26
Nov
2018

“სთოლის” ინვენტარი ქუჩის მარკეტებისთვის

26 Nov 2018

Startauperi
Startauperi


საქართველოს ქალაქებში სულ უფრო ხშირად იმართება ქუჩის მარკეტები. ამ სფეროს განვითარებამ კი ბაზრის შესაბამისი ინვენტარით მომარაგების საჭიროება გააჩინა. სწორედ ამ ნიშის დაკავება გადაწყვიტა ქართულმა კომპანიამ “STALL” და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარისა და მომსახურების შეთავაზება დაიწყო მეწარმეებისთვის. დეტალებზე, “სთოლის” თანადამფუძნებელს, დეა ავალიანს ვესაუბრეთ.

M: სახელდობრ, რას საქმიანობს თქვენი კომპანია?

“სთოლის” იდეაა ხელი შეუწყოს ქუჩის მარკეტები განვითარებას. ვენ მზად ვართ, მოგაწოდოთ ნებისმიერი სახის მომსახურება თუ ატრიბუტიკა, რაც მარკეტის, ფესტივალის, ბაზრობის ან თუნდაც, ისეთი ღონისძიების მოწყობას ესაჭიროება, ჯერ სახელიც რომ არ გვსმენია. ჩვენ გვაქვს გამორჩეული არტისტებისა და მეწარმეების ყველაზე დიდი ბაზა, რომელიც მუდმივად ღიაა ახალი წევრების მისაღებად. პროექტი მიზნად ისახავს, არსებული ბაზისა და ინვენტარის მეშვეობით, დანერგოს და განავითაროს ქუჩის ბაზრების კულტურა. “სთოლ” დახლს ნიშნავს და ცხადია, დახლებიც გვაქვს, ჯიხურებიც და კიდევ უამრავი რამ, რისი ქირაობაც შეგიძლიათ.

M: რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც STALL დააარსეთ?

ქალაქების უმეტესობას აქვს თავისი დამახასიათებელი ქუჩის მარკეტების სტილი, რაც არ ჰქონდა თბილისს. მეწარმეების მთავარი მოთხოვნაა პერმანენტული სავაჭრო სივრცე, რაც ახალი საინტერესო მეწარმეების გამოჩენასა და არსებულების განვითარებას ასტიმულირებს. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, იმართება მარკეტების სერია “თბილისური ბაზარი” – Tbilisi Street Market, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. მეორე მხრივ, ქალაქისთვის ესაა ტურისტების ახალი საყვარელი სივრცე, რადგან ყველა ტურისტ სურს რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, ისეთის, რაც თავის ქვეყანაში არაა და უნიკალურია, ასეთი კი სწორედ დამწყები მეწამეების პროდუქტებია.

“სთოლის” ინვენტარით შევქმენით, ასე ვთქვათ, “თბილისური ინვენტარი”, რომელთა იერსახე და დიზაინი შეესაბამება განვითარებული ქალაქის სტანდარტებს. დღესდღეობით, მარკეტების დიდი ნაწილი უკვე ჩვენი ინვენტარით იმართება და ნელ-ნელა ერთ სტილს იძენს. გარდა დიდი ღონისძიებებისა, “სთოლი” იდეალური პლატფორმაა დამწყები ფესტივალებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ მცირე თემატური მარკეტების გაკეთება.

M: როგორ ფიქრობთ, რით ხართ კონკურენტუნარიანი?

ჩვენი ძირითადი ძლიერი მხარე არის მეწარმეების ბაზა და ინვენტარი, რომელიც კონსტრუქციიდან გამომდინარე მარტივად ტრანსპორტირებადია და უხდება ყველა ადგილს.

M: ყველაზე მეტად, რა გიყვართ ამ საქმეში?

“სთოლი” ერთგვარ კომუნად ჩამოყალიბდა. ყველა მეწარმე ცდილობს განავითაროს ბიზნესი ისე, როგორც შეუძლია, ზოგი მუსიკაზე ზრუნავს და ქუჩის მარკეტებზე დინამიკები მოაქვს, არტისტები პოსტერებზე ზრუნავენ, ზოგიც ფოტოებს იღებს მარკეტისთვის და ა.შ.

M: სტარტაპის სამომავლო გეგმები…

პლატფორმა ეტაპობრივად განავითარებს ტურისტულსავაჭრო სივრცეებს თბილისის სხვადასხვა გამზირებზე, სკვერებსა თუ მოედნებზე. ვიზიტორებს შესთავაზებს გამორჩეულ ლოკალურ პროდუქციას და სასიამოვნო გარემოს.

განხილვა