in

რა სტრატეგია გამოგადგებათ, კარიერული სტაგნაციის დროს

ახალი სამსახურის დაწყება ერთდროულად ამაღელვებელი და დამღლელი პროცესია. თან ახალ საქმეს ეჭიდებით, ახალ ადამიანებს ხვდებით და უცნობ უნარებს ითვისებთ, თან დამღლელია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ტვინს ისე ტვირთავს, დღის ბოლოს მხოლოდ გამოძინებაზეღა ოცნებობთ. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი რუტინად იქცევა. უკვე ზეპირად იცით ის ძირითადი ამოცანები, რაც თქვენს სამუშაო დღეს განსაზღვრავს და პრობლემების უმეტესობასაც თვალდახუჭული აგვარებთ. სწორედ ამ დროს ხდება გარდატეხა – დაღლილობას მოწყენილობა ცვლის. საბოლოოდ, ჩვენს ტვინს ოქროს შუალედი სურს – გარემო იყოს პროგნოზირებადი, მაგრამ ახლდეს იმდენი სიახლე, რომ ყურადღების მოდუნება არ მოგინდეთ და მუდმივად სწავლის პროცესში იყოთ.

თუ გრძნობთ, რომ სამსახურში ერთ ადგილს ტკეპნით და განვითარება შეჩერდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა ისწავლოთ და როგორ. არსებობს სამი ნაბიჯი, რომელიც ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

დაგეგმეთ შემდეგი სვლა

დაფიქრებულხართ, სად გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ? თუ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაქვთ, სცადეთ, გაესაუბროთ უფრო გამოცდილ კოლეგებს და გაიგოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს თქვენი კარიერა. ზოგჯერ კარიერულ ქოუჩთან მუშაობაც კარგი იდეაა მიმართულების საპოვნელად. შემდეგ კი კრიტიკულად შეხედეთ თქვენს ამჟამინდელ უნარებს – რამდენად შეესაბამება ისინი თქვენს სამომავლო როლს? ფოკუსი უნდა გააკეთოთ არა მხოლოდ იმაზე, რაც გაკლიათ, არამედ არსებული უნარების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაზეც.

ამ გზაზე წიგნების კითხვა კარგი დასაწყისია, რადგან ის ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით, მაგრამ ნამდვილი კომპეტენცია აქტიური პრაქტიკით მოდის. ეძიეთ შესაძლებლობები, გაიარეთ კურსები ან გამოიყენეთ ისეთი ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პერსონალიზებულ უკუკავშირს გაძლევენ.

ცადეთ სიახლეები

შესაძლოა, ზუსტად არც იცოდეთ, რა გსურთ მომავალში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოთ. სწავლის პროცესი თავისთავად მაცოცხლებელი ენერგიის წყაროა. როცა ახალ თემას ეცნობით ან თუნდაც ახალ ჰობის იჩენთ, სამყაროს სხვანაირად აღიქვამთ.

ჩაყვინთეთ ღრმად ან შეცვალეთ მიმართულება

ხშირად ჩვენი პროფესიული განვითარება ზედაპირულია – ვკითხულობთ ერთ-ორ წიგნს ან ვესწრებით რამდენიმე სემინარს. ეს კარგია რუტინის გასარღვევად, მაგრამ ნამდვილი ტრანსფორმაციისთვის უფრო ღრმა ცოდნაა საჭირო. აქ სცენაზე გამოდის აკადემიური ხარისხი. უნივერსიტეტებმა უკვე გააცნობიერეს მაგისტრატურის როლი კარიერულ წინსვლაში და პროგრამებს ისე აწყობენ, რომ მუშაობის პარალელურად სწავლაც შესაძლებელი იყოს. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები ან AI, ეს პროგრამები ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

მაგისტრატურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამოაზრეების გარემოა. თქვენ ხვდებით ადამიანებს მსგავსი მიზნებით, რომლებიც ხშირად კარიერის იმავე ეტაპზე არიან. მათთან ურთიერთობა გეხმარებათ, საკუთარ კარიერას სხვანაირად შეხედოთ. შედეგად, პროგრამას არა მხოლოდ ახალი ინსტრუმენტების ნაკრებით, არამედ ახალი პერსპექტივით ასრულებთ, რომელიც თქვენი კარიერის მომდევნო ათწლეულს განსაზღვრავს.

წყარო: Fastcompany

შენ ქმნი სისტემას – Front/End დეველოპერი

Meta, TikTok და YouTube სასამართლოს წინაშე: მათ მოზარდების ფსიქიკაზე გავლენის გამო უჩივიან