in

როგორ ქმნის „სტაგი“ ქართულ, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთ სასაჩუქრე შეფუთვებს

საჩუქრის გაცემა უფრო გაბედნიერებთ თუ მიღება? იქნებ, ორივე ერთად? საჩუქრის ემოცია დაუვიწყარია. ერთ შემთხვევაში, მოუთმენლად ველით გავიგოთ, რა დევს შთამბეჭდავი შეფუთვის მიღმა, მეორე მხრივ კი, როცა მას სხვისთვის ვამზადებთ, ერთი სული გვაქვს ვნახოთ, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ადრესატზე. თავის მხრივ, მოლოდინის სიხარულს შეფუთვაც აძლიერებს. რამდენჯერ შეგინახავთ ლამაზი სასაჩუქრე ყუთი, სხვა ნივთების ჩასაწყობად? ეს ამბავიც საჩუქრებზეა, უფრო ზუსტად კი, ხელნაკეთ სასაჩუქრე შეფუთვებზე, რომლებსაც უკვე 20 წელია ქმნის კომპანია „სტაგი“. სწორედ „სტაგის“ შეფუთვით მიიღეს საჩუქარი საქართველოდან ბარაკ ობამამ, რომის პაპმა და სხვებმა. კომპანიას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და დღემდე აკვირვებს მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთი სასაჩუქრე შეფუთვითა და სხვა გაფორმებებით.

„20 წლის წინ, როდესაც წარმოება დავიწყეთ, პროდუქტს ხელით ვქმნიდით. იმ დროისათვის, მსგავსი ყუთები საერთოდ არ მზადდებოდა საქართველოში. მართალია, ხელნაკეთი პროდუქტი შედარებით ძვირი ჯდებოდა, თუმცა დიდი კომპანიებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი შეთავაზება“, – გვიამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

M: როგორ შეიქმნა პროდუქტი და რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ მიმართულებით განვითარება?

შთაგონების წყარო ამერიკული ფილმებია. ყოველთვის მომწონდა ფილმებში საჩუქარს ლამაზი ყუთებით რომ ჩუქნიდნენ. მინდოდა, ეს ჩვეულება ჩვენს რეალობაშიც გადმომეტანა. მართალია, დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ კარგი ადამიანების ხელშეწყობით, ეს სურვილი მაინც განვახორციელეთ. ვიფიქრეთ, ვის შეიძლება დასჭირვებოდა ჩვენი პროდუქტი და მივხვდით, რომ ეს, პირველ რიგში, ბიზნეს კომპანიებს დააინტერესებდა კორპორატიული საჩუქრებისთვის.

თავად პროდუქტი ძალიან მრავალფეროვანია. მუყაოს ან ხის ყუთს შეიძლება გადაეკრას სხვადასხვა ფერის ტყავი, ხავერდი, ტილო, დაპრინტული ქაღალდი, დაიბრენდოს ლოგოთი და საბოლოოდ, გემოვნებიანი, პრემიუმ ხარისხის შეფუთვა მივიღოთ.

M: როგორ შეძელით ბაზარზე თავის დამკვიდრება იმ პირობებში, როდესაც ეს მიმართულება საწყის ეტაპზე იყო?

პირველი დიდი შეკვეთა „ბილაინისთვის“ გავაკეთეთ. მაშინ კომპანიის დირექტორი მიშიკო საჯაია იყო. ჩვენი საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს თანაგუნდელ მაიკო შენგელიას, ვისაც საკუთარი ხელით მიჰქონდა კონკრეტული კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებთან მათთვის საჩუქრად დამზადებული შესაბამისი ლოგოთი გაფორმებული სასაჩუქრე ყუთები. ასე მივიპყარით კომპანიების ყურადღება და დავიმსახურეთ მათი მოწონება, შემდეგ კი შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა. დიდი შრომისა და ამ ორი ადამიანის დამსახურებით ჩამოყალიბდა ეს პროდუქტი ისეთად, როგორიც დღეს არის. აღსანიშნია ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების, ჯაბა კინწურაშვილისა და ლიკა მაისურაძის წვლილიც, ყველამ ერთად მონდომებითა და გუნდური მუშაობით შევძელით ბაზარზე თავის დამკვიდრება.

შემდეგ, სასაჩუქრე ყუთებიდან მოსაწვევებზე გადავედით და არასტანდარტული საქორწილო მოსაწვევების შექმნა დავიწყეთ. მაგალითად, ბერას ქორწილის მოსაწვევი ჩვენი დამზადებულია. ჩვენ ვქმნიდით მოსაწვევებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: Lexus საქართველო, Ladurée Georgia, Anouki, Sokar Georgia, Aptos, Tbilisi Jazz Festival და სხვა დიდი კომპანიებისთვის. არასტანდარტული მოსაწვევები სხვადასხვა მასალის კომბინაციით კეთდება, როგორიცაა რკინა, მინა, ხე და ა.შ.

M: როგორც ვიცით, წიგნების რესტავრაციისა და აკინძვის მიმართულებითაც მუშაობთ. ეს რას გულისხმობს?

ხომ გქონიათ დაზიანებული წიგნი, რომელიც იშლება, ყდა ძვრება, ან ძველია, არადა, ძვირფასია და გინდათ კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ? ეს მომსახურება მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკას აქვს. თუმცა სამწუხაროდ, ისინი კერძო შეკვეთებს არ იღებენ. ჩვენ კი, გვყავს ერთი ქალბატონი, ელენე სიმონიანცი, ვინც 50 წელზე მეტია ჩვენთან მუშაობს და ამ რესტავრაციას აკეთებს. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია ბაზარზე. მთლიანად ხელით კეთდება. ამ სერვისის დახმარებით ძველი, ძვირფასი გამოცემების აღდგენაა შესაძლებელი, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია.

M: როგორ ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას „სტაგი“?

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გაგვიჩნდა კონკურენტები, რომლებმაც სასაჩუქრე ყუთების დამზადება დანადგარების საშუალებით დაიწყეს, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ჩვენს ნიშას. თანაც, უმეტესობისგან განსხვავებით, ქაღალდის გარდა, სხვა არაერთ მასალას ვიყენებთ ყუთის გასაფორმებლად. ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ დიდი კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, მცირე როდენობის შეკვეთებს არ იღებენ, შეგვიძლია მივიღოთ 1-ცალიანი შეკვეთაც კი.

M: როგორია „სტაგის“ სამომავლო გეგმები?

ვგეგმავთ ახალი პროდუქტების დამატებას, რომელსაც კვლავინდებურად ექნება ჩვენი გამორჩეული ხელწერა. ბევრს გვაქვს ალბომი „ჩემი პირველი მასწავლებელი“. „სტაგში“ შევქმენით ასეთი ალბომის სხვადასხვანაირი ნიმუში: არასტანდარტული, ფერადი, ხავერდის… ეს გახლავთ პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რომელიც სკოლისდროინდელ გამორჩეულ მომენტს შემოგინახავთ.

გვიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგაც, „სტაგის“ პროდუქტი და მომსახურება კვლავ აქტუალურია. დიდი ორგანიზაციები, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, ჩვენს შრომას აფასებენ და ყოველთვის, როდესაც გამორჩეულ შეფუთვაზე ან მოსაწვევებზე მიდგება საქმე, იციან, რომ ჩვენ უნდა მოგვმართონ.

[R]

CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს, ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ასაკოვნები არიან