10
Sep
2019

საერთაშორისო სტარტაპი Stack საქართველოში Front-end დეველოპერებს ეძებს

10 Sep 2019

სთექი ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, 2000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან. ავსტრიისა და ჰოლანდიის შემდეგ, კომპანია საქართველოშიც ხსნის ოფისს და ეძებს უფროს Front-end დეველოპერებს, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ, ანაზღაურებით 5,200-დან 6,500 ლარამდე. მოთხოვნების, პირობების და სხვა დეტალების ნახვა, ასევე აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://getstack.app/join-us

 

Stack ხუთი მეგობრის, დაჩი გუბაძის, ზვიად სიჭინავას, დავით გავაშელის, გიორგი ლალიაშვილისა და ირაკლი ფხაკაძის კოლაბორაცით შეიქმნა. ის დღეს არსებულ, პოპულარულ ბრაუზერებთან (Chrome, Opera, Mozilla…) შედარებით, ბევრად მოქნილი და თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირებულია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად ჰქონდეთ წვდომა რამდენიმე აპლიკაციაზე.

2019 წლის დასაწყისში, სთექმა პირველი დაფინანსება მოიპოვა GITA-ს თანადაფინანსების გრანტის სახით, რასაც მოყვა დაინტერესება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალისგან – TechCrunch.  ჟურნალმა სთექი, 15,000 სტარტაპს შორის, წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად დაასახელა.

2019 წლის ივლისში, ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა 360Lab, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორში შედის, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შედეგად, 936 სტარტაპიდან 5 კომპანია შეარჩია, რომელთა შორის იყო Stack-იც. პროგრამაში გამარჯვება გულისხმობს 1 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციის მიღებას! 100,000 ევროს ინვესტირება, კომპანიაში მცირე წილის სანაცვლოდ, უკვე განხორციელდა, ხოლო 900,000 ევრო ჩაიდება სტარტაპის მიერ აქსელერაციის პროგრამის მეორე ფაზის განმავლობაში, შესაბამისი შედეგის მიღწევის შემდეგ.

 

აქსელერატორის პროგრამა სამი ფაზისგან შედგება:

ფაზა I – 4 თვიანი აქსელერაცია გრაცში, ავსტრია – აქსელერაციის ფარგლებში, მოხდება ბიზნეს მოდელის ვალიდაცია და პროდუქტის ბაზართან თავსებადობის, ე.წ. Product-Market Fit-ის უზრუნველყოფა.

ფაზა II – ვენჩურული საინვესტიციო რაუნდი – 360Lab-ი უზრუნველყოფს დემო დღის ჩატარებას პირველი ფაზის დასრულების შემდეგ და ორგანიზებას უწევს 4-თვიან რაუნდს, რომლის ფარგლებშიც, სთექის მიზანია 2.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მოძიება. აღნიშნული თანხიდან 900,000 ევროს ინვესტირებას განახორციელებს 360Lab.

ფაზა III – სწრაფი ზრდა სილიკონ ველიზე – რაუნდის წარმატებით დახურვის შემდეგ, 360Lab კომპანიისთვის გამოყოფს უფასო სამუშაო სივრცეს, საკუთარ ოფისში, კალიფორნიაში, სადაც 4 თვის განმავლობაში, მათი დახმარებით მოხდება კონცენტრაცია სწრაფ ზრდაზე.

თუ გსურს შეუერთდე სტარტაპის გუნდს, შეავსე აპლიკაცია – https://getstack.app/join-us

[R]

განხილვა