in

Starbucks Korea-ს ახალი კამპანია სერიოზულ სკანდალში გაეხვა

Starbucks Korea, უბრალოდ, მრავალჯერადი გამოყენების თერმოსების გაყიდვას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კორპორაციულ სკანდალში გაეხვა. კომპანიის მარკეტინგული კამპანია, რომელიც Tank სერიის ჭურჭელს ეხებოდა, სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ისტორიულ თარიღს დაემთხვა, შედეგი კი საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, ბოიკოტი და კომპანიის CEO-ს თანამდებობიდან წასვლა გახდა.

სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა 18 მაისის აქცია სახელწოდებით „Tank Day“, რომლის ფარგლებშიც Starbucks Korea საკუთარ უჟანგავი ფოლადის თერმოსებს არეკლამებდა ფრაზით: „დადგი მაგიდაზე ხმაურით – Tak!’“. სწორედ ამან გამოიწვია კრიტიკა, რადგან 18 მაისი 1980 წლის გვანჯუს აჯანყების წლისთავს უკავშირდება მოვლენას, რომელმაც სამხრეთ კორეის დემოკრატიულ ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

აჯანყების დროს დიქტატორ Chun Doo-hwan-ის სამხედრო ძალებმა ტანკები, ჯარისკაცები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს დემოკრატიის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ან მათი გაუჩინარება მოჰყვა.

საზოგადოებრივი აღშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა სლოგანში გამოყენებულმა სიტყვამ „Tak!“. ბევრმა სამხრეთ კორეელმა ეს 1987 წელს სტუდენტი აქტივისტის, Park Jong-cheol-ის წამებით მკვლელობას დაუკავშირა. მაშინ ხელისუფლება ამტკიცებდა, თითქოს პარკი დაკითხვის დროს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა მაგიდას ხელი დაარტყა და „tak“ ხმა გაისმა. ეს განცხადება მოგვიანებით დიქტატურის ეპოქის სისასტიკისა და ხელისუფლების ტყუილების სიმბოლოდ იქცა.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა Starbucks Korea მწვავედ გააკრიტიკეს, კორეულ პლატფორმებზე კი ბოიკოტისკენ მოწოდებები გავრცელდა. ზოგი მომხმარებელი ვიდეოებსაც აქვეყნებდა, სადაც Starbucks-ის პროდუქციას ყრიდა ან კომპანიის ლოიალობის პროგრამაში წევრობას აუქმებდა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Lee Jae-myung კამპანია საჯაროდ დაგმო და მას „არაადამიანური და სამარცხვინო“ უწოდა. სამოქალაქო ჯგუფებმა და პარლამენტარებმაც გააკრიტიკეს Starbucks Korea იმის გამო, რომ კომპანიამ ისტორიულად მნიშვნელოვანი თარიღის ემოციური მნიშვნელობა ვერ გაითვალისწინა.

სამხრეთ კორეაში მოქმედი მსხვილი კომპანიებისგან საზოგადოება განსაკუთრებით ფრთხილ დამოკიდებულებას მოელის ისეთი თარიღების მიმართ, რომლებიც სამხედრო ძალადობასა და დემოკრატიულ მოძრაობებს უკავშირდება. ამ ამბის გამო Starbucks Korea-ს აღმასრულებელი Sohn Jeong-hyun გაათავისუფლეს. კომპანიის თავმჯდომარემ შიდა გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, მკაცრ დისციპლინურ რეაგირებას საჭიროებდა.

Starbucks Korea-მ კამპანია გააუქმა, ოფიციალური ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შიდა კონტროლის სისტემებს გააძლიერებდა. მოგვიანებით ბოდიში მოიხადა სათავო ოფისმაც სიეტლში და დაადასტურა, რომ კამპანიის შესახებ დამატებითი გამოძიება მიმდინარეობდა.

სკანდალმა ფინანსური ზარალიც გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, აქციები ვაჭრობის დაწყებისას თითქმის 6%-ით დაეცა.

ეს ისტორია მაგალითია იმისა, როგორი სიფრთხილით უნდა დაიგეგმოს ნებისმიერი კამპანია და რამხელა მნიშვნელობა აქვს ყოველ დეტალს, რომელიც ამ კამპანიას ახლავს.

დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს – აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები

დეველოპერული კომპანია „ორიგამი ჰოლდინგი“ Ambassadori Island Batumi-ზე 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს