ბრიტანულმა National Geographic Traveller -მა [National Geographic-ის გამოცემა მოგზაურობაზე] Big Sleep Awards 2019-ის გამარჯვებულები დაასახელა. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, სადაც 16 სხვადასხვა კატეგორიაში, მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებს ასახელებენ. ფასდება ყველა დეტალი – მომსახურების ხარისხიდან დაწყებული, ეკოლოგიისადმი მიდგომით დამთავრებული. წელს, კატეგორია Hangout-ის გამარჯვებული სასტუმრო „სტამბა“ (თბილისი) გახდა.

„ახლოს რომ ცხოვრობდეთ, სულ აქ [სასტუმრო სტამბაში] იქნებოდით.ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად აჩვენებდით თქვენს მეგობრებს, ეს არის ადგილი, სადაც დიდებული კოქტეილებია, DJ კი საუკეთესო მელოდიებს „მიქსავს“. ძველი საბჭოთა საგამომცემლო სახლი, თითქოს, 21-ე საუკუნეში გადაისროლეს, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. დიზაინში დიდი ადგილი უჭირავს: წიგნების თაროებს იატაკიდან ჭერამდე, კოქტეილის მინი-ბარებს და ამ ყველაფერთან, გაბედულად არის შეზავებული ბეტონის ფილები, როგორც დეკორის ნაწილი. „სტამბაში“ არაჩვეულებრივი ატმოსფეროა: არის ამფითეატრი კონცერტებისთვის, ფოტოგრაფიის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი ფოტო – ხელოვანების ნამუშევრები, აქვეა ძალიან სიმპათიური Pink Bar, ყავახანა და კაფე Stamba, სადაც, ადგილობრივებთან ერთად, ყველიანი ხაჭაპურისთვის თქვენ რიგში დგომაც მოგიწევთ“, – წერს National Geographic.
რაც შეეხება დანარჩენი 15 კატეგორიის გამარჯვებულებს:
City slicker: Raffles Europejski Warsaw
Lord of the manor: Heckfield Place, Hampshire
Wellness wonder: The Retreat at Blue Lagoon, Iceland
Design den: Morpheus, Macau
Breath of fresh air: Shipwreck Lodge, Namibia
Clean & green: Shinta Mani Wild, Cambodia
Game-changer: The Annex, Toronto
Castaway: Islas Secas, Panama
Gourmet getaway: Bless Hotel, Madrid
Grand redesigns: Hôtel Lutetia, Paris
Boutique break: The Fife Arms, Braemar
Love shack: Can Bordoy Grand House & Garden, Palma de Mallorca
On the money: Alila Bangsar, Kuala Lumpur
Snow queen: Experimental Chalet, Verbier
Comeback kid: Paramount House Hotel, Sydney
„სასტუმროები ახალ სიმაღლეებს იპყრობენ მომსახურების, დიზაინისა და ინოვაციების მიმართულებით. Big Sleep Awards ცდილობს, ყოველწლიურად წარმოაჩინოს საუკეთესოები ამ ბიზნესში“, – ამბობს National Geographic Traveller-ის რედაქტორი პეტ რიდელი.
Big Sleep Awards 2019-ის სრული შედეგების ნახვა National Geographic Traveller (UK)-ის 2019 წლის სექტემბრის ნომერში იქნება შესაძლებელი. თუმცა, მანამდე, National Geographic-ის მკითხველისთვის, უკვე ხელმისაწვდომია გამარჯვებული სასტუმროების მიმოხილვა.













