10
Oct
2019

თბილისში უძრავი ქონებისა და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ტარდება

10 Oct 2019

15-16 ოქტომბერს, თბილისში, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის ფორუმი ტარდება – „უძრავი ქონებისა და საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი“, წელს, პირველად იმართება. ღონისძიების თემაა მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საქართველოს უძრავი ქონების, ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებაა. თუმცა, ფორუმს სხვა დატვირთვაც აქვს:

ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკა ქარდავა

„უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორი ეკონომიკის საკმაოდ ძლიერი, დინამიური მიმართულებებია. ამასთან, დიდი გავლენა აქვს გარემოზე. დღეს ეკოლოგიური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. გლობალური ორგანიზაცია, Green Buiding Institute-is ბოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ყველა შენობა აბსოლუტურად ენერგოეფექტური უნდა იყოს. ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობენ მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის ჩვენც – საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, ევროკავშირთან მიღებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომ 2028 წლისთვის ახალი შენობები უნდა იყოს ნულოვანი ნახშირბადის შემცველი შენობები. ამ ფორუმით გვინდა, გავაჯანსაღოთ მშენებლობის, ტურიზმის ეკოსისტემა, რადგან ამ სექტორებს გარემოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამიტომ ჩამოგვყავს საერთაშორისო ექსპერტები, ურბანისტები, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ ხდება ტურიზმსა და მშენებლობაში გარემოზე ზრუნვა, რა ინსტრუმენტებს იყენებენ, რა დაფინანსების შესაძლებლობები არსებობს. სექტორისთვის ეს იქნება ძალიან ანგარიშგასაწევი ინფორმაცია და დაეხმარება ტურისტული თუ დეველოპერული კომპანიების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომ სამომავლო პროექტებში ეს ხედვები და მიდგომები გაითვალისწინონ“, – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკა ქარდავა.

ფორუმი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ტარდება. ღონისძიების მონაწილეები, პანელ დისკუსიების ფორმატში, განიხილავენ საკითხებს: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები, ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება.

ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი დაესწრება. ორგანიზატორების მიზანია, ისინი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს გაეცნონ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, თბილისში ჩამოდის ზაჰა ჰადიდის ბიუროს ასოცირებული დირექტორი კრის ლეპინი ​და მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ფორუმის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან Property Georgia და FIABCI Georgia. ღონისძიების მთავარი პარტნიორია „საქართველოს ბანკი”. BOG-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის:

„ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს, ღირსეულად იყოს წარმოდგენილი უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციის მსოფლიო რუკაზე. ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი, ქართული უძრავი ქონების ბაზარს და ტურიზმს გაეცნობა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე საქართველოსთვის – ღონისძიება მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. ფორუმის მიმართ დიდი ინტერესია, რაც ძალიან სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტ ინვესტორს, არსებულს თუ პოტენციურს, გავაცნოთ საქართველოს რეალური შესაძლებლობები“.

განხილვა