in ,

დღეიდან, შეგიძლიათ პირველი ქართული ბრაუზერი Windows-ზე, ქართულ ენაზეც დააყენოთ

დღეიდან, ქართული ბრაუზერის – Stack გამოყენება Windows-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებსაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეიდანვე, ქართველი მომხმარებელი სპეციალურად ქართულ ენაზე შექმნილი Stack-ით ისარგებლებს. აქამდე ბრაუზერი მხოლოდ MacOS-ზე იყო ხელმისაწვდომი და მსოფლიოს მასშტაბით, 30 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. მათი რიცხვი, მზარდია და დღეს ვაპირებთ Stack-ის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე კიდევ ერთხელ მოგიყვეთ.

რა უპირატესობა აქვს Stack-ს, სხვა ბრაუზერებთან შედარებით?
„Stack-ის მთავარი უპირატესობა, ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, მისი მოქნილობა და სისწრაფეა, რაც ყოველდღიურად ვებაპლიკაციებთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ნაცნობი ბრაუზერების დიზაინი 20 წელზე მეტის წინ, თითქმის ინტერნეტთან ერთად შეიქმნა, მარტივი მიზნით – სხვადსხვა ვებგვერდის საპოვნელად, შესასვლელად და იქიდან ინფორმაციის მოსაძიებლად, ანუ რასაც „ბრაუზინგს“ ვეძახით. მას შემდეგ ინტერნეტი შთამბეჭდავად განვითარდა და რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტის საშუალო თანამედროვე მომხმარებლებს შორის „ბრაუზინგს“ შედარებით ნაკლები დრო ეთმობა. მეტწილად კი, ინტერნეტს ყოველდღიურად სამუშაოდ, ინფორმაციის გასაცვლელად, სასაუბროდ თუ გასართობად ვიყენებთ და ამ ყველაფერს შესაბამისი ვებაპლიკაციების საშუალებით ვაკეთებთ. გაიხსენეთ თქვენი სოციალური ქსელები, ჩეთის ან ვიდეო კონფერენციის აპლიკაციები, ონლაინ საოფისე პროგრამები, ელ-ფოსტა და სხვა. ბოლო პერიოდში, სახლიდან მუშაობის ტენდენციის ზრდასთან ერთად ასეთი ყოველდღიური აპლიკაციების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. მათ გამოსაყენებლად კი ისევ ძველმოდურ ბრაუზერებს მივმართავთ, რომელიც 20 წელზე მეტია თითქმის არ შეცვლილა. მათი მუშაობის პრინციპი და დიზაინი კვლავ ბრაუზინგზეა მორგებული და არა ვებაპლიკაციებთან მუშაობაზე. გინახავთ ე.წ. ტაბებით გადაჭედილი თქვენი ბრაუზერი? შესაძლოა ახლაც ზუსტად ამას უყურებთ… სწორედ ამ პრობლემას წყვეტს Stack“, – ამბობენ კომპანიის გუნდის წევრები.

Stack-ის დახმარებით ყოველდღიურად საჭირო სამუშაო, სალაპარაკო და გასართობი აპლიკაციების ორგანიზებულად დახარისხება ე.წ. სთექებში, ანუ დასტებში მნიშვნელოვნად მარტივდება. ერთ დასტაში მოთავსებული აპლიკაციები ერთდროულად ჩნდება ეკრანზე და მათი ერთდროულად გამოყენება ტაბების მუდმივ ცვლას არ საჭიროებს. შესაძლბელია ერთი ისეთი დასტის ქონაც, სადაც თქვენი ყველა სოც-ქსელი ერთად მოიყრის თავს. მომხმარებელს შეუძლია ერთ დასტაში გააერთიანოს ვიდეო გაკვეთილი და ბლოკნოტი, რომელშიც საკვანძო საკითხებს ჩაინიშნავს, ან ცალკეულ დასტებში, სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო მასალები და აპლიკაციები მოაქციოს და ერთმანეთისგან გამოყოს. მათთვის, ვინც სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად იძიებს ინფორმაციას და ხშირად, ახალ გვერდს ხსნის დროებით, Stack-ს განსაკუთრებული “Ghost” ფანჯრები აქვს, რომელიც ერთი ღილაკით, ერთდროულად იხურება და ყურადღებაც ისევ ყველაზე საჭირო აპლიკაციებს უბრუნდება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუშაობისას Stack-ში ერთი აპლიკაციის მთელს ეკრანზე გაშლა, ყველა სხვა აპლიკაციიდან მოსული შეტყობინებების ერთი ღილაკით გათიშვა და კონცენტრაციის სრულად, მთავარ საქმეზე ფოკუსირება საკმაოდ მარტივია. Stack-ის ეს და სხვა ფუნქციები, რომელიც ინტერნეტთან მუშაობის პროდუქტიულობას ერთიორად ზრდის, მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ხედვების გაცვლის შედეგად არის შექმნილი. ასეთ მომხმარებლებს შორის არიან პროექტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც ორგანიზებული სამუშაო გარემო და ინტერნეტთან ეფექტური ურთიერთობა მნიშვნელოვანია“,- ამბობენ Stack-ის შემქმნელები.

Stack-ის გუნდს ქართული სტარტაპ ეკოსისტემისა და ინტერნეტის მოხმარების პროდუქტიულობის ზრდისთვის დიდი გეგმები აქვს, მანამდე კი მოკლედ გავიხსენოთ, რა გზა გაიარა სტარტაპმა მანამ, სანამ მათი ბრაუზერის გამოყენებას შევძლებდით.

Stack ქართული სტარტაპ კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია. პროდუქტზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და როგორც უკვე ვთქვით, ბრაუზერს დღეს უკვე, მსოფლიოს გარშემო, 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. მათი რაოდენობა დღითიდღე მზარდია. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელთა უკუკავშირმა Stack-ის მაღალი საჭიროება არაერთხელ ცხადყო, რამაც პლატფორმაზე მომუშავე გუნდის კომპანიად ფორმირების აუცილებლობა შექმნა.

განვითარების ახალ მასშტაბურ ეტაპამდე კი Stack-ის განვლილი წარმატებების სია შთამბეჭდავია. პროდუქტმა 12 საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციასა და კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა Stack ორჯერ შეარჩია 1500-დან 40 საუკეთესო სტარტაპს შორის. ასევე, ევროპის Startup Grind-სა და გლობალურ კონფერენციებზე ის TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ აგრეთვე მოიპოვა GITA-სა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტი და გაიარა აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორში.

დღეს მათ მიერ შექმნილი ბრაუზერის დაყენება Windows-ისა თუ MacOS-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებს შეგვიძლია. საქართველოში კი, როგორც Stack-ის სამშობლოში, მისი ქართულენოვანი ვერსიის გამოყენების პრივილეგია გვაქვს. და ბოლოს, Stack-ის გადმოწერა შემდეგი ბმულიდან შეგიძლიათ.

„ადაპტაცია“ – დავით ცინცაძის მუსიკალური პასუხი იზოლაციაზე

„ისინი გმირები არიან“ – Adidas მედპერსონალს მადლობას უხდის