევის დასაფიქსირებლად, შესაძლოა, ადამიანი სულაც არ იყოს საჭირო. სწორედ ამ აზრის კვალდაკვალ, ფრანგულმა კომპანია ST37-მა შექმნა ავტონომიური კამერა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. კამერა ნიშნავს თითოეული მოთამაშის სხეულს 15 ქულიანი სისტემით, რაც, მაგალითად, პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილებას უტყუარად აქცევს.

კამერების მსაჯობისთვის მათი კომპლექსური მოქმედებაა საჭირო. მაგალითად, ჩოგბურთის მსაჯობისთვის 5 ასეთი კამერის განთავსებაა საჭირო, 12-ის კალათბურთისთვის, ხოლო 20-ის ფეხბურთისთვის. თითოეული კამერა, რომელიც ამა თუ იმ სტადიონზეა განთავსებული, მოქმედებებს ავტონომიურად ადევნებს თვალს. ანუ, აღწერს თამაშს და ანიჭებს ქულებს მოთამაშეებს, ადამიანური ჩარევის გარეშე. კამერების სისტემა ერთმანეთთან კავშირდება და შეთანხმებულად მოქმედებს.

Wired-ის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ექსტრაორდინალური გაჯეტი, რომელიც მათ CES 2020-ზე შენიშნეს. თითოეული ასეთი კამერა 7280 დოლარი ღირს. ალგორითმს, ამ ეტაპზე, რამდენიმე სპორტის სახეობის მსაჯობა შეუძლია, მისი შესაძლებლობები კი ჯერ კიდევ იხვეწება და მოსალოდნელია, მალე სპორტის მეტი სახეობის დაფარვა შეძლოს.

როცა კონკრეტული სპორტის წესების დარღვევის დაფიქსირებას ეხება საქმე, თქვენ რომელი უფრო ეფექტური გგონიათ? მსაჯი, თუ მსაჯი კამერა?

განხილვა