ჯერ ერთ ვიდეოს გაჩვენებთ, შემდეგ კი ამბის თხრობას გავაგრძელებთ. ეს ვიდეო გენერაციული AI-ს მიერაა შექმნილი და მის უკან ქართველი გუნდი დგას, რომელიც ბლოგების ვიდეოდ გარდაქმნაზე მუშაობს. დაგვეთანხმებით, არ არის მარტივი, ჯერ დაწერო ბლოგი, შემდეგ კი ის გადააქციო ვიდეოდ, რომელიც საინტერესო და ყურებადი იქნება. ეს ორი სხვადასხვა საქმეა, რომელიც კრეატივს, შრომასა და დიდ დროს მოითხოვს.
საბედნიეროდ, არსებობს ხელოვნური ინტელექტი და არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკვე საქართველოშიც გვთავაზობენ ისეთ ციფრულ ხელსაწყოებს, როგორებიც მსოფლიო ბაზარზე ყოველდღე სულ უფრო აქტუალური ხდება. ასეთი სტარტაპია Stamo.AI – ქართველი ახალგაზრდების გუნდით დაკომპლექტებული, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პროექტზე მუშაობით შეიკრა. ერთმანეთი ტექღონისძიებებსა და პროექტებში გაიცნეს და საერთო იდეამდე მივიდნენ. ახლა ისინი ბლოგერებს Text-To-Video ვებაპლიკაციას სთავაზობენ. აპლიკაცია ბლოგპოსტებსა და სტატიებს მოკლემეტრაჟიან, ინტერაქციულ ვიდეოებად გარდაქმნის და მისი განთავსება შესაძლებელია ისეთ პოპულარულ არხებში, როგორებიცაა: Youtube Shorts, Instagram Reels და Tik Tok.
სალომე მუხიგულაშვილი, Stamo.AI-ს თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი:
„Stamo.AI-ს გუნდის წევრები ხშირად ვკითხულობთ ბლოგებს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ამ სფეროში კარიერული განვითარების შესახებ. დაკვირვების შედეგად მივხვდით, რომ ბლოგები, რომლებიც შეიცავდა ვიზუალურ მასალას, მეტად იპყრობდა ჩვენს ყურადღებას. ასევე, აღმოვაჩინეთ პრობლემა, რომ ბლოგების უმეტესობა გამოქვეყნებიდან 6 თვეში უქმდება, რადგან ადამიანების 73% უბრალოდ თვალს გადაავლებს ხოლმე მათ, შესაბამისად, მცირდება აუდიტორიის ჩართულობა. კვლევამ აჩვენა, რომ ბლოგზე ვიდეოკონტენტის დამატება ზრდის ხალხის ინტერესს. თუმცა ვიდეოკონტენტის შექმნა მოითხოვს დიდ კონცენტრაციას, დროსა და ენერგიას. სწორედ ამიტომ შევქმენით ვებაპლიკაცია Stamo.AI, რომელიც აგენერირებს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ვიდეოებს შაბლონების გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ბლოგერს ეძლევა საშუალება, დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე მიიღოს თავის ბლოგზე სრულად მორგებული ვიდეო.
მსგავსი Text-to-Video გენერატორები უცხოურ ბაზარზე არსებობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი არსებობის აუცილებლობას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Stamo.AI უშუალოდ ბლოგერებისთვის არის გათვლილი და ზუსტად ერგება მათ მოთხოვნებს”.
დამფუძნებლები გვიყვებიან, რომ სახელი Stamo ორი სიტყვის კომბინაციით შეიქმნა, static to motion, რაც გულისხმობს სტატიკური ბლოგის გარდაქმნას მოძრავ ფორმატში. AI კი ხაზს უსვამს, რომ პლატფორმა ვიდეოებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აკეთებს. სტარტაპერები დასაწყისიდანვე საერთაშორისო ბაზარს უმიზნებენ, კერძოდ, აქცენტი აშშ-ზე აქვთ, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალური ბლოგერების უმეტესობა აშშ-ს მოქალაქეა და ამჟამად იქ 32 მილიონი ფრილანსერი ბლოგერი ცხოვრობს.
ამ ხელსაწყოს მოხმარების სხვა მახასიათებლებზე კი მეორე დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე კოპალიანმაც გვიამბო:
„Stamo.AI-ს ვებაპლიკაცია მარტივად სანავიგაციო და გამოსაყენებელია. ბლოგერს მხოლოდ ტექსტის მონიშვნა სჭირდება და ის რამდენიმე წუთში მიიღებს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ვიდეოს, რომელსაც მარტივად განათავსებს სოციალური ქსელის პლატფორმებზე.
მომხმარებლებს ვთავაზობთ, ჯერ 7-დღიანი უფასო ვერსია ცადონ და დატესტონ პროდუქტი. შემდეგ კი Premium ან Premium+ პაკეტი შეიძინონ და ისარგებლონ ულიმიტო გენერაციითა და სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მზარდ და ფართომასშტაბიან ბაზარზე ჩვენც განვავითაროთ ეს მიმართულება და საშუალება მივცეთ ქართულ სტარტაპს გახდეს ცნობილი და გამოყენებადი ამერიკის ბაზარზე. ასევე, ქართული AI სტარტაპების ეკოსისტემა გავამრავალფეროვნოთ ისეთი ახალი მიმართულებით, როგორიცაა Text-to-Video გენერაცია”.
ხელსაწყოს შექმნაზე გუნდმა ბევრი იმუშავა და სამომავლოდაც აპირებს მის განვითარებას. უახლოეს გეგმებშია ბლოგის პირდაპირ ბმულით გენერაცია, ტექსტის მონიშვნის გარეშე და, ასევე, არა მხოლოდ ტექსტიდან, არამედ ფოტოებიდან ვიდეოს გენერირებაც.
„გარდა ამისა, ვაპირებთ ისეთი API-ს ან მოდულების შექმნას, რომლებიც სხვა პლატფორმებსა და სერვისებში ინტეგრირებას გაამარტივებს და შესაძლებლობას მისცემს Stamo-ს მომხმარებელს, შექმნას და პირდაპირ სასურველ სოციალურ ქსელს მიაბას საკუთარი პორტფოლიო”, – სალომე მუხიგულაშვილი.
Stamo.AI ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს გაეშვება და მისი დატესტვა ყველას შეეძლება. სიახლეებისთვის შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ სოც. ქსელებსა და ვებსაიტს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი