7
May
2019

როგორ მოხვდა “სტარბაქსის” ჭიქა GOT-ის კადრში?

7 May 2019

[თუკი მე-8 სეზონი ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ, ამ პოსტის წაკითხვისგან თავი შეიკავოთ…]

მკვდრები საბოლოოდ დაიხოცნენ. ღამის მეფეს ბოლო მოეღო. ვინტერფელი თავისუფალია და გამარჯვებას ნადიმით აღნიშნავს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მოულოდნელად, სამეფო მაგიდაზე კადრში “სტარბაქსის” ჭიქას ვხედავთ… რა ხდება?!

სამეფო კარის თამაშების (GOT) მერვე სეზონის მეოთხე ეპიზოდში ყავის ჭიქის გამოჩენას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. გაჩნდა კითხვა, ეს შემთხვევითობა იყო თუ კარგად დაგეგმილი “ფროდაქთ ფლეისმენთი”? “სტარბაქსი” ამ ამბავს იუმორისტული მოკლე თვითით შეხვდა:

HBO-ს განცხადებით, ყავის ჭიქა კადრში შეცდომით აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, “სტარბაქსი” სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ბრენდად იქცა. “სამეფო კარის თამაშების” არტ დირექტორი, ჰაუკ რიხტერი საუბრობს, როგორ მოხვდა “სტარბაქსის” ყავა დენერის ტარგარიენის მაგიდაზე.

“გადაღებისას რაღაც დეტალები შეიძლება გამოგრჩეს”, – ამბობს არტ დირექტორი, – შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ “სამეფო კარის თამაშების” გადასაღებ მოედანზე ჯერ არ მომხდარა.”

ოფიციალურ განცხადებაში HBO-მ საკმაოდ უცნაურად ახსნა მომხდარი ლაფსუსი. “ლატეს კადრში გამოჩენა შეცდომა იყო. დენერისმა მცენარეული ჩაი შეუკვეთა” – ნათქვამია HBO-ს პრესრელიზში.

გიორგი ჯანელიძე, სცენარისტი: “მე არ შემიმჩნევია. რომ შემემჩნია, გამიკვირდებოდა, მაგრამ სერიალზე აზრს ვერ შემაცვლევინებდა და სადაც 7 სეზონი და კიდე 4 სერია ვნახე, ბოლო ორსაც აუცილებლად ვუყურებდი. ისე, ახალგაზრდა გოგომ დრაკონებზე რომ იმშობიარა, მაგაზე მეტად ყავის დანახვა არ გამაკვირვებდა, გინდათ სტარბაქსის და გინდათ – სუმბათასი.”

ირაკლი ვახტანგიშვილი, სცენარისტი: “ძნელია, დიღმიდან ჩაწვდე GOT-ის პროდიუსერის და “სტარბაქსის” მარკეტინგის ჩუმ ჩანაფიქრებს. ფაქტი ისაა, რომ სერიალს ამით არაფერი დაკლებია და “სტარბაქსმაც” მშვენიერი რეკლამა მიიღო. შეიძლება მართლა დარჩა ვინმეს მაგიდაზე და მერე მიაწერეს “სტარბაქსს.”

თუკი ნადიმის სცენის სიმბოლურ დატვირთვას მივაქცევთ ყურადღებას, სიტუაცია ასეთი იყო: გადარჩენილები ვინტერფელში გამარჯვებას აღნიშნავდნენ. თუმცა, მათ შორის იყო ადამიანი, ვინც თავს მაინც მარტოდ გრძნობდა – დენერის ტარგარიენი. თითქოს, დრაკონების დედას ესაჭიროებოდა რაღაც, რაც მის განწყობას აამაღლებდა. იქნებ, იმ დროს, როდესაც სხვები წყურვილს ღვინით იკლავდნენ, ქარიშხალშობილს მეტი კოფეინი სჭირდებოდა?

თუმცა, ასეა თუ ისე, ამ სიტუაციის ერთადერთი გამარჯვებული “სტარბაქსი” აღმოჩნდა. ბრენდმა ეს მოვლენა ახალ პროდუქტზე ყურადღების მისაპყრობად გამოიყენა. “სტარბაქსმა” დენერისის სახელზე ახალი დიზაინის ჭიქა გამოუშვა, რომლის ფოტოებიც “თვითერზე” გავრცელდა. ისე, წარმოიდგინეთ, როგორ ეძახის ბარისტა დენერისს: “დედოფალი დენერის ქარიშხალშობილი, ტარგარიანების სახლიდან, ანდალების, როინარებისა და პირველი ადამიანების დედოფალი, შვიდი სამეფოს ხელმწიფე და დამცველი, დრაკონის ქვის დედოფალი, მიერინის დედოფალი, დაუწველი, ჯაჭვების მწყვეტელი, დრაკონების დედა… თუ რაიმე გამოგვრჩა, თქვენ დაამატეთ…

UPDATE: HBO-მ კადრიდან ჭიქა წაშალა, რაც ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “სტარბაქსის” სერიალში მოხვედრა შეცდომა იყო… ან, იქნებ, მაინც კარგად დადგმული შეცდომა?

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა