28-30 ივლისს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის, ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები კი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
ღონისძიება მულტიფუნქციურ სივრცე „სთეიჯ-17“-ში გაიმართება. ახალი თაობის საკონცერტო სცენა ბედ ფორდ ფოლსის შესრულებით გაიხსნება! „სთეიჯ-17-ის“ შემქმნელები გვპირდებიან, რომ სცენა ბათუმის ყოველდღიურ რიტმს სრულიად ახალ სიხშირეს შესძენს და როგორც ქართველ, ასევე — საერთაშორისო სტუმრებს ცოცხალი წარმოდგენის დაუვიწყარ გამოცდილებებს მიუძღვნის.
სცენა ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს და სტუმრებს ყველანაირ ამინდში კომფორტულ გარემოს ჰპირდება: 3,000 ვიზიტორზე გათვლილი ნაგებობა დასაჯდომი და საცეკვაო სივრცეებისგან შედგება;
იმისათვის, რომ ყოველმა სტუმარმა თავი ცოცხალი შესრულების ეპიცენტრში იგრძნოს, „სთეიჯ-17-ის“ შემქმნელებმა ვენიუს არქიტექტურა ორიგინალურად გადაწყვიტეს — კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალით ააწყვეს, რითაც, კიდევ უფრო გაამძაფრეს სცენასთან სიახლოვის შეგრძნება;
კავკასიის რეგიონში უპრეცედენტოა „სთეიჯ-17-ის“ აკუსტიკა და ვიზუალური ეფექტებიც: „სთეიჯ-17-ისთვის“ ხმის ინჟინერიის და განათების საერთაშორისო გუნდი მუშაობს, რომლის წევრები, თავის მხრივ, თინა ტერნერის, ელტონ ჯონის, სტინგის, ჯენიფერ ლოპესის, შაკირას და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების შოუებზე იყვნენ დასაქმებული.
მაშ ასე, 28-30 ივლისის ჯაზფესტივალის სტუმრები ახალ სივრცეში მოუსმენენ მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს.
[პარტნიორის კონტენტი]