2019 წლის მაისიდან ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროთი დაინტერესებული პირები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ, კომპანია „სტარაკადემი“ ახალ მიმართულებაზე იწყებს მუშაობას: მომხმარებელს ამერიკასა და ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ, სასერტიფიკაციო, სადიპლომო კურსებს და სამაგისტრო – საბაკალავრო პროგრამებს შესთავაზებს. აპლიკანტები, ასევე, შეძლებენ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება ამერიკის პრესტიჟულ სასტუმროებში.
„სტარაკადემის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მასპინძლობის დარგში ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობენ შვეიცარიაში, დიდი ბრიტანეთში, ამერიკაში, საბერძნეთში, ესპანეთში და ა.შ. მათივე თქმით, პროგრამის ფასები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.
„როგორც ცნობილია, მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით მსოფლიოში შვეიცარია ლიდერობს, თუმცა, გამოირჩევა მაღალი ფასებით. ამიტომ, მოვიძიეთ ისეთი მობილური ინსტიტუტები, რომლებიც საშუალებას მისცემენ მსურველებს, მიიღონ იგივე ცოდნა და გამოცდილება შვეიცარიელი პროფესიონალი მენტორებისგან, შედარებით დაბალ ფასად“, – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლალი ჯოხაძე.
მისივე თქმით, ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდში, მონაწილეები გაივლიან მცირე მოსამზადებელ კურსს და შემდეგ დასაქმდებიან ამერიკის პრესტიჟულ სასტუმროებში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე. მსურველები აქტიურ ვაკანსიებზე ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მიიღებენ.
„კომპანია „სტარაკადემი“ უკვე ორი წელია, ამ ბაზარზე მოღვაწეობს. საქართველოში არსებული კომპანიებიდან ერთადერთია, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილ CIEE-თან (საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი საბჭო), INTRAX-თან (საერთაშორისო ტრენინგები და გაცვლითი კულტურული პროგრამები) და AAG-თან (საერთაშორისო ალიანსის ჯგუფი) თანამშრომლობს. ახორციელებს ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა: „Work and travel in the USA”. ამ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები მიემგზავრებიან ამერიკაში და 3 თვის განმავლობაში მუშაობენ, მეოთხე თვეს კი – მოგზაურობენ. ასევე, კომპანია მსურველებს სთავაზობს, TESOL სასერტიფიკაციო კურსს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ ინგლისური ენა არაინგლისურად მოსაუბრე ქვეყნებში. კომპანია თანამშრომლობს ენის ცენტრებთან და საზაფხულო სკოლებთან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, დაინტერესებულთათვის კი არჩევს მათზე მორგებულ კურსს.”
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სწორედ მათი გუნდის შრომის შედეგად, ამ ორი წლის განმავლობაში 160-მდე სტუდენტმა აიღო ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა და აისრულა თავისი ამერიკული ოცნება.
„მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც წელს მეორედ მონაწილეობენ Work and Travel-ის გაცვლით პროგრამაში. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მიუახლოვდეს თავის ოცნებას, ამისათვის ვამატებთ ჩვენს მომსახურებას უამრავ პროექტს, რომელიც შეიძლება, მათთვის საინტერესო იყოს“, – ამბობს ლალი ჯოხაძე.
„სტარაკადემის“ ტურიზმისა და მასპინძლობის დარგში საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრას, გაეცნონ პირობებს და დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამაზე. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ხანგრძლივობა იწყება 5 დღიდან. სტაჟირების ხანგრძლივობა კი განისაზღვრება 3-დან 12 თვემდე. კომპანია უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლას, საჭიროების შემთხვევაში – სავიზო პროცედურების მხარდაჭერას.
„ჩვენ გვსურს, ვკონცენტრირდეთ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორზე, რადგან ვთვლით და გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ძალიან მაღალია. ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ქვეყნის, მსოფლიოსთვის გაცნობაზე. მუშაობამ შედეგი გამოიღო და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. ამიტომ, საჭიროა ამ სექტორში პროფესიონალური მომსახურება და კვალიფიციური კადრები. „სტარაკადემი“ პირველი კომპანიაა, რომელიც შესთავაზებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ანაზღაურებად სტაჟირებას ტურიზმისა და მასპინძლობის დარგში დასაქმებულებსა და სტუდენტებს. ჩვენ ვეცადეთ, შეგვეკრიბა ისეთი ინსტიტუტები, სადაც ასწავლიან თავიანთი საქმის პროფესიონალები და რომელთა სერტიფიკატები იქნება აღიარებული ყველგან. ვფიქრობთ, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ან სწავლის შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებაა მათი ცოდნისა და პროფესიონალური უნარების განვითარებისათვის“, – ამბობს ლალი ჯოხაძე.
[R]