in

შეცდომა, როგორც მარკეტინგული ხრიკი — Starbucks და არასწორი სახელები

Starbucks-ში ყავის ჭიქებზე სახელების არასწორად დაწერის ტენდენცია ფართოდაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ბევრი მომხმარებელი ღიზიანდება, ზოგიც იცინის და ხალისობს… ნებისმიერ შემთხვევაში ბრენდის გათვლა მარკეტინგულ მიზნებს ემსახურება — თავად სტარბაქსის წარმომადგენლებს კი არ განუმარტავთ კონკრეტული ხედვა, მაგრამ ეს აშკარაა.

როდესაც მსგავსი ინციდენტი ხდება, ხშირად მომხმარებლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოებს, თუ როგორ შეცდომით წერია მათი სახელები. ერთი მხრივ, სტარბაქსის თანამშრომლები პირდაპირ მომხმარებლებს აცინებენ; მეორე მხრივ კი, ვირუსულ კონტენტს უდებენ სათავეს. თან აუცილებელი არაა, მაინცდამაინც დადებითად განეწყოს „ორთოგრაფიული შეცდომის მსხვერპლი“ — ადამიანებს ხომ განსაკუთრებით იზიდავთ საჯარო კრიტიკა, ასე სხვების ჩართულობის მიღებაც და სოციალურ სივრცეში ყურადღების ცენტრში მოქცევა…

თავის მხრივ, ასეთი ფოტოების გავრცელება ბრენდს უფასო საჯარო რეკლამირებაში ეხმარება. მით უმეტეს, სახელის არასწორად დაწერა რაღაც გრანდიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს — თუნდაც ისეთს, როგორიცაა სასმელში თმის პოვნა. შესაბამისად, აგრესია ან რეპუტაციის გაფუჭება ნაკლებადაა მოსალოდნელი. „ადამიანური ცდომილება“ კი, რომელიც პირიქით ყურადღების მიქცევაში გვეხმარება, სასიამოვნოც კია. ამის გათვალისწინებით, მარკეტინგული რეაქცია ერთგვარ ჯაჭვურ ხასიათს იღებს — მეგობრებში ბევრს უჩნდება სურვილი, ცნობილ მწვანე ლოგოსთან ასოცირდებოდეს.

სიტკომების მოყვარულებს ერთი საკულტო ეპიზოდიც გაახსენდებათ How I Met Your Mother-დან, როდესაც კაფეში ბარისტა არასწორად წერს მთავარი პერსონაჟების სახელებს. სამეგობროში ეს მორიგი იუმორისტული ამბების საფუძვლად იქცევა — ცნობილ სატელევიზიო შოუსთან კავშირი კი მეტად ამძაფრებს სტარბაქსის „შეცდომების“ მიმზიდველობას.

ასე რომ, უკვე წლებია, ამ მარტივი ხრიკით სტარბაქსი უფასო რეკლამას იღებს სოციალურ მედიაში. ადამიანებს არაცნობიერად თუ ცნობიერად უჩნდებათ სურვილი, წავიდნენ და საკუთარი სახელების არასწორი ვარიაციებით გაერთონ, შემდეგ კი ფოტოებიც გადაიღონ.

შეიძლება, მარკეტინგულ გათვლად სანამ იქცეოდა, ამ შეცდომებს თავისი რეალური მიზეზიც ჰქონდა. მოგეხსენებათ, უცხოურ სახელებს ბევრნაირი მართლწერა აქვს და სწრაფი მომსახურების სივრცეში, სადაც უმეტესწილად ხმაურია, რთულია ამ საკითხზე ბევრი დროის დახარჯვა. გამოდის, Starbucks-მა თავიც დაიძვრინა მსგავსი სირთულის სამუშაოსგან და შემდეგ უკვე თავის ნიშადაც აქცია.

ტექნოლოგიები დროს გვართმევს თუ გვითავისუფლებს? — კვლევა

როგორ აფასებს Wolt სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას