StageLove Affair მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, და 5 მაისს სწორედ მათი ორგანიზებით ჩატარდება Ceelo Green-ის კონცერტი პრაღაში, სადაც მასთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად ნინი ნუცუბიძეც წარდგება.
3 მარტს StageLove Affair-მა მსგავსი კონცერტი უკვე ჩაატარა თბილისში, თანაც ძალიან დიდი წარმატებით. აქ ხუთგზის გრემის მფლობელ Ceelo Green-თან ერთად ნინი ნუცუბიძე და ნიკალაც ვიხილეთ. „გვსურდა, ისეთი არტისტი შეგვერჩია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს და რომელიც ძალიან ბევრს შრომობს თავისი კარიერული წარმატებისთვის. საბოლოოდ, ნინიზე შევჯერდით, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსია თავისი შრომისუნარიანობით, გემოვნებით თუ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით და მთლიანობაში, მართლაც ფანტასტიკურად ჩაჯდა ამ საკონცერტო ლაინაფში“, — აღნიშნავს მარიამ სანოგო, StageLove Affair-ის მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება პრაღის პროექტს, ნინი და ნიკალა აქაც ავტომატურად მოიაზრებოდნენ, რადგან თბილისის ანალოგიური კონცერტი იმართება. ცხადია, ეს არა მხოლოდ უშუალოდ არტისტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია — როგორც მარიამი აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის კონცერტი საქართველოს და მისი მუსიკალური კულტურის ჩეხი მსმენელისთვის უკეთ გაცნობის საშუალებას იძლევა. „იმ მუსიკოსის კონცერტს ვაორგანიზებთ, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. თუმცა, ამავდროულად, გვსურს, ჩვენი ნაწილიც გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. მართალია, მსოფლიოში კარგად იცნობენ ჩვენი კულტურის გარკვეულ ნაწილებს, მაგრამ თანამედროვე ქართულ მუსიკას ნაკლებად“, — ამბობს მარიამი.
სტრატეგიული თვალსაზრისითაც, 5 მაისი ტურისტულად აქტიური პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩეხები, არამედ იქ მყოფი ტურისტებიც დაესწრებიან კონცერტს. შესაბამისად, პოპულარიზაციისთვისაც მეტი შესაძლებლობაა, როგორც ქართული ორიგინალური მუსიკის, ისე კონკრეტული არტისტებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ StageLove Affair-ის სპონსორი და მასთან ერთად პროექტის წარმდგენია პირველი ქართული ღვინის კომპანია „სარაჯიშვილი“, რომელიც მუდამ აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ახალგაზრდა შემსრულებლებს. აღნიშნული პროექტი ბრენდს ჩეხურ ბაზარზე ცნობადობის გაზრდისა და სწორად პოზიციონირების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. „ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაშიც ჩვენს გვერდით არიან და მხარდაჭერას გვიცხადებენ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული კომპანიაა, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოზიციონირებაში“, — განმარტავს მარიამი.
თბილისიდან პრაღაში, ქალაქის პრესტიჟულ საღონისძიებო სივრცეში მასშტაბური კონცერტის ჩატარება ქართული კომპანიისთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, თუმცა უკვე წარმატებულად ჩატარებული პროექტების შემდეგ გუნდი მზად არის, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე შექმნას ამჯერად საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
StageLove Affair-ს გუნდი უკვე 6 წელია ქართულ ბაზარზე საინტერესო პროექტებს ქმნის, მათ შორისაა კლუბი Monkey, რომელიც ქართველი და უცხოელი დეტროიტ და დისკო ჰაუს მუსიკის არტისტების ვენიუა. პრაღის შემდეგ იგეგმება ბევრი პროექტი, როგორც თბილისსა და ჩეხეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.