25 დეკემბერს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი დაიძრა. მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი და ამ ეტაპზე, გამომცემლობების – „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ წიგნებს მოიცავს. აღნიშნული პროექტის შედეგად, მგზავრებს მატარებლით გადაადგილებისას საშუალება ექნებათ წიგნის კითხვით დაკავდნენ. ბიბლიოთეკა ორსართულიანი, სტადლერის ტიპის მატარებლის კიბეშია ინტეგრირებული. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ სულ მალე, ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა.
მგზავრების კომფორტზე ზრუნვა საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთი მხრივ წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის. ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი – ეს ის რკინიგზის სადგურებია სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაგურია.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeoRailway/videos/2297417873821149/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ, წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს. შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად გავაახლებთ, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით“, – აცხადებს ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სიესტამ“, გამომცემლობამ „შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმშიმ“ და ა.შ. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას.