Stable Video Diffusion-ის შესახებ სულ ახლახან გავიგეთ, ანუ ხელოვნური ინტელექტის მოდელზე, რომელიც ვიდეოებს არსებული სურათების ანიმაციებით ქმნის. თანაც ერთ-ერთია იმ მცირე ვიდეოს გენერირების მოდელებიდან, რომლებიც ღია კოდით ან კომერციულადაა ხელმისაწვდომი. თუმცა არა ყველასთვის…
AI მოდელი ახლა კვლევის ფაზაშია და მისი გამოყენება იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებიც მასში შესვლისას კონკრეტულ წესებს დათანხმდებიან. Stable Video Diffusion ორ მოდელს წარმოგვიდგენს — SVD და SVD-XT. პირველი თუ სურათებს 14-კადრიან 576×1024 ვიდეოდ გარდაქმნის, მეორე მსგავს არქიტექტურას იყენებს, ოღონდ უკვე 24 კადრს გვთავაზობს. ორივეს კი ვიდეოების გენერირება წამში 3-30 კადრამდე შეუძლია.
თუმცა ეს ვიდეოები ზუსტად საიდან გაჩნდა, მკაფიოდ არ ჩანს. ამიტომ, არ შეგვიძლია იმის თქმა, საქმე გვაქვს თუ არა საავტორო უფლებების რღვევასთან. ალბათ, დრო გვაჩვენებს, რამდენად მოუწევთ Stable Video Diffusion-ის მომხმარებლებს ეთიკურ საკითხებზე საუბარი…
მართალია, ჯერ განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი დახმარებით ობიექტების 360-გრადუსიანი ხედის შექმნაა შესაძლებელი. რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმებს, როგორც ჩანს, საბოლოო მიზანი კომერციალიზაციაა და ამაზე Stability პირდაპირ საუბრობს — „Stable Video Diffusion-ს აქვს პოტენციური აპლიკაციები რეკლამირებაში, განათლებაში, გართობასა და მის მიღმა“.
თუმცა აქ ინვესტორების საკითხია მნიშვნელოვანი. ამბობენ, რომ კომპანია ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. Forbes-ის მიხედვით კი, ხშირად დაუყოვნებია ან გადაუვადებია ხელფასები თუ სხვა გადასახადები… მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სტარტაპი 1 მილიარდ დოლარად შეფასდა, შემოსავლები მაინც დაბალი აქვს…